Accessibility links

logo-print

ვალერი გელაშვილის ბედი 13 ივლისს გაირკვევა


4 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, ფაქტობრივად, დაასრულა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ვალერი გელაშვილის,

საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა. საბოლოო გადაწყვეტილებას მომხსენებელი მოსამართლე 13 ივლისს, 12 საათზე, გამოაცხადებს. მანამდე კი მსმენელს შევახსენებ, რომ ხაშურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი სასამართლოსგან პარლამენტის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომლის თანახმადაც ვალერი გელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. დადგენილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნასა და განათლების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას ჩვენებას, რომელთა მიხედვითაც ვალერი გელაშვილი, "პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონის“ დარღვევით, სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ბოლო სხდომა, რომელიც თითქმის სამი საათი გაგრძელდა, მთლიანად პროცესში მონაწილე მხარეებს დაუთმო. მომხსენებელმა მოსამართლემ ბესარიონ ზოიძემ, ვიდრე სათათბირო ოთახში თავის კოლეგებთან განმარტოვდებოდა, მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენლებს მიმართა:

[ბესარიონ ზოიძის ხმა] „სასამართლომ გამოწვლილვით შეისწავლა ყველა გარემოება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დღეს მოისმინოს დასკვნითი სიტყვები. კანონის თანახმად, პირველი სიტყვა ეკუთვნის მოსარჩელე მხარეს.“

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელის, ანუ ვალერი გელაშვილის, ინტერესებს რესპუბლიკური პარტიის წევრები თინათინ ხიდაშელი და ზურაბ მარაქველიძე იცავდნენ. დასკვნით სიტყვაში თინათინ ხიდაშელმა მოკლედ შეაჯამა ის ფაქტობრივი მასალა, რომლის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის სარჩელი უნდა დააკმაყოფილოს:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] „არ არის დადასტურებული პედკოლექტივის წარმომადგენლებთან ვალერი გელაშვილის ურთიერთობა, არ არის დადასტურებული ვალერი გელაშვილის აღიარებითი ჩვენება, არ არის დადასტურებული „ევრას“ სახელით გელაშვილის მისვლა ლომაიასთან. ლომაიამ თქვა, რომ როგორც პარლამენტის წევრი, ისე მოვიდა და მელაპარაკაო.“

თინათინ ხიდაშელის თქმით, ვალერი გელაშვილი პარლამენტიდან განათლების მინისტრის განცხადების საფუძველზე გარიცხეს. ალექსანდრე ლომაიამ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაიმეორა, რომ 2005 წლის 28 ოქტომბერს დეპუტატმა გელაშვილმა, როგორც სამშენებლო კომპანია „ევრას“ მფლობელმა, 84-ე სკოლის შეძენის წინადადებით მიმართა. ნიკა გვარამია, დეპუტატი და საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ინტერესების დამცველი, საკანონმდებლო ორგანოს 31 მარტის დადგენილების კონსტიტუციურობას ეჭვის ქვეშ არ აყენებს:

[ნიკა გვარამიას ხმა] „გელაშვილი ლომაიასთან არ მისულა არც ავლაბრის ფონდის სახელით, არც, უბრალოდ, მინისტრის ინფორმირების მიზნით და არც პირადი თუ საქველმოქმედო მიზნების გამო. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრის ერთადერთი მიზანი იყო შპს „ევრას“ კომერციული ინტერესების წარმოდგენა, რაც მიზნად ისახავდა „ევრას“ სასარგებლოდ მოგებაზე გათვლილი გარიგების ორგანიზებას.“(სტილი დაცულია)

ყოველივე ეს კი, როგორც ნიკა გვარამია ამტკიცებს, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლისა და „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ კანონის დარღვევას, რასაც, კონსტიტუციის 53-ე და 54-ე მუხლების თანახმად, შედეგად უნდა მოჰყვეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი სანქცია, უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის სახით:

[ნიკა გვარამიას ხმა] „ვალერი გელაშვილის შეუთავსებლობის დასადასტურებლად არ არის აუცილებელი, რომ ის ოფიციალურად ყოფილიყო დირექტორად გაფორმებული. ჩვენ მივიჩნევთ, რომ, ფაქტობრივად, “ევრას“ დირექტორის უფლებამოსილების განხორციელება არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ საქმიანობა ვალერი გელაშვილისა ჩაითვალოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობად.“

ნიკა გვარამიასგან განსხვავებით, მოსარჩელის წარმომადგენელი ზურაბ მარაქველიძე კი სწორედ რომ დოკუმენტურ დადასტურებას ითხოვს. მარაქველიძის თქმით, მინისტრი ლომაია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, დაინტერესებული მხარეა და, აქედან გამომდინარე, მის ჩვენებას, ფაქტობრივი მასალის გარეშე, ფასიც არა აქვს:

[ზურაბ მარაქველიძის ხმა] „აი, ასეთი პარტიული ადამიანის ჩვენების საფუძველზე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი პედაგოგის ჩვენების საფუძველზე, რომელიც თვითონ პედაგოგმა თქვა, რომ დაიბარა მინისტრმა პარლამენტში... ამ ორი ადამიანის ჩვენების საფუძველზე შეუწყვიტეს გელაშვილს უფლებამოსილება. დანარჩენი არანაირი დოკუმენტური მასალა იმისა, რომ ვალერი გელაშვილი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, მათ არ ჰქონდათ.“(სტილი დაცულია)

თუმცა, ცხადია, საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზეა. მომხსენებელმა მოსამართლემ ბესარიონ ზოიძემ სხდომის დახურვის წინ პროცესში მონაწილე მხარეებს აცნობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გადის:

[ბესარიონ ზოიძის ხმა] „სასამართლო გადის სათათბირო ოთახში, გადაწყვეტილება კი გამოცხადდება 13 ივლისს, ხუთშაბათს, 12.00 საათზე.“
XS
SM
MD
LG