Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეფლაცია თუ ინფლაცია?


საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი გრძელდება. ხელისუფლება ამის გამო კმაყოფილებას ვერ ფარავს და ამაყად საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე დეფლაციის პროცესზე.

ივნისის თვის მანძილზე 0,2 პროცენტიანი დეფლაციის ფაქტი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საგანგებოდ აღნიშნა 4 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე. თუმცა იქვე დასძინა, ინფლაციის პროცესი მაინც მიმდინარეობს და უფრო მეტის გაკეთებაა საჭიროო. რას ნიშნავს დეფლაცია, მაშინ როდესაც ქვეყანაში 10 პროცენტიანი ინფლაციაა?

საქართველოს მთავრობა სიამაყით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 6 თვის ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო თვის მანძილზე მოხერხდა 10 ათასამდე უმუშევარი მოქალაქის დასაქმება, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვის მანძილზე უმუშევართა რიცხვი სულ 80 ათასით შემცირდა. 4 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ისიც სიამაყით აღნიშნა, რომ ქვეყანაში დეფლაციის პროცესი შეიმჩნევა:

[ნოღაიდელის ხმა] ”ივნისში ჩვენ გვქონდა, თვითონ ამ ერთი თვის განმავლობაში 0,2 პროცენტიანი დეფლაცია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენს მთავარ პრობლემად რჩება ინფლაციის წინააღმდეგ ზომების მიღება, რომელსაც ვგეგმავთ და შესაბამისი მოქმედებებიც იქნება აუცილებლად.” (სტილი დაცულია)

შეგახსენებთ, რომ დეფლაცია ინფლაციის პირუკუ პროცესია და ის სამომხმარებლო ფასების შემცირებას თუ ცხოვრების გაიაფებას ნიშნავს. საინტერესოა როგორ მიმდინარეობს ეს ორი პროცესი ერთდროულად - ის, რაზეც პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი საუბრობდა. მე ინფლაციის დროს დეფლაციის შესაძლებლობის განმარტება ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტს, კახა იმერლიშვილს, ვთხოვე.

[კახა იმერლიშვილის ხმა] ”რაც შეეხება დეფლაციას, ეს არის ყოველთვიური მაჩვენებელი, ანუ ივნისი, შედარებული მაისთან. მაისთან შედარებით, ივნისში, შესაძლებელია, იყოს დეფლაცია, მაგრამ თუ წლიურ შედეგს ავიღებთ, გვაქვს ინფლაცია. მაისში გვქონდა 10 პროცენტიანი წლიური ინფლაცია.”

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ასეთი მაღალი ინფლაციის ფონზე რა პროცესებმა გამოიწვია შედარებითი დეფლაცია? კახა იმერლიშვილი ფიქრობს, რომ ეს, ნაწილობრივ, სიგარეტის სააქციზო გადასახადის შემცირების დამსახურებაა. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სხვადასხვა ზომებს უნდა მიმართოს, რათა წლიური ინფლაცია ორნიშნა რიცხვი არ იყოს:

[კახა იმერლიშვილის ხმა] ”ზოგჯერ ხდება, რომ მთავრობის ფისკალური პოლიტიკა ინფლაციურ პროცესებს იწვევს. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს, რადგან ზოგადად ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია ის, რომ შეინარჩუნოს ეკონომიკა წონასწორობაში და დიდი რყევები არ იყოს, ანუ იმდენად სწორად უნდა არეგულიროს მან ფულის მასა ეკონომიკაში, რომ არ იყოს ძალიან დიდი რყევები იმავე ინფლაციის კუთხით.”

სწორედ ამას აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი და ეროვნული ვალუტის კურსი დღითი დღე მყარდება. თუმცა თავად ბანკის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ეს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების დამსახურებაა. არადა, სამომხმარებლო ფასები რომ იზრდება, ამას არავინ უარყოფს, მათ შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძეც:

[რომან გოცირიძის ხმა] ”ზრდას ხელი შეუწყო გაზზე ფასების ზრდამ, - ის პირდაპირ სამომხმარებლო ფასებში აისახება, - ასევე ელექტროენერგიის ზრდამ და მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებმა. ანუ, გარკვეულწილად, ეს საგარეო შოკები ერთმანეთს დაემთხვა.”

ასეთ პირობებში დეფლაციის მიზეზად ეკონომიკის ზოგიერთი ექსპერტი - მათ შორისაა ნიკო ორველაშვილიც - მხოლოდ ლარის კურსის შეცვლას მიიჩნევს, რადგან სამომხმარებლო ფასები დღითი დღე იზრდება და, ზოგადად, საქართველოში ცხოვრება სულ უფრო ძვირდება.
XS
SM
MD
LG