Accessibility links

logo-print

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება სულ უფრო იძაბება


ხელისუფლებისა და საზოგადოების არშემდგარი დიალოგის მორიგი შედეგი გახლავთ ვითარება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა.

ერთი მხარე, ხელისუფლება, მიიჩნევს, რომ ქვეყნისა და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ ატარებს რეფორმას უნივერსიტეტში და ამ რეფორმის ოპონენტებს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს, მათ წინააღმდეგ სამართალდამცავებს იყენებს. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მნიშვნელოვან ნაწილს კი კიდევ უფრო უმტკიცდება რწმენა, რომ რეფორმის განხორციელების გზები უკანონოა და არ აპირებს პოზიციების დათმობას (ახლა უკვე ალტერნატიულად არჩეული რექტორის – პროფესორ ჯემალ მებონიას თაოსნობით). ამ ეტაპზე რთული გასარკვევია, სად მოხდა პროფესორ-მასწავლებელთა დიდი ნაწილის იზოლაცია რეფორმის პროცესიდან და ვის მეტი ბრალი მიუძღვის ამაში – მათ, თუ რეფორმის ავტორებს. ფაქტია, რომ დიალოგი არც ერთ ეტაპზე არ შედგა.


გუშინდელი ღამე პროფესორ-მასწავლებელთა ერთმა ნაწილმა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაატარა. ზოგმა იქვე დაძინებაც მოახერხა, ზოგმაც ვერ შეძლო და დღეს დაღლას უჩიოდა, მით უმეტეს, რომ წუხანდელი ღამე ემოციებით დატვირთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულ იზოლაციაში მოაქციეს სამართალდამცავებმა, – არ აძლევდნენ საპირფარეშოში გასვლისა და წყლის დალევის საშუალებას, - პროფესორ-მასწავლებლებს არ სურდათ შენობის დატოვება, რადგან შიშობდნენ, რომ მათ უკან აღარ შეუშვებდნენ. ისინი კვლავაც სააქტო დარბაზში აპირებენ დარჩენას. როდემდე – არავინ იცის.

დღეს, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მისულებს, მთავარი შესასვლელი კარი დაკეტილი დაგვხვდა. მითითებული იყო, რომ შესასვლელი სტამბის მხრიდან იყო. თავდაპირველად სამართალდამცავთა ერთი ნაწილი შეეცადა ამ შესასვლელიდანაც არ შეეშვა ხალხი, თუმცა, მცირე შელაპარაკების შემდეგ, საშუალება მოგვეცა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, სადაც პრესკონფერენცია იყო დაგეგმილი, ვიწრო შესასვლელიდან შეგვეღწია. დარბაზიდან კორპუსის დანარჩენ ნაწილთან დამაკავშირებელი შიდა ორი კარი დაკეტილი, დერეფანში გასასვლელები კი ჩახერგილია. იქითა მხარეს დერეფანში სამართალდამცავები არიან: ზოგი სახელდახელოდ აგებული ბარიერის სიმყარეს იცავს, ზოგიც იქვე დერეფანში ირევა. სააქტო დარბაზის მხრიდან მათთან გასაუბრება ვცადე, მაგრამ ამაოდ:

[პოლიციელის ხმა]
“- რისთვის დგახართ აქ და რატოა ჩახერგილი?
- არ ვიცი, ეს არის ჩახერგილი აქ და რომ არ წაიქცეს, იმიტომ ვდგავართ. სხვა რა გითხრათ.”

მართლაც, რიგით პოლიციელს სხვა რა უნდა ეთქვა. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ხუბუამ კი, ვინც უნივერსიტეტში წესრიგის დასაცავად სამართალდამცავთა დახმარება ითხოვა, განაცხადა, რომ გუშინ უნივერსიტეტში ძალადობრივი აქცია იგეგმებოდა:

[ხუბუას ხმა]
“ნებისმიერი მცდელობა, რომლის ინციდენტიც გუშინ მოხდა – ადმინისტრაციული ოთახების ბლოკირება, ადმინისტრაციის მუშაობისათვის ხელის შეშლა - იმთავითვე იქნება აღკვეთილი.”

თავის მხრივ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებისა და ხულიგნობისთვის და ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში წარიმართება ყველა მოქმედება. ლომაიას მიაჩნია, რომ პროცესებს უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიები წარმართავენ, ოპონენტ პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ კი დასძინა:

[ლომაიას ხმა]
“ამ ადამიანებმა თვითონ გააკეთეს ეს არჩევანი. ამ ადამიანებმა საკუთარი თავი დააყენეს აკადემიური სივრცის მიღმა და, ბუნებრივია, ჩვენი მოვალეობაა, და ჩვენ ამ მოვალეობას შევასრულებთ, რომ მათგან დავიცვათ ჩვენი სტუდენტები.”

სტუდენტების კეთილდღეობაზე საუბრობს კონფლიქტის ორივე მხარე, თუმცა ფაქტია, რომ ამგვარი დაპირისპირება ვის-ვის და სტუდენტებს კარგს არაფერს მოუტანს. პროცესი რომ დიალოგისკენ არ მიდის, ცხადია. რა უშლის ხელს დიალოგს ხელისუფლებასა და საზოგადოების ერთ ნაწილს შორის? უნივერსიტეტში ვითარების გასაცნობად ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრე კავსაძეც მივიდა. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს - მათ შორის, ავტორიტარულისაც კი – მართვა დიალოგის გარეშე შეუძლებელია. იმაზე, თუ რა უშლის ხელს დიალოგს, კავსაძე ამბობს:

[კავსაძის ხმა]
“დიალოგს ხელს უშლის ყოველთვის დაბალი კულტურა. დიალოგს ხელს უშლის ყოველთვის სიჯიუტე და ახლომხედველობა. დიალოგის გარეშე რომ საკითხი არ გადაწყდება, ეს ფაქტია. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ინტელიგენციას, უნივერსიტეტს, რასაც ნიშნავს უნივერსიტეტი არამარტო ჩვენთვის, ყველგან ასეთი მტკივნეულია. ჩვენ შვიდი წელი ვცხოვრობდით შვეიცარიაში, ჟენევაში. ჟენევისთვის, მაგალითად, ჟენევის უნივერსიტეტი იყო ძალიან მტკივნეული, ვერ შეეხებოდა ვერც სახელმწიფოს წარმომადგენელი და ვერც ვერავინ ასე თავისუფლად. ასევეა საქართველოსთვისაც.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დღეს გამართული პრესკონფერენციის პათოსს, უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს მიერ გუშინ რექტორად არჩეული ჯემალ მებონია აცხადებდა:

[მებონიას ხმა]
“ჩვენ ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ საბოლოო გამარჯვებამდე. მაშინ დამერწმუნეთ, რომ ლომაიას მსგავსი მოხელეები საქართველოში ვერ იბოგინებენ.”

საგულისხმოა, რომ დღეს ძალის გამოყენების დაუშვებლობასა და ვითარების მოსაგვარებლად დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ხუბუას მხარეს მდგომი პროფესორ-მასწავლებლები.
XS
SM
MD
LG