Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დახმარებას იღებენ დევნილები სახელმწიფოსგან


ბოლო დროს დევნილთა საკითხი აჭარაში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. საქართველოში 250 ათასამდე დევნილია აღრიცხული.

მათგან ნახევარზე მეტი, არაკომპაქტურად, კერძო ფართობებზე - ზოგი ნაქირავებში, ზოგი ნათესავთან, ზოგიც საკუთარ ბინაში - ცხოვრობს. კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში დევნილთა დაახლოებით 45 პროცენტი ცხოვრობს. რა დახმარებას იღებენ დღეს დევნილები სახელმწიფოსგან?

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში დევნილთა ორი კატეგორიაა: ორგანიზებულ სექტორში ჩასახლებული და კერძო სექტორში ჩასახლებული. ორგანიზებულ სექტორში ჩასახლებულებს უწოდებენ იმ დევნილებს, რომლებსაც ან სახელმწიფომ გამოუყო საცხოვრებელი ფართი, ან თვითნებურად დაიკავეს რომელიმე შენობა და შემდეგ ამ ადგილებში მოხდა მათი რეგისტრაცია. კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები სახელმწიფოსგან მხოლოდ 14 ლარიან შემწეობას იღებენ, ორგანიზებულ სექტორში კი - 11 ლარიან შემწეობას.

[კუპრეიშვილის ხმა]
“თუ კერძო სექტორში ჩასახლებული ღებულობს 14 ლარს თვეში, შემწეობას, კომპაქტურში ჩასახლებული ღებულობს 11 ლარს, მაგრამ პლუს დენის გადასახადს – თბილისში 12 ლარი და 4 თეთრი და რეგიონებში – 8 ლარი. გარდა ამისა, კიდევ კომუნალური გადასახადი 2 ლარი და კომპაქტურში ჩასახლებულის – ვისიც არის ეს ობიექტი, მათი ხელფასი და ა.შ. მომსახურებისთვის კიდევ 2 ლარი, ანუ კომპაქტურში ჩასახლებულზე დანახარჯები უფრო მეტია ბიუჯეტიდან.”(სტილი დაცულია)

ეს გახლავთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილების სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსი არჩილ კუპრეიშვილი, რომლის განმარტებითაც, დევნილთა მდგომარეობის მაჩვენებლად არ გამოდგება ის, თუ რომელ კატეგორიაზე იხარჯება მეტი ბიუჯეტიდან, თავისთავად ცხადია, გამომდინარე გამოყოფილი თანხის სიმცირიდან:

[კუპრეიშვილის ხმა]
“ვერ ვიტყვით ასე, რომ ვინ უფრო კარგ მდგომარეობაშია, ან ვინ უფრო ცუდ მდგომარეობაშია. ამის ცალსახად თქმა არ შეიძლება. ამის კრიტერიუმები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არის რაღაც მდგომარეობით კომპაქტურში ჩასახლებულები არიან უკეთეს მდგომარეობაში, მაგრამ რაღაც პირობებით კერძო სექტორში ჩასახლებულები არიან უფრო კარგ მდგომარეობაში.”(სტილი დაცულია)

თუმცა ბოლო დროს კომპაქტურად ჩასახლებულ იმ დევნილებს, რომლებიც ინვესტორებისთვის საინტერესო ადგილებში აღმოჩნდნენ ჩასახლებულნი, გაუჩნდათ შანსი მიეღოთ გარკვეული თანხა შენობების დაცლის სანაცვლოდ. სხვა საქმეა, რომ ვერ მოხდა ყველა მათგანთან სრული თანხმობის მიღწევა და, პროცესის დაჩქარების მოტივით, მათ მიმართ სახელმწიფომ ძალა გამოიყენა, რამაც სულ სხვა პრობლემები წარმოაჩინა. მაგრამ, ფაქტი ერთია: ზოგიერთი სასტუმროს შენობებში მცხოვრებლებს გაუჩნდათ შანსი, რომელიც მანამდე არ გააჩნდათ – შანსი, შეიძინონ კერძო საცხოვრებელი ფართობი.

თბილისში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პირდაპირ, ყოფილი სასტუმრო “აფხაზეთის” შენობაში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილები ცხოვრობენ. ეს შენობა აქციონერთა მფლობელობაშია. ჯერჯერობით სერიოზული ინვესტორი მისით არ დაინტერესებულა. სრულიად გაპარტახებულ შენობაში ასეულობით ადამიანი ცხოვრობს, აგერ უკვე მეთექვსმეტე წელიწადია. სამინისტროსთან სიახლოვე მათ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას სრულებით არ განაპირობებს. როგორც შეუძლიათ, ისე ირჩენენ თავს. ბევრი მათგანი ვაჭრობს. ჩემს მოსაუბრეს ადრე ჯიხური ჰქონდა, ახლა პროდუქტით ვაჭრობს იმავე ოთახიდან, სადაც თავად მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ვიწრო ოთახის ფანჯრის რაფაზე სასწორი უდგას. რით იმხნევებს თავს? თავად მას მოუსმინეთ:

[დევნილის ხმა]
“ადამიანი ერგება დროს - რა დროშიც ჩავცვივდით, მოვერგეთ იმ დროს. მერე, ვუყურებთ ახლა ჩვენს ქვეყანას – უჭირს და რა ვქნათ ახლა, გავიჭირვოთ ჩვენც. ქვეყანა მარტო მთები და წყლები ხომ არ არის, არა? ხალხია, ხო, ქვეყანა. როგორც უჭირს ხალხს, ისე გვიჭირდეს, რა ვუყოთ ახლა. ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ (ესეც ჩვენი მიწა-წყალია, მაგრამ)... ჩვენი კუთხე გვინდა ჩვენ, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ... ხოდა, თუკი იქნება, მადლობა, მაგრამ, მაინც ჩვენს ქვეყანაში ვართ. მადლობა, რომ მთლად ლტოლვილები არა ვართ და დევნილები ვართ.”(სტილი დაცულია)

ნელი კობალაძის მეუღლე გოგი სიდამონიძე დევნილების მიმართ უყურადღებობას უჩივის:

[სიდამონიძის ხმა]
“სამინისტროდან აბსოლუტური ყურადღება არ არის. საერთოდ არ აინტერესებს არავის – აქ არსებობს, არ არსებობს სასტუმრო. შეიძლება სხვაგან წავიდნენ, სხვაგან მიაკითხონ და ეს სასტუმრო ვითომ არსებობს, ვითომ არ არსებობს აქა.”(სტილი დაცულია)

სამინისტროს სულ მალე მოუწევს განსაკუთრებული ყურადღება მიაპყროს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მცხოვრებ დევნილებს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი გამოსახლების პროცესი ისე არ გამწვავდება, როგორც ეს ბათუმში მოხდა, რადგან ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ინვესტორი არ აჩქარებს და მას მეტი დრო აქვს დევნილებთან მოსალაპარაკებლად. სამინისტროში იმედოვნებენ, რომ, საბოლოოდ, გონივრულ გადაწყვეტილებამდე მივლენ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG