Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში დღეს გამართულ პროცესზე დაზარალებულმა


თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში დღეს გამართულ პროცესზე დაზარალებულმა ლევან ბუხაიძემ მისცა ჩვენება, რომლის საფუძველზეც

შარდენ–ბარის სუფრის წევრების ოქროყანაში მომხდარ მკვლელობასთან კავშირი იკვეთება. კერძოდ, ლევან ბუხაიძემ განაცხადა, რომ ოქროყანის სასაფლაოზე, დანაშაულის ადგილას, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 3 განსასჯელ ოფიცერთან ერთად იმყოფებოდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ოლეგ მელნიკოვიც:

[ლევან ბუხაიძის ხმა]“ადამიანი, რომელიც ამ გალიაში ზის ახლა და მეოთხეა, ბიბილურიძე, მე ამ ადამიანს ვაკვიდრები და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ეს ადამიანი მე იქ არ მინახავს. საუბრიდან, მოძრაობიდან და შემდეგ უკვე ჩანაწერებიდან გამომდინარე, მე აღვიდგინე ოქროყანაში მყოფი მეოთხე ადამიანი და დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ოლეგ მელნიკოვი.“

ხმაური და ოვაციები, რომელიც ლევან ბუხაიძის ჩვენებას მოჰყვა, დაზარალებულ მხარეს ეკუთვნის. გირგვლიანისა და ბუხაიძის დაცვას ამ ჩვენების საფუძველზე მიეცა მყარი არგუმენტი იმისთვის, რათა დაამტკიცოს, რომ მკვლელობის დამკვეთები სწორედ შარდენ-ბარის სუფრის წევრებს შორის იყვნენ.

[შალვა შავგულიძის ხმა]“ამხელა ზეწოლისა და წნეხის შემდეგ მან რეალური და სრული ჩვენება მისცა მომხდართან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, რომ მისი ჩვენება კიდევ უფრო შეივსება გარკვეული კონკრეტული გარემოებებით და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენება პირდაპირ მიანიშნებს იმ დასაბუთებულ ვარაუდზე, რასაც ჩვენ გამოვთქვამდით გამოძიების დაწყებისთანავე, რომ ამ დანაშაულის ფესვები მოდის სუფრიდან.“ (სტილი დაცულია)

ეს სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძეა. მის ვერსიას სრულად ეთანხმება და იზიარებს თავად ლევან ბუხაიძის ადვოკატი ლაშა ავალიანიც, რომელიც პროკურატურას, ერთი მხრივ, ჩვენებაზე დროულ რეაგირებას ურჩევს, მეორე მხრივ კი, აფრთხილებს, რომ, ბუხაიძეზე განხორციელებული ზეწოლის შემთხვევაში, საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს:

[ლაშა ავალიანის ხმა]“ძირითადი აქცენტი ახლა უნდა გამოძიებამ, სასამართლომაც უნდა გადაიტანოს დამკვეთებზე. იმიტომ რომ მელნიკოვის დადასტურება მტკიცდება. ყველა სხვა ჩვენებები... ძირითადი არის ლევან ბუხაიძე, რომელიც არის ერთადერთი დაზარალებული, ერთადერთი ცოცხალი მოწმე. საუბედუროდ, მეორე, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით შეეძლო ჩვენება მიეცა, გარდაცვლილია და არის სადისტურად მოკლული. აქედან გამომდინარე, ლევანის ჩვენება უნდა გაიზიარონ, უნდა დააკმაყოფილონ და შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ.“ (სტილი დაცულია)

ლევან ბუხაიძეზე მოსალოდნელი ზეწოლის საფრთხის გათვალისწინებით,სანდრო გირგვლიანის დედა და დაზარალებული მხარის ადვოკატები ბუხაიძისთვის დაცვის დანიშვნის საჭიროებას ხედავენ, ვინაიდან ოლეგ მელნიკოვი სწორედ მან დაასახელა შარდენ–ბარის სუფრის წევრებისა და ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის დამაკავშირებელ რგოლად. ლევან ბუხაიძე თავს, მართლაც, დაუცველად გრძნობს. თუმცა მან აღიარა ისიც, რომ მკვლელობის ღამის - 27 იანვრის - შემდეგ, ძიების კვალის არევის მიზნით, პროკურატურა მასზე ზეწოლას არც აქამდე ერიდებოდა. დაზარალებული მხარე იგორ მელნიკოვის დაუყოვნებლივ დაკავებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG