Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამა ამუშავდა


1 ივლისიდან ჯანდაცვის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. სამედიცინო შემოწმების, მკურნალობის, გეგმიური თუ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის უფასოდ

ჩატარების უფლებას საქართველოს 600 ათასზე მეტი მოქალაქე მიიღებს. მათი რიცხვი უახლოეს მომავალში 700 ათასს მიაღწევს, ეს კი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 13 – 15 პროცენტია. უფრო კონკრეტულად, რა სახის სამედიცინო დახმარება ეკუთვნის სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველ მოსახლეობას და არის თუ არა მზად ჯანდაცვის სისტემა უფასოდ მოემსახუროს 700 ათასამდე მოქალაქეს?


თუ ევროპის მოსახლეობა, საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად ექიმს 6-ჯერ მიმართავს, საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 2-ჯერ სარგებლობს სამედიცინო დაწესებულების მომსახურებით.

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] ”ეს არის ძალიან დაბალი ციფრი და ჩვენი ამოცანაა ეს ციფრი გაიზარდოს, მათ შორის, ამ ახალი პროგრამების საშუალებით.”

განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა 5 ივლისს გამართულ პრეზენტაციაზე და უფასო ჯანდაცვის პროგრამის დეტალები წარმოადგინა.

პირველი ივლისიდან ამუშავებული უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს იმ უღარიბეს მოქალაქეებს მოიცავს, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს სოციალური დახმარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა კოეფიციენტი 100 ათასზე ნაკლებია. ჯერჯერობით ასეთ მოქალაქეთა რაოდენობა 600 ათასს აჭარბებს. ისინი მიიღებენ სამედიცინო დახმარების ბარათს სპეციალური ნომრით:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] ”ორ თვეში ერთხელ მათ ბინაზე მიაკითხავს ოჯახის ექიმი - თუ საჭირო იქნება,სპეციალისტის კონსულტაციით, თუ საჭირო იქნება, საავადმყოფოში მოთავსებით და, ქირურგიული ოპერაციიდან დაწყებული, თერაპიული მკურნალობით დამთავრებული, ნებისმიერი ხარჯის გაწევით. ყველაფერ ამას თავის თავზე აიღებს საქართველოს სახელმწიფო.”(სტილი დაცულია)


სახელმწიფო ბიუჯეტი კი მზად არის, მაგრამ არიან თუ არა თავად ექიმები და სამკურნალო დაწესებულებები მზად უფულო ავადმყოფები მიიღონ? გავიხსენოთ რა ხდებოდა სამიოდე თვის წინ - მაშინ, როდესაც ჯანდაცვის დახმარების მუნიციპალური პროგრამა ამუშავდა:

[მოქალაქეთა ხმა] “უკმაყოფილო ვართ... ესენი ექიმები კი არა, არ ვიცი რა არიან...”

სამკურნალოდ მისული მოქალაქეების უკმაყოფილებას ის იწვევდა, რომ სამედიცინო პერსონალი დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებოდა ფულის ნაცვლად ჯანდაცვის პოლისებით შეიარაღებულ პაციენტებს. მე ჯანდაცვის მინისტრს ლადო ჭიპაშვილს ვკითხე, ხომ არ განმეორდება მსგავსი რამ საერთო ეროვნული პროგრამის ამოქმედებისას და არის თუ არა მზად ჯანდაცვის სისტემა უფასო პაციენტების მისაღებად.

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] ”არ არსებობს არც ერთი იდეალურად მოფიქრებული პროგრამაც კი, რომელსაც არ ჰქონდეს ხარვეზები ამუშავების დროს. შესაბამისად, ეს ხარვეზები არსებობდა მუნიციპალური პროგრამის დროს და ეს ხარვეზები ახლა პრაქტიკულად გამოსწორებულია. ხარვეზებს მოველით ამ პროგრამის ამუშავების დროსაც და, როგორც წესი, ეს სწორდება რამდენიმე კვირაში და მერე ყველაფერი კალაპოტში დგება.”(სტილი დაცულია)

ჯანდაცვის პროგრამის წარმატებით ამუშავების შემდეგ ლადო ჭიპაშვილის უწყებას მოუხდება დაიწყოს სოციალური დახმარების პროგრამაც, რომელიც 250 ათასამდე უღარიბეს მოქალაქეს ფულად დახმარებას გაუწევს.
XS
SM
MD
LG