Accessibility links

რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს


6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ გიორგი ჩემიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა განაჩენი გამოაქვეყნა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ავთანდილ აფციაურს, მიხეილ ბიბილურიძეს და ალექსანდრე ღაჭავას შვიდ-შვიდი წელი მიესაჯა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პროტესტით შეხვდნენ. დაზარალებული მხარე და მისი მომხრეები იმით არიან უკმაყოფილო, რომ სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის უშუალო შემსრულებლები და დამკვეთები არ დასაჯა..

მოსამართლე გიორგი ჩემიამ სასამართლოს დარბაზში შემოსვლისთანავე განაჩენის დასკვნითი ნაწილის წაკითხვა დაიწყო, თანაც გაურკვევლად, დაბალ ხმაზე, რაც სანდრო გირგვლიანის დედამ ირინა ენუქიძემ და მისმა მხარდამჭერებმა გააპროტესტეს.

[ისმის ხმაური] “დავტოვოთ დარბაზი, დავტოვოთ...”

მოსამართლემ განაჩენი წაიკითხა და ბრალდებულებს იმაზე თითო წლით ნაკლები მიუსაჯა, ვიდრე პროკურატურა მოითხოვდა. ამ დროს კი სასამართლოს დერეფანში მანდატურის თანამშრომლებსა და პარლამენტარებს შორის მწვავე შეხლა-შემოხლა მიმდინარეობდა. ინციდენტის მიზეზი მანდატურის მიერ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მისული 3 მოქალაქის დაკავება გახდა.

[ხმაური. აკაკი ასათიანის ხმა] ”გამოუშვან და წავალთ...”

ეს იყო ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი. მასთან და სხვა პოლიტიკოსებთან თითქმის ერთსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, რომლის დროსაც ფიზიკური ზეწოლის გამო პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი და კიდევ რამდენიმე დეპუტატი დაზარალდა, სასამართლოს თავმჯდომარემ დაკავებულები გაათავისუფლა.

ამ დროს გავესაუბრე სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას. იგი საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი აღმოჩნდა, რომელიც თვალყურს ადევნებდა სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ გამოტანილი განაჩენი საზოგადოებისთვის არის არაადეკვატური და...”

სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ გირგვლიანის დედამ ირინა ენუქიძემ და მისმა თანამოაზრე პოლიტიკოსებმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სასამართლოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გადაინაცვლეს და აი, ასეთი შეფასებები მისცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

[ირინა ენუქიძის ხმა] ”უნდა დაისაჯონ დამკვეთები, პირველ რიგში. მელნიკოვი უკვე ნახსენებია...
...მე არ გავჩერდები და სხვის შვილებს გადაარჩენს სანდრო.”

მე საპროტესტო აქციაზე მყოფ მთავარ მოწმეს, ლევან ბუხაიძესაც, გავესაუბრე და სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება ვთხოვე.

[ლევან ბუხაიძის ხმა] ”რაც აწყობთ, იმას იზიარებენ...”

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარმა ლევან ბუხაიძემ 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მელნიკოვი ამოიცნო და განაცხადა, რომ სწორედ ის იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელი და არა ბრალდებული მიხეილ ბიბილურიძე. სასამართლომ მისი ჩვენება ყურად არ იღო. ესაა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რი გამოც დაზარალებული მხარის მომხრეები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, იურისტ თინათინ ხიდაშელის, კომენტარი:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] ”ეს უჩვეულოა...”

სასამართლოში რომ სამართალი ვერ იპოვეს, საპროტესტო აქციის წევრებმა დემონსტრაციის მოწყობა გადაწყვიტეს და დავით აღმაშენებლის ხეივნით უნივერსიტეტისკენ გაეშურნენ. მანიფესტანტებმა საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს, რასაც საპატრულო პოლიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პოლიციის წარმომადგენლები გზადაგზა ცდილობდნენ საპროტესტო აქციის ტროტუარზე გადატანას, აქტივისტების დაკავებას და ეს ძიძგილაობა და შეხლა-შემოხლა დიდხანს გრძელდებოდა.

[ისმის ხმაური]

საბოლოოდ, საპროტესტო მსვლელობამ წინასწარი დაკავების იზოლატორამდე მიაღწია, სადაც იმყოფებიან რამდენიმე დღის წინ დაპატიმრებული მათი თანამებრძოლები. ხანმოკლე მიტინგის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა უნივერსიტეტამდე ავტომობილებით განაგრძეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კი საპროტესტო აქცია, თბილისის დროით, 21 საათამდე დაიშალა. აქციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ გაერთიანებული ძალებით შეებრძოლებიან ძალადობას და უსამართლობას, რომელსაც ხელისუფლება ბოლო დროს განსაკუთრებით ზედმეტად ავლენს.
XS
SM
MD
LG