Accessibility links

საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტების დღეები დათვლილია


საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტების მოქმედების ვადა, რომელიც არაერთხელ გახანგრძლივდა, ამჯერად საბოლოოა. იმ ქვეყნის პასპორტს, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს,

დღეები დათვლილი აქვს. 15 ივლისიდან მის ადგილს დაიკავებს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის გარეშეც პენსიები და სოციალური დახმარებები აღარ გაიცემა. რა კეთდება ქვეყანაში იმისათვის, რომ პენსიონერთა დაუცველ ფენას პენსიის აღების დროს პრობლემები არ შეექმნას?

15 ივლისი მკაცრი ზღვარია. ამ დღის შემდეგ საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტი ძალას დაკარგავს და ის საქართველოს მოქალაქეს უკვე აღარაფერში გამოადგება. საბჭოთა ”ალისფერი წიგნაკი” ისედაც საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა - ჯერ მარტო 2005-2006 წლებში მისი მოქმედების ვადა, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, 4-ჯერ გახანგრძლივდა. ზოგიერთ შემთხვევაში ამგვარი ნაბიჯი მოახლოებული არჩევნების გამო იდგმებოდა, ისევე როგორც ეს 2005 წლის ოქტომბრის შუალედური არჩევნების დროს მოხდა. აშკარაა, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც, სავარაუდოდ, შემოდგომაზე უნდა გაიმართოს (თუმცა ჯერ არავინ იცის - როდის გაიმართება), საბჭოთა პასპორტის სიცოცხლის გასახანგრძლივებელ მიზეზად აღარ გამოდგა. საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე საბჭოთა პასპორტებით ვეღარ გამოცხადდებიან და მისი საშუალებით ვეღარც სოციალურ დახმარებებსა თუ პენსიებს მიიღებენ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 70 ათასი პენსიონერი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად ჯერ ისევ საბჭოთა პასპორტს იყენებს:

(კონსტანტინე ვარძელაშვილის ხმა) ”ეს ის კატეგორია არის, რომელიც ასაკის გამო ვერ ახერხებს ან ვერ ახერხებდა აქამდე რაიონულ ცენტრში ჩასულიყო სოფლიდან, ვთქვათ, და მიეღო პირადობის მოწმობა. სწორედ მათთვის, ერთობლივად, ჩვენს კოლეგებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროდან და ”სახალხო ბანკთან” ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომლის შესაბამისადაც, ამ ადამიანებს აღარ მოუწევთ ჩამოსვლა რაიონულ ცენტრში. ისინი პირადობის მოწმობას მიიღებენ ადგილზე, თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.” (სტილი დაცულია)

პროგრამა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე ვარძელაშვილმა ახსენა, მხოლოდ რეგიონებში ამოქმედდება. მოქმედების გეგმა საკმაოდ შრომატევადია: პენსიების გაცემაზე პასუხისმგებელი ”სახალხო ბანკის” 1200-მა თანამშრომელმა საქართველოს რაიონებში პენსიონერები კარდაკარ უნდა მოძებნოს, აღრიცხოს და მათ ახალი პირადობის მოწმობის აღების აუცილებლობა აუხსნას, რის შემდეგაც პირადობის მოწმობების აღების გაიოლებაზე უკვე იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა იზრუნონ. ბუნებრივია, ყოველივე ეს 15 ივლისამდე ვერ მოესწრება და ამიტომ იბადება კითხვა - ხომ არ გაჩნდება პრობლემები ივლისის პენსიების მიღებასთან დაკავშირებით? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვახტანგ მეგრელიშვილის პასუხი ასეთია:

(ვახტანგ მეგრელიშვილის ხმა) ”პენსიონერები რუტინულად პენსიას იღებენ 15 რიცხვის შემდეგ. ამ შემთხვევაში პენსიები გაიცემა 15-მდე, რომ მათ მოასწრონ პენსიის მიღება. 15-მდე მას შეეძლება მივიდეს ბანკში და აიღოს პენსია, ძველი პასპორტითაც კი.” (სტილი დაცულია)

თუმცა ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს მიეცემათ. როგორც ”სახალხო ბანკის” პრეზიდენტი ამბობს, თბილისელი პენსიონერები ასეთი შესაძლებლობით ვერ ისარგებლებენ. გიორგი გოგუაძე (რომლის ბანკის მისამართითაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა, პენსიონერთა გრძელი რიგების გამო, უკმაყოფილება სულ ახლახან საკმაოდ უხეშად გამოხატა) პირობას დებს, რომ ივლისის პენსიების გაცემის პროცესი უმტკივნეულოდ, გრძელი რიგების გარეშე ჩაივლის:

(გიორგი გოგუაძის ხმა) ”პრობლემა არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ 15-მდე აბსოლუტურად ეს პროცესი ძალიან უმტკივნეულოდ, ძალიან ისეთ, ნორმალურ ფორმებში დასრულდება. თბილისის პენსიები ჩაირიცხება 15 რიცხვში. თბილისის გარდა იმიტომ ვიგულისხმეთ, რომ თბილისში ნაკლები პრობლემაა რეალურად - ჩვენი გამოთვლებით, პენსიონერთა 95%-ს გააჩნია პირადობის მოწმობა საქართველოსი და ამიტომ მათ პრობლემები რეალურად არ აქვთ.” (სტილი დაცულია)

პრობლემები ნამდვილად შეექმნება თბილისელი პენსიონერების იმ 5 პროცენტს, რომელიც, გოგუაძის ინფორმაციით, დღემდე საბჭოთა პასპორტებით სარგებლობდა. საქმე ის არის, რომ ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას 10 დღე სჭირდება, 15 ივლისამდე კი 10 დღე ნამდვილად აღარ რჩება. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ორი რამ, პირველი: პენსიონერმა გადაიხადოს კანონით დადგენილი საფასური და პირადობის მოწმობა ერთ დღეში - 25 ლარად, ორ დღეში - 15 ლარად, სამ დღეში - 10 ლარად ან, ვთქვათ, ხუთ დღეში - 5 ლარად აიღოს; და მეორე: შეეგუოს იმ აზრს, რომ ივლისის პენსიას, ახალი პირადობის მოწმობით, აგვისტოზე ადრე ვერ მიიღებს.
XS
SM
MD
LG