Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი გენერალურ პროკურორს განცხადებით მიმართავს - დაირღვა თუ არა კანონი დევნილების სასტუმროებიდან გამოსახლების დროს


ერთ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში მცხოვრები დევნილები ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის დახმარებით,

ყაზახი ინვესტორების მიერ შეძენილი სასტუმროებიდან გამოასახლა. პროტესტისა და წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, დევნილებმა ვერ შეინარჩუნეს საცხოვრებელი ფართი, რომელიც მათ, როგორც სახალხო დამცველის ოფისში განმარტავენ, 13 წლის წინ სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადაეცათ. სოზარ სუბარი ეჭვობს, რომ აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობამ, გადაამეტა რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. ომბუდსმენმა საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე გაჩენილი ეს ეჭვი გენერალური პროკურორისათვის გაგზავნილ წერილშიც გამოთქვა. რა წერია სახალხო დამცველის წერილში და როგორ იმართლებს თავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა?

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთი წლის წინ ბათუმში ჩასახლებულ დევნილთა საცხოვრებელი ფართი, ანუ სასტუმროები „მედეა“ და „მესხეთი“, კომპანია “Adjara resorts holding BV”-მა შეიძინა. 2006 წლის 5 ივნისის მდგომარეობით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გამოსახლების თაობაზე შეთანხმება 1600 ოჯახთან გააფორმა, თუმცა რამდენიმე ათეულმა დევნილმა საცხოვრებელი ფართის დაცლაზე უარი განაცხადა. შეიქმნა ჩიხური ვითარება.

[ისმის ქალის კივილი]

ჩიხური ვითარების დასაძლევად ძალის გამოყენება გახდა საჭირო. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დევნილთა გამოსახლების პროცესში სპეციალური დანიშნულების რაზმის ჩართვით კანონი დაარღვია:

[სოზარ სუბარის ხმა] „გამოსახლების უფლება სახელმწიფოს აქვს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და აქედან ორია მთავარი: თუკი მოხერხდა შეთანხმება და თუკი შესაბამისი ფართით უზრუნველყოფს ისე, რომ ცხოვრების პირობები არ გაუარესდება.“

უნდა ითქვას, რომ დევნილებიც სხვას არაფერს ითხოვდნენ. ქალბატონმა მაიამ სასტუმრო “მედეაში” 11 წელი იცხოვრა.

[ქალბატონ მაიას ხმა] „გვიპირებენ გასახლებას, მაგრამ ჩვენ არანაირად არ გავალთ, სანამ არ დავკმაყოფილდებით იმ რაოდენობის ფართით, რაც გვიკავია.“

თუმცა ქალბატონი მაია და სხვა დევნილები, პოლიციის სპეციალური რაზმის თანამშრომლების დახმარებით, სასტუმროს შენობიდან მაინც გამოასახლეს. სოზარ სუბარის თქმით, ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოქმედებდა, რაც ასევე კანონის დარღვევაა:

[სოზარ სუბარის ხმა] „სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეში არ არსებობს. რომ იყოს, გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს აღმასრულებელმა ან აღმასრულებელმა პოლიციამ და არა სპეციალური დანიშნულების რაზმმა. თუ ადგილი ექნა ხელშეხლას და კრიმინალს, ასეთ შემთხვევაში უნდა ჩაერიოს კრიმინალური პოლიცია. ეს ყველაფერი არის დარღვეული. აბსოლუტურად არანაირი უფლება არ ჰქონდა პოლიციას იქ მიეღო მონაწილეობა“.. (სტილი დაცულია)

ყოველივე ეს, რაზეც სოზარ სუბარი ლაპარაკობს, გადმოცემულია წერილში, რომელიც სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს 5 ივლისს გაუგზავნა. სუბარი ზურაბ ადეიშვილს პოლიციის ქმედებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვს, თუმცა, როგორც აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მამუკა ნაკაშიძე ამბობს, პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმსა და მის ხელმძღვანელობას სამსახურებრივი უფლებამოსილებისათვის არ გადაუმეტებიათ. მეტიც, ნაკაშიძის თქმით, შენობის დაცლისას პოლიცია მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილური მიზნით ხელმძვანელობდა:

[მუმუკა ნაკაშიძის ხმა] „არ შეიძლება ყოფელთვის აღვიქვათ ისე, რომ სამართალდამცავები არიან ადამიანების მტრები. მრავალი ტელევიზია იყო იქ მისული, მაგრამ ძალადობა არავის დაუფიქსირებია. პირიქით, მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც სამართალდამცავების ფორმაში მონაწილეობას იღებდენ დევნილთა ტვირთის ჩამოტანასა და შემდგომ ტრანსპორტირებაში. დევნილებიც აღნიშნავენ ამას და მადლობის მეტი არაფერი არ ეთქმით.“

თუმცა, მამუკა ნაკაშიძისაგან განსხვავებით, სახალხო დამცველი არ აპირებს პოლიციისათვის მადლობის გადახდას. სოზარ სუბარი ეჭვობს, რომ 27 ივნისს დევნილები სასტუმრო "მედეადან", აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, სპეციალური დანიშნულების რაზმმა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გამოაძევეს. თუ ომბუდსმენის ეჭვი გენერალურმა პროკურორმაც გაიზიარა, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო აღიძვრება.
XS
SM
MD
LG