Accessibility links

რა უშლის ხელს სპეცოპერაციის შედეგად მოკლულის ოჯახის დაზარალებულად ცნობას?


მიმდინარე წლის 2 მაისს სამართალდამცავებმა თბილისის ცენტრში, ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, განახორციელეს სპეცოპერაცია,

რომელიც მსხვერპლით დასრულდა. პოლიციის ტყვიით ორი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი ზურაბ ვაზაგაშვილი გახლდათ. მისი ოჯახის ადვოკატები გენერალური პროკურორისგან ვაზაგაშვილის ოჯახის დაზარალებულად ცნობას უკვე მერამდენედ მოითხოვენ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაცია არის კიდევ ერთი ფაქტი, რომლის გამოძიებასაც აქტიურად ადევნებენ თვალს ადამიანის უფლებათა დამცველები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქვე შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე, როგორც ზოგად პრობლემაზე, მიუთითებდა ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს უოჩიც” 27 ივნისს ჯორჯ ბუშისადმი გაგზავნილ წერილში. რა უშლის ხელს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის დაზარალებულად ცნობას?

საკითხი შეიძლება ასეც დადგეს: რას გამოიწვევს ვაზაგაშვილების ოჯახის დაზარალებულად ცნობა? რა უფლებებს მიანიჭებს კანონი დაზარალებულს გამოძიების პროცესში? რესპუბლიკური პარტიის წევრი, იურისტი თინა ხიდაშელი განმარტავს:

[ხიდაშელის ხმა]
“მათ არ უქმნიან ელემენტარულ პირობებს იმისათვის, რომ საკუთარი კლიენტის ინტერესები დაიცვან. ოჯახს უარს ეუბნებიან დაზარალებულად ცნობაზე, რაც ყოველგვარ ელემენტარულ სამართლებრივ კანონზომიერებას სცილდება. ეს ადამიანი გარდაცვლილია. რა თქმა უნდა, იგი ბუნებრივად დაზარალებულია, მაგრამ უარს ეუბნებიან. ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს: თუკი ისინი იქნებიან ცნობილი როგორც დაზარალებულები, შესაბამისად, მათ გაუჩნდებათ გარკვეული უფლებები საქმესთან დაკავშირებით. შეუძლიათ გაეცნონ მასალებს, მოითხოვონ ექსპერტიზები, შეუძლიათ საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება და ამას ერიდება გამოძიება და ისინი ეუბნებიან, როდესაც გამოძიება დასრულდება, იმის შემდეგ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებასო. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ხდებოდა გირგვლიანის საქმეზე, ოღონდ იმ შემთხვევაში დაზარალებულად იყვნენ ცნობილი, მაგრამ მაინც შალვა შავგულიძეს არც ერთ შუამდგომლობას არ უკმაყოფილებდა გამოძიება და არაფერზე პასუხს არ სცემდა.”

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, დაზარალებული, პროკურორთან და გამომძიებელთან ერთად, ბრალდების მხარეს წარმოადგენს და მას, მართლაც, ენიჭება ის უფლებები გამოძიების პროცესში, რაც თინა ხიდაშელმა ჩამოთვალა. ხიდაშელი პარასკევს ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატებს გენერალურ პროკურატურასთან ახლდა, როცა მათ გენერალურ პროკურორს უკვე მერამდენედ მიმართეს განცხადებით, რომლითაც მოკლულის ოჯახის დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ. ადრინდელ წერილზე ადვოკატებს ირმა ჭკადუასა და მალხაზ ჯანგირაშვილს პროკურატურის წარმომადგენელმა ასეთი პასუხი გასცა: “მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება ავტომატურად არ ნიშნავს დანაშაულის არსებობას და პოლიციის მუშაკების მხრიდან ამ დანაშაულის ჩადენას. ეს უნდა დადგინდეს გამოძიების შედეგად.” ადვოკატები აცხადებენ, რომ, ამ ლოგიკით, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პირის დაზარალებულად ცნობა უნდა მოხდეს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის შემდეგ განაჩენით. აქვე განვმარტავ, რომ თბილისის პროკურატურა იძიებს პოლიციის მუშაკების მიერ დამნაშავის შესაპყრობად აუცილებელი ზომის გადამეტებით მკვლელობის ფაქტზე. შსს-ს კრიმინალური დეპარტამენტი კი იძიებს ეჭვმიტანილების - ზურაბ ვაზაგაშვილის, ალექსანდრე ხუბულოვისა და ბონდო ფუთურიძის - საქმეს. ადვოკატი ირმა ჭკადუა ასკვნის, რომ გამოძიებას არა აქვს სათანადო მტკიცებულებები ეჭვმიტანილთა ბრალის დასადასტურებლად და შეგნებულად არიდებს გამოძიებას ოჯახის ადვოკატებს:

[ჭკადუას ხმა]
“ეშინიათ იმის, რომ ეს ადამიანები იყვნენ უდანაშაულოები. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული მასალები, რომელსაც უახლოეს მომავალში გავახმოვანებთ. ჩვენ ველოდებით ამ პასუხებს, რის საფუძველზეც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს სპეცოპერაცია იყო აბსოლუტურად უკანონო და ეს ადამიანები იყვნენ აბსოლუტურად უდანაშაულოები.”(სტილი დაცულია)

მიმდინარე ძიებისა და კორტებთან განხორციელებული სპეცოპერაციის დეტალების გამომზეურებას დრო დასჭირდება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი არც გენერალური პროკურორის პასუხი ადვოკატთა მორიგ განცხადებაზე.

დასასრულ, შეგახსენებთ მხოლოდ სტატისტიკას, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველ ცნობილ ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს უოჩს” მოჰყავს: 2005 წლის განმავლობაში საქართველოში მოკლულია 21 ეჭვმიტანილი, 2006 წლის პირველ ოთხ თვეში – 17, მათ შორის მოიაზრება ის შვიდი პატიმარი, რომელიც 27 მარტის ე.წ. “ციხის ბუნტის” დროს მოკლეს. ამავე ორგანიზაციის 27 ივნისის წერილში აღნიშნულია ისიც, რომ “სახელმწიფო სისტემატურად არღვევს სპეცოპერაციებისას მოკლული ეჭვმიტანილების უდანაშაულობის პრეზუმფციას, როცა სპეცოპერაციის ჩატარებისთანავე “კრიმინალების” განადგურებისთვის ხოტბას ასხამს სამართალდამცავთა პროფესიონალიზმს”. “ჰიუმან რაითს უოჩი” სააკაშვილთან შეხვედრამდე მოუწოდებდა ჯორჯ ბუშს გამოეხატა შეშფოთება საქართველოში არსებული ამ ტენდენციის გამო და ერჩია საქართველოს პრეზიდენტისთვის ყველა იმ ინციდენტის გამოწვლილვითი და დამოუკიდებელი გამოძიება, რომელსაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG