Accessibility links

როგორ მიმდინარეობს საქართველოში აქტიური ტურისტული სეზონი


საქართველოში აქტიური ტურისტული სეზონის პიკი ახლოვდება. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებით, წელს საქართველოში ტურისტების

რაოდენობის არნახული ზრდა შეიმჩნევა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კი, 2006 წლის პირველ კვარტალში საქართველოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 51 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა. რაოდენობრივად ეს რიცხვი 120 ათას ტურისტს შეადგენს. რა არის ტურისტების მოზღვავების მიზეზი და არის თუ არა მზად საქართველო ტურისტთა გაზრდილ ნაკადს სათანადო მომსახურება გაუწიოს?

ტურიზმის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოში ტურისტული ბუმი წლის მეორე ნახევარშიც გაგრძელდება და, ისევე როგორც ზაფხულში, ზამთარშიც პიკს მიაღწევს. თუ რა არის ამის მიზეზი, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის საბა კიკნაძის განცხადებიდან შეიტყობთ:

[საბა კიკნაძის ხმა] ”ეს პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის იმიჯთან და ჩვენს მარკეტინგულ აქტივობასთან. ქვეყნის იმიჯი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ოდესმე. რასაკვირველია, ასეთი ტემპით არ გაზრდილა ინფრასტრუქტურა და მას უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი, ვიდრე აქამდე ჰქონდა.”

საბა კიკნაძემ ინფრასტრუქტურის არასათანადო დონე ახსენა. გზების, კვების ობიექტებისა თუ სასტუმროების დაბალი ხარისხის გარდა, საქართველოში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას ხელს უშლის ტურისტთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

შეგახსენებთ, რომ 2-3 წლის წინ საქართველოში უცხოელი ტურისტების დაყაჩაღების, გატაცებისა თუ სხვა სახის დაზარალების არაერთი შემთხვევა მოხდა. ბოლო 2 წელია მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორებულა, რამაც საქართველოს საშუალება მისცა მოგზაურობისთვის საშიში ქვეყნების სიიდან გამქრალიყო. თუმცა წელს ამის საშიშრობა ისევ გაჩნდა.

25 მაისს სვანეთში იტალიელ ტურისტთა ქარავანი მოგზაურობდა, როდესაც მათ ერთ-ერთ ავტომობილს თავს დაესხა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ყაჩაღთა ჯგუფი. სამართალდამცველებმა დროულად შეძლეს რეაგირება - ყაჩაღთა ჯგუფის ერთი წევრი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, სხვებმა კი გაქცევა მოახერხეს. აჟამად მიმდინარეობს მათი ძიების პროცესი, თუმცა ეს ვეღარ უშველის უკვე მერამდენედ შერყეულ ტურისტულ იმიჯს. საბა კიკნაძე მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი:

[საბა კიკნაძის ხმა] ”გთხოვთ დაათვალიეროთ ეგრეთ წოდებული სამოგზაურო მითითებები, რომლებსაც ქვეყნები აძლევენ თავიანთ მოქალაქეებს. ყველაზე განახლებულ საიტებზე მაინც აღმოაჩენთ, რომ შეგიძლიათ იმოგზაუროთ საქართველოში, მაგრამ საშიშია მოგზაურობა სვანეთში.”(სტილი დაცულია)

კიკნაძე იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების აქტივობა ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს ყველაზე რთულ რეგიონში, სვანეთშიც კი, შექმნის. სვანეთის გარდა, ტურისტებისათვის სახიფათო ზონად დავით გარეჯის რეგიონიც ითვლება.

სანამ ამ ისტორიულად და კულტურულად საინტერესო რეგიონებში მოგზაურობა გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული, მანამდე ტურისტების დიდი რაოდენობა საქართველოს ზღვისპირეთს ეტანება. 2006 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, აჭარაში დამსვენებელთა რიცხვი 41 პროცენტითაა გაზრდილი. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არასაკურორტო სეზონია.

რა იქნება საკურორტო სეზონის დროს, ეს ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება. მანამდე კი შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებითაა გაზრდილი ტურისტთა ნაკადი სომხეთიდან - ის თითქმის გასამმაგდა.

ევროპის ქვეყნებიდან თითქმის 2-ჯერ მოიმატა საქართველოს ნახვის მსურველთა რაოდენობამ, გაიზარდა რუსი ტურისტების რიცხვიც და ტურიზმის წილმა საქართველოს ექსპორტის მოცულობაში 150 მილიონ აშშ დოლარს გდააჭარბა. საქართველოს ტურიზმის მესვეურებს იმედი აქვთ, რომ ეს რიცხვი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება - მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ტელეარხებზე - ისეთებზე როგორიცაა ”სი-ენ-ენი” და ”ბი-ბი-სი” - ეთერში გავა სარეკლამო კლიპები საქართველოს შესახებ.
XS
SM
MD
LG