Accessibility links

logo-print

„რუსთავი - 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა პროტესტის ნიშნად გადაცემა შეწყვიტა


„გაერთიანებული ქართული ბანკის“ ყოფილი თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესის დასრულებამ,

როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ განმუხტა ის დაძაბულობა, რომელიც ბოლო დროს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის შეიქმნა. ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობენ შინაგან საქმეთა მინისტრის დაცვას. არადა, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ იფიქროს: მინისტრის მეუღლემ და უშუალო ხელქვეითებმა მონაწილეობა მიიღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში. ხელისუფლება ვანო მერაბიშვილისა და მისი გარემოცვის დაცვას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის ღია ეთერშიც შეეცადა, თუმცა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ტოკ-შოუ „თავისუფალი თემის“ წამყვანმა ეკა ხოფერიამ პროტესტის ნიშნად სტუდია გადაცემის დასრულებამდე დატოვა. რა მოხდა 6 ივლისს რუსთავი-2“-ის ღამის ეთერში?

ეკა ხოფერია - “თავისუფალი თემის” წამყვანი, ავტორი და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი - ტელეკომპანიაში 1998 წლიდან მუშაობს, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუ “თავისუფალი თემა” ეთერში გასვლის დღიდან, 2005 წლის 20 ოქტომბრიდან, მიჰყავს. 6 ივლისს, გადაცემის მსვლელობისას, ხოფერიამ პროტესტის ნიშნად სტუდია დატოვა, თუმცა მანამდე ბოდიში მოუხადა მიწვეულ სტუმრებს და შინაგან საქმეთა მინიტრს გადადგომისკენ მოუწოდა:

[ეკა ხოფერიას ხმა] „რეკლამის შემდეგ უნდა შემოგვიერთდნენ გიგა ბოკერია, კოტე კუბლაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი... და პირველად ღია ეთერში უნდა გამოსულიყო დათა ახალაია. მაგრამ იყო პირობა, რომ ის უნდა ყოფილიყო ბოლო სტუმარი. ჩემთვის ეს პირობა არის მიუღებელი. დიდ ბოდიშს ვუხდი ყველა სტუმარს. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში, სადაც ასეთი მკვლელობა ხდება, მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს.“

ეკა ხოფერიას გადაცემის დასრულების შემდეგ, ცხელ გულზე, დამატებით ახსნა-განმარტება აღარ გაუკეთებია, სამაგიეროდ ჟურნალისტის საქციელი სამოქალაქო გმირობად შერაცხეს სტუდიაში მყოფმა პოლიტიკოსებმა, რომელთა თქმით, ხოფერიამ პროტესტით ხელისუფლების ზეწოლას უპასუხა.

[თინათინ ხიდაშელის ხმა] „ხელისუფლება გადავიდა ყველა დასაშვებ ზღვარს. ასეთი პროტესტი კიდევ არაერთი იქნება.“

თუმცა სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე ირწმუნება, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა ეკა ხოფერიას არც გადაცემის მომზადებისას ზღუდავდა და არც სტუმრების შერჩევის პროცესში ერეოდა.
გადაცემის წამყვანი თავად აწაროებდა მოლაპარაკებას რესპონდენტებთან:

[ნიკა ტაბატაძის ხმა] „მე, როგორც „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი, კატეგორიულად გამოვრიცხავ თავად ეკა ხოფერიაზე კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლის ფაქტსა და გადაცემაში ჩარევის მცდელობას.“

თავად ეკა ხოფერიამ საკუთარი საქციელის ასახსნელად ბრიფინგი მოგვიანებით “რუსთავი ორის” ეზოში გამართა. ახორციელებდნენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები და კომპანიის ხელმძღვანელი მასზე ზეწოლას? “თავისუფალი თემის” წამყვანი ამ კითხვას უარყოფითად უპასუხებს, თუმცა იქვე განმარტავს:

[ეკა ხოფერიას ხმა] „ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და დათა ახალაიასგან იყო მოთხოვნა, რომ ახალაია უნდა იყოს გადაცემაში ბოლო სტუმარი, გოგა ხაინდრავას შემდეგ. ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო. დაიწყო გადაცემა და მსვლელობის დროს, პირველივე ბლოკში, მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ვერ ჩავრთავდი ბოლოს ახალაიას და ვერ დავამთავრებდი ახალაიათი გადაცემას, რაც არ უნდა მწვავე კითხვები დამესვა მისთვის.“

უნდა ითქვას, რომ ამ განცხადების მოსმენის შემდეგ ოპოზიციის წევრები აღარ ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. მეტიც, გამოითქვა მოსაზრება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ეკა ხოფერიამ თავდაცვის მინისტრის პოზიციები გააძლიერა, ხოლო პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის მოხსნის კიდევ ერთი არგუმენტი მისცა. თავად ხოფერია ამგვარ ეჭვებს უსაფუძვლოსა და სულელურს უწოდებს:

[ეკა ხოფერიას ხმა] „აბსოლუტური სისულელეა, აბსოლუტური სისულელე!“

ეკა ხოფერია ამბობს, რომ “რუსთავი ორიდან” წასვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იგი „თავისუფალ თემას“ აღარ წაიყვანს. ხოფერიას სამსახურიდან გაშვებას არც სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობა აპირებს. ნიკა ტაბატაძემ, როგორც ჩანს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქციელში პრინციპულობაზე მეტად ადამიანური სისუსტის ნიშნები დალანდა.
XS
SM
MD
LG