Accessibility links

logo-print

რამდენად ადეკვატურად რეაგირებს ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე


ბოლო დროს გამწვავებული ვითარების ფონზე საქართველოში არაერთი შეკითხვა ჩნდება. უსმენს თუ არა ხელისუფლება ხალხს და თუ უსმენს, ესმის თუ არა მისი?

რამდენად ადეკვატურია ხელისუფალთა რეაქციები ხალხის პროტესტზე და რა ტაქტიკას ირჩევენ ჩინოვნიკები? რატომ გადადის დიალოგის საჭიროება ხალხის მონოლოგში? ვინ აბრალებს მოლანდებებს ელენე თევდორაძეს და რის რცხვენია დეპუტატს, რომელიც ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს არაადეკვატურად მიიჩნევს? რას ფიქრობს სახალხო დამცველი, ვის მიაჩნია ადამიანები ჭანჭიკებად და რას ურჩევენ ექსპერტები ხელისუფლებას?

(ელენე თევდორაძის ხმა) ”არ ვიყავი ერთი თვე საქართველოში, ჩამოვედი და რაც დამხვდა, უნდა გითხრათ, ძალიან ამაღელვა. საოცრად მრცხვენია ყველაფრისა, იცით?! მე, სამწუხაროდ, ამ დღეების განმავლობაში ვერ შევძელი და ვერ დავუკავშირდი ვერც ერთ ჩემს თანაფრაქციელს, ზოგი - არ იღებს, ზოგს - გამოთიშული აქვს.” (სტილი დაცული)

ძნელი სათქმელია, რატომ უჭირს ელენე თევდორაძეს თანაფრაქციელებთან დაკავშირება. იქნებ იმიტომ, რომ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან ძირითადად ისმენენ იმას, რომ ქვეყანაში არასასურველი პროცესები ვითარდება. ისე კი, თევდორაძეს, რომელსაც ამგვარ ინფორმაციას მასთან შეხვედრაზე მისული ხალხი აწვდის (დღეში ხანდახან ასე - 40-50 ადამიანი), თანაფრაქციელები, როგორც წესი, არ უჯერებენ:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”რომ ველაპარაკები, მეუბნებიან, რომ ეს მე მელანდება... მე რატომღაც მგონია, რომ, პირიქით, ისინი ჩაიკეტნენ თავის წრეში, კომპიუტერთან, კაბინეტებში და თავის სამეგობროში და მე მგონია, რომ მოწყდნენ ვითარებას”. (სტილი დაცულია)

ელენე თევდორაძის მსგავსად, ქვეყანაში ვითარების გამწვავების მთავარ მიზეზად ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის არარსებობას მიიჩნევს სახალხო დამცველიც. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად ეშლებათ ერთი მთავარი რამ:

(სოზარ სუბარის ხმა) ”...რომ ადამიანი არ არის ჭანჭიკი... ადამიანის უფლებები არ არის რაღაცა, რაც სახელმწიფო ამოცანებზე დაბლა დგას. კი, ბატონო, სახელმწიფო ამოცანა არის, რომ აჭარის სანაპირო ზოლში განვითარდეს ტურიზმი, შემოვიდნენ ინვესტორები და ჩაიდოს დიდი ფული, მაგრამ, მე არ მესმის, საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე?! ადამიანის უფლებების ხარჯზე და კანონის უზენაესობის ხარჯზე ეს არ უნდა მოხდეს. და კანონის უზენაესობის დარღვევას თუ უშვებ ერთ, ორ, ხუთ წერტილში, ნიშნავს, რომ ქვეყანაში კანონი აღარ არსებობს... ნიშნავს, რომ ნდობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ გაქრება... ნიშნავს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა გაქრება.” (სტილი დაცულია)

სახალხო დამცველი აჭარასა და დევნილებს ახსენებს, თემას, რომელზეც მისმა ოფისმა დასკვნა უკვე გააკეთა: სასტუმროებიდან დევნილების გამოსახლების პროცესში სპეციალური დანიშნულების რაზმის ძალის გამოყენება კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფაა. სოზარ სუბარი იზიარებს ხალხის აღშფოთებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის ასეთი ფორმით დასრულების გამო, თუმცა ამჯობინებს კომენტარი მას შემდეგ გააკეთოს, რაც მისი ოფისი ამ საკითხთან მიმართებით უკვე დაწყებულ საგანგებო კვლევას დაასრულებს.

საქართველოში ბევრი ფიქრობს, სანდრო გირგვლიანის შემზარავი მკვლელობა სწორედ ის მოვლენა აღმოჩნდა, რომელმაც სხვადასხვა მიზეზით უკმაყოფილო ხალხი ერთმანეთს დაუკავშირა და ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა მძივივით აკინძა. გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ხალხის პროტესტს ახალი ძალა შეჰმატა თანასწორობის ინსტიტუტის იმ 5 წარმომადგენლის დაკავებამ, რომლებიც ”სინდისის პატიმრებად” იწოდებიან. სხვათა შორის, ელენე თევდორაძე ფიქრობს, რომ ისინი უსამართლოდ არიან დაკავებული. ხალხს უჩნდება კითხვა - რატომ იქცევა ხელისუფლება არაადეკვატურად და რატომ ამრავლებს უკმაყოფილო ადამიანების არმიას? პოლიტოლოგი გიორგი ხელაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური ინსტინქტით მოქმედებს:

(გიორგი ხელაშვილის ხმა) ”ხელისუფლების უკან დახევა, ნებისმიერ შემთხვევაში, აღიქმება სხვა პოლიტიკოსების მხრიდან სისუსტედ და ამ შემთხვევაში მათ შეიძლება მოითხოვონ უფრო მეტი და მეტი. და ვინაიდან ნებისმიერი საკითხი მიისწრაფვის პოლიტიზებისაკენ, შესაბამისად, ნებისმიერი რეფორმის პროცესი უკვე ხელისუფლებისაგან ხორციელდება, ფაქტობრივად, ძალის გამოყენებით.” (სტილი დაცულია)

პოლიტიკური ჯიბრის ფონზე, ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას ხალხთან ძალის ენით საუბარი არ გაუვა და რომ ყოველი ახალი მცდელობა ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს. ასე ფიქრობს გიორგი ხელაშვილი:

(გიორგი ხელაშვილის ხმა) ”იმ მოვლენების ფონზე, რაც ვითარდება, რაც უკვე ზვირთდება, ფაქტი სახეზეა, დღეს ხელისუფლებისათვის დამღუპველია ძალის გამოყენება. შეიძლება ეს დღეს ცუდი იყოს, შეიძლება ეს ნიშნავდეს რეფორმების შეჩერებას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჭკუასთან მიახლოებული იყოს დათმობა.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG