Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა


დღეიდან დაიხურა საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვრის ერთადერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ზემო ლარსი.


პუნქტის ჩაკეტვის მიზეზად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება სარემონტო სამუშაოებს ასახელებს. როდემდე გასტანს ეს სამუშაოები და როდის გაიხსნება ორ ქვეყანას შორის მოქმედი ერთადერთი ლეგალური სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ჯერჯერობით უცნობია. რა გახდა ლარსის დახურვის რეალური მიზეზი და რა ზიანს მოუტანს ეს საქართველოს ეკონომიკას?

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთში ლეგალური სახმელეთო გზით გადასვლის ერთადერთი საშუალებაა არამარტო საქართველოს მოსახლეობისთვის. მას ქართველებზე უფრო ინტენსიურად სომხეთის მოქალაქეები იყენებენ, თუმცა 8 ივლისიდან მათ რუსეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად სხვა გზების ძიება მოუწევთ.

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] ”როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი აღმართეს ერთ ღამეში და მოსახლეობა დატოვეს აქეთ-იქეთ, აი, სწორედ ამი ს მსგავსი აქცია ჩაატარეს ახლაც...”

ეს არის მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერისას ზემო ლარსში იმყოფებოდა. მან ჩემთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ საზღვრის ჩაკეტვის გამო რუსეთის მხარეს დარჩენილია ყაზბეგის რაიონის გამგებელი, რომელსაც, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, სამშობლოში დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან საქართველოს მხარეს მყოფი რუსეთის მოქალაქეებიც - რუსი მესაზღვრები მათაც უარს ეუბნებიან სამშობლოში დაბრუნებაზე.

ასეთი ქცევის მიზეზად რუსეთის მხარე საბაჟო პუნქტის სარემონტო-საამშენებლო სამუშაოებს ასახელებს. ამის შესახებ რუსულმა მხარემ 7 ივლისის გვიან საღამოს საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიციას ოფიციალური წერილით შეატყობინა.

რეალურად თუ რა მოტივები ამოძრავებდა მოსკოვს, როდესაც ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვა გადაწყვიტა, ამის გარკვევას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეცადა. 8 ივლისს საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოიძახეს, ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს და ოფიციალური განცხადებაც გადასცეს. ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ გამოაქვეყნა.

[მერაბ ანთაძის ხმა] ”ჩვენ, ბუნებრივია, ეს ქმედებები რუსეთის მხარის შევაფასეთ როგორც ზეწოლა, სადაც, ბუნებრივია, არის პოლიტიკური მოტივები, და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობონ, თუ როდის აღდგება ეს მოძრაობა და ასევე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას.” (სტილი დაცულია)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა რუსეთის არაკეთილმეზობლური ნაბიჯების შესახებ უკვე აცნობა სომეხ კოლეგას რომელიც ნოღაიდელთან ერთად ბათუმში იმყოფება, იქ მიმდინარე სომხეთ-საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ასე, შეთანხმების გარეშე, თითქოს რაღაც სარემონტო თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ჩაკეტვა ნორმალურ ვითარებაში არ ხდება.”

საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, ყოველდღიურად, ლარსის გავლით, აზერბაიჯანიდან რუსეთში სასოფლო სამეურნეო პროდუქციით თუ საამშენებლო მასალებით დატვირთული 20-30 სატვირთო ავტომობილი გადადიოდა, სომხეთიდან კი - 50-მდე ავტომობილი. თუ ამას მსუბუქ ავტომობილებს და სამგზავრო ავტობუსებსაც დავუმატებთ, ის სურათი იხატება რაც ამჟამად ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ორივე მხარესაა შექმნილი.

რუსეთ-საქართველოს შორის 1993 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გაუქმების შესახებ მოსკოვს თბილისისთვის 3 თვით ადრე უნდა ეცნობებინა.
XS
SM
MD
LG