Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები თითქმის ყოველკვირა კვდებიან. წელიწად-ნახევარში 80 პატიმარი გარდაიცვალა.

ამის გამო საერთაშორისო ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს აკრიტიკებენ, ხელისუფლება კი პატიმართა გარდაცვალებას მათ ავადმყოფობას უკავშირებს, წერდა გასულ კვირაში გაზეთი ”რეზონანსი”. უფლებადამცავთა განცხადებით, გარდაცვლილთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, არ არსებობს ფაქტები, როცა კონკრეტული პირები დაისაჯნენ. არადა, ავადმყოფობის გარდა, პატიმართა გარდაცვალების მიზეზი ჩამოხრჩობა და სხეულის დაზიანებაც გამხდარა. საქართველოს სახალხო დამცველი “რეზონანსს” უცხადებს, ზოგჯერ პატიმრები იმიტომ იღუპებიან, რომ სამედიცინო დახმარება არ გაუწიესო. შარშან ორი ასეთი შემთხვევა იყო, გამოძიება ჩატარდა, მაგრამ დასჯილი არავინაა.

საზოგადოებაში არსებულ დაძაბულობაზე ესაუბრება გაზეთ ”კვირის პალიტრას” პოლიტოლოგი გია ნოდია: “ხელისუფლების ქმედებებს რომ ვუყურებ, არა მგონია, შექმნილ ვითარებას ის კრიზისულად მიიჩნევდეს. ხელისუფლება რეიტინგს კარგავს, რაც არჩევნების წინ არასასურველია, მაგრამ იმედოვნებენ - ივლისში კონკურსები დამთავრდება, გირგვლიანის პროცესი დასრულდება, სიტუაცია ჩაწყნარდება და შემოდგომისთვის სხვა ვითარება იქნებაო. არჩევნების წინ ხელისუფლება ისეთი ნაბიჯების გადადგმას შეეცდება, რაც მის რეიტინგს ასწევს. ცხადია, ეს არ იქნება გზების დაგება, ელექტროენერგიის მიწოდება და პენსიების მომატება - ამას ხალხი მიეჩვია. ახლის მოგონება ძნელია, მაგრამ ხელისუფლებას მოუწევს პრინციპულად ახალი მიღწევების ჩვენება. ახალი მნიშვნელოვანი მიღწევა იქნებოდა ნატოს წევრობის გეგმის მიღება და ამიტომაც იბრძვის ამისათვის,” - ვკითხულობთ ”კვირის პალიტრაში”.

“მოკრძალებული განაჩენი პრივილეგირებული პატიმრებისათვის” - ასე აფასებდა გაზეთი ”ახალი ვერსია” სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის გამოტანილ განაჩენს: 8 წელი გია ალანიას, 7-7 - აფციაურს, ღაჭავასა და ბიბილურიძეს. ამ ყველაზე რეზონანსული საქმის გამოძიება პროკურატურამ 5 თვეში დაასრულა, სასამართლოს კი განაჩენის გამოსატანად სულ რაღაც 6 სხდომის ჩატარება დასჭირდა. გაზეთი აღწერს ექსცესებს, რაც სასამართლო სხდომებს ახლდა და ასკვნის, რომ პროცესის ასე განვითარების გამო მკვლელობის შემკვეთების თემა ჩრდილში მოექცა. უფრო მწვავე ფორმით დეტალებზე საუბარი უკვე სააპელაციო სასამართლოში, ბოლოს კი, უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება, სადაც გირგვლიანის მხარე განაჩენს გაასაჩივრებს, - ვარაუდობს ”ახალი ვერსია”.

გაზეთებში ფოტოებიც იბეჭდება და ჩვენს მიმოხილვაში შევეხებით ”საქართველოს რესპუბლიკის” ფოტორეპორტაჟსაც, სათაურით “რევოლუცია იწყებოდა ასე: ოპოზიციამ ”დიღმის ბრძოლა” მოიგო”. ერთ ფოტოსურათზე აქცენტირებულია პოლიციელთა რიგი, რომელიც სამოძრაო კალაპოტს უქმნის დემონსტრანტებს. მეორე სურათზე ვხედავთ ხელშემართულ ადამიანებს, ხოლო მესამე ფოტო აღიბეჭდავს ხელჩაკიდებით მავალ საკრებულოსა და პარლამენტის წევრებს - ჯონდი ბაღათურიას, გიორგი გუგავას, კოკა გუნცაძეს და ბიძინა გუჯაბიძეს.

ახლა გადავხედოთ შაბათის, 8 ივლისის, გაზეთებსაც. “ხვალინდელ დღეს” რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი უცხადებს, რომ ხელისუფლებას სთავაზობენ სიტუაციიდან რეალურ გამოსავალს, საკონსტიტუციო რეფორმის სახით. ეს გულისხმობს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რასაც უნდა მოჰყვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ქვეყნის მართვის ახალ მოდელზე გადასვლა და მომავალში ამბოხებათა თავიდან აცილება.

გაზეთ “24 საათში” ვკითხულობთ, რომ ამ ორ ფაქტს შორის (უნივერსიტეტის ამბები და გირგვლიანის საქმე) ძალიან მცირე კავშირი არსებობს. “სერიოზული ცვლილებების დროს თავს იჩენს ხოლმე პრობლემები, რომელიც კონკრეტული ადამიანების ბედ-იღბალს, მათ საზოგადოებრივ მდგომარეობას ეხება. არიან ადამიანები, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ და ისტორიის ბორბლის ქვეშ აღმოჩნდნენ. უნივერსიტეტშიც ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს და მის დაძლევას სჭირდება დიალოგი, განმარტება, კომუნიკაცია. საზოგადოებასთან ურთიერთობა კი დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე სუსტი რგოლია.”
XS
SM
MD
LG