Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებულმა პროფესორ-მასწავლებლებმა ამერიკის ელჩს წერილი გადასცეს


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მასთან დაპირისპირებული პროფესორ-მასწავლებლები

კვლავინდებურად ვერ ახერხებენ ერთ მაგიდასთან დასხდომას და საჭირბოროტო საკითხებზე მოლაპარაკების დაწყებას. თუმცა, ამის მიუხედავად, მხარეები დროს ფუჭად არ კარგავენ და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ: თუ სასწავლებლის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტში პოლიციის შეყვანით შელახული იმიჯის გამოსწორება მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრით სცადა, რექტორთან დაპირისპირებული პროფესორ-მასწავლებლები წერილის გადასაცემად საქართველოში ამერიკის სრულუფლებიან ელჩს ჯონ ტეფტს ეწვივნენ.

კვირაზე მეტია, რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან დაპირისპირებული პროფესორ-მასწავლებლები შესაშური პერიოდულობით იკრიბებიან პირველი კორპუსის წინ და საინფორმაციო მიტინგებს მართავენ. პროფესორი ავთანდილ არაბული ამბობს, რომ უნივერსიტეტი ვერ შეეგუება უკანონობას:

[ავთანდილ არაბულის ხმა] „პირადად მე მიმაჩნია, რომ ერთი რიგითი მსახური ვარ უნივერსიტეტის და მადლობა განგებას, რომ მაძლევს ძალას სიმართლის მხარეზე დავდგე. აბსურდულ ვითარებაში ვართ ჩვენ, რომ 21-ე საუკუნეში მსოფლიოს წინაშე გვიწევს იმის მტკიცება, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური და უნდა იმართებოდეს დემოკრატიული ფორმებით და პრინციპებით.“

პრფესორ-მასწავლებელთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი კანონის უხეში დარღვევით ტარდება. „კონკურსი არჩეულმა დიდმა სამეცნიერო საბჭომ უნდა ჩაატაროს და არა დროებითმა ადმინისტრაციამ,“ - ამბობენ პროფესორ- მასწავლებლები, რომელთა ერთმა ნაწილმა აქცია ამჯერად უკვე ამერიკის შეერთეული შტატების საელჩოს წინ გამართა.

[ქალბატონის ხმა] „ვითხოვთ იმას, რომ აშშ გაუფრთხილდეს თავის იმიჯს. რეფორმა არ მიმდინარეობს ამერიკული მოდელით. ეს არის ძალადობა, მეტი არაფერი. ჩამოგვართვეს ავტონომია. პოლიციაა უნივერსიტეტში, ჩვენ კი გარეთ ვართ.“

[ქალბატონის ხმა] „ოკუპირებულია უნივერსიტეტი, ოკუპირებული ბნელი ძალების მიერ.

აქციის მონაწილეებმა, ტრანსპარანტების გარდა, საელჩოს წინ უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს მიერ შედგენილი წერილიც მიიტანეს.

[ისმის ხმები] „ორი წერილი გვაქვს. აუცილებლად გადაეცით. ჩვენ მათ წინააღმდეგ არ გამოვდივართ...“

საელჩოდან არავინ გამოსულა, თუმცა ამერიკის ელჩ ჯონ ტეფტის სახელზე შედგენილი მიმართვა უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერმა ჩაიბარა. საინტერესოა, რას სწერენ უნივერსიტეტის პროფესორები ამერიკის ელჩს. პროფესორი ჯემალ მებონია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი განათლების მიმდინარე რეფორმას საზოგადოებას "ამერიკულ რეფორმად" აცნობს. შესაბამისად, მებონიას თქმით, განათლების რეფორმის არაკანონიერი გზით განხორციელება და მისი არაპოპულარობა საზოგადოებაში ამერიკის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს:

[ჯემალ მებონიას ხმა] „ჩვენ ვალდებული ვართ გავაფრთხილოთ, რომ განათლების სამინისტროს მოქმედება ჩირქს სცხებს მათ ავტორიტეტს საქართველოში. ჩვენ კი არ გვინდა, რომ ამერიკის ავტორიტეტი შეილახოს საქართველოში, რამდენადაც ვაირეფორმატორები აცხადებენ, რომ ამერიკული მოდელით მოქმედებენ. ეს გვინდა იცოდნენ, რომ რაც კეთდება, არ არის ამერიკული მოდელი, არ არის რეფორმა და ეს არ არის ამერიკული ღირებულებების შემოტანა საქართველოში.“

ამერიკის ელჩისათვის გაგზავნილ წერილში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ განათლების სამინისტროს მიერ დანიშნული ადმინისტრაცია უნივერსიტეტს პოლიციური ძალების დახმარებით მართავს. აქციის მსვლელობისას სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორშაბათს პოლიციამ უნივერსიტეტი დატოვა.

[გიორგი ხუბუას ხმა] „უნივერსიტეტი, მართლაც, დატოვა პოლიციამ და მომავალი კვირიდან დაცვის ღონისძიებებსაც სერიოზულად შევარბილებთ.“

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ხუბუა იმასაც ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და მათთან ერთად ყველა საჭირბოროტო საკითხი განიხილოს. თუმცა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ამ განცხადებას ოპონენტები სკეპტიკურად შეხვდნენ, რაც, ალბათ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის პარალელურად, უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქციები კვლავაც შესაშური რეგულარობით გაიმართება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG