Accessibility links

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2006 ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო


ერთიან ეროვნულ გამოცდებში წელს სტუდბილეთის მოსაპოვებლად ცოდნის საუკეთესოდ გამოვლენაში ერთმანეთს 32 000 აბიტურიენტი ეჯიბრება.

მათგან 19 000 გახდება სტუდენტი. აბიტურიენტების მიერ გაკეთებული განცხადებების ჯამური ოდენობის მიხედვით, ყველაზე რეიტინგულ ფაკულტეტებს შორის მოხვდნენ: ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტები. 2006 წელს ნახტომისებურად გაიზარდა მოთხოვნა ისეთ ფაკულტეტებზეც, როგორებიცაა არქიტექტურა, მშენებლობა, კვების პროდუქტების ტექნოლოგია, სატყეო–სამეურნეო, ენერგეტიკა და ასე შემდეგ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამ ტენდენციების ანალიზის საფუძველზე ასკვნიან, რომ წელს აბიტურიენტთა არჩევანი მიესადაგება სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ თუ შრომის ბაზრის მიერ ნაკარნახევ მოთხოვნებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში წელს მეორედ ტარდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამბიცია მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: წელს გათვალისწინებული საინფორმაციო ტექნოლოგიური თუ ადმინისტრაციული ხასიათის სიახლეები მნიშვნელოვნად ზრდის მთელი საგამოცდო პროცესის ეფექტურობას. ამ სიახლეთაგან გამოვყოფთ ტესტირებისას აბიტურიენტთა პასუხების ფურცლების, შემდგომში კი უკვე გასწორებული ასლების ელექტრონული ვერსიის, ინტერნეტში განთავსებას ეტაპობრივად, კონკრეტული საგამოცდო საგნისა თუ ზოგადი უნარების პასუხების ფურცლების გასწორების შემდგომ. აბიტურიენტი სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით, საკუთარი სახელის, გვარის, საიდენტიფიკაციო და პირადი ნომრის მითითებით შეძლებს იხილოს და ამობეჭდოს გასწორებული საგამოცდო ნამუშევრის ასლი სასურველ საგანში ან მიიღოს ის ნებისმიერ საგამოცდო ცენტრში. როგორც გამოცდებისა და შეფასების საგამოცდო ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი შენიშნავს, ამ მომსახურებით უკლებლივ ყველა აბიტურიენტი ისარგებლებს.:

[მაია მიმინოშვილის ხმა]“ ქსეროასლებთან დაკავშირებით მე, მაგალითად, სულ არ ვიყავი მომხრე იმისა, რომ ეს ასეთი ფორმით ყოფილიყო. იმიტომ რომ არსად არ არის ასეთი რამ. ბევრს გაგვიგია ტოეფელის გამოცდა, მაგალითად. არ არის ის ასეთი მნიშვნელობის, მაგრამ რაღაც მნიშვნელობის ხომ არის. მიიღებ იქ ქულას და ვერსად ვერ მიაკითხავ ადამიანი, რომ გაარკვიო 695 ქულა რატომ გაქვს მიღებული. არავინ არ აგიხსნის ამას.“

როგორც ქალბატონი მაია ამბობს, საზოგადოების დაკვეთა არსებობს: გამოცდების პროცესისა და შედეგების მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. წელს, შარშანდელის დარად, სავალდებულო დისციპლინებად ითვლება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ზოგადი უნარები. დამატებითი საგნები კი ორ ბლოკად დაიყო: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და საქართველოს ისტორია– საზოგადოებრივი მეცნიერებები. სიახლეა ასევე ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზეც: იმის გამო, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ფორმატი შეიცვალა, ასეთ ფაკულტეტებზე არჩევით საგნად ლიტერატურა დაემატა. ვინაიდან ეროვნული გამოცდები 2006–ის პირველი გამოცდა სწორედ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება, შევნიშნავთ ასევე, რომ წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, ქართული და არაქართული სკოლების კურსდამთავრებულთათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტის ერთი საერთო ვარიანტი შემუშავდა. შესაბამისად, შეიძლება ისიც ითქვას, რომ ქართულენოვან აბიტურიენტთა უმრავლესობას, ყოველ შემთხვევაში, მათ, ვისაც ჩვენ გავესაუბრეთ, ტესტები რთულად არ მოეჩვენათ.

[აბიტურიენტების ხმა]“საშუალო იყო. როგორ დავწერე, შედეგი შემდეგ იქნება ცნობილი. ახლა არ ვიცი. შედეგით კმაყოფილი ვარ.

ვინც იცის, ჩააბარებს და ვინც არ იცის, ვერ ჩაააბარებს. ძალიან კარგი გარემო იყო და რა ვიცი, ჩავაბარე. ძაან ადვილი იყო.

არ იყო ძნელი, არა. ადვილები იყო. ერთი თემა იყო ძნელი, თემა.“

ეროვნული გამოცდების პროცესს რამდენიმე ქართული და უცხოური ორგანიზაცია აკვირდება, მათ შორის, „ახალი სტუდენტური ალტერნატივა.“ როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა ბლიაძე აცხადებს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა თითქმის დარღვევების გარეშე მიმდინარეობს:

[ლაშა ბლიაძის ხმა]“ძირითადი დარღვევები იყო იმაში, რომ ტესტებში იყო ტექნიკური პრობლემები და შემდეგ იქვე სწორდებოდა ეს პრობლემები. ხვალ უკვე გვექნება მთლიანი სურათი პირველი დღისა. ასევე ჩვენი ორგანიზაცია, გარდა იმისა, რომ უშუალოდ აკვირდება გამოცდების პროცესს, სთავაზობს აბიტურიენტებს და მათ მშობლებს სპეციალურ ბუკლეტებს, რომლებშიც არის ჩვენი კოორდინატები მითითებული და თუ გამოცდების შემდეგაც რაღაც პრეტენზიები ექნებათ კომისიებთან და ასე შემდეგ, მათ შეუძლიათ მოგვმართონ.“(სტილი დაცულია)

ერთ–ერთი პრეტენზია, რომლითაც იქვე მიმართეს ლაშა ბლიაძეს და რომელიც დარღვევად არ შეფასდა, ასე ჟღერს:

[ციალა ამილახვრის ხმა]“ ყველა ტყუპი ერთად იყოს. იყოს სხვადასხვა ოთახში, მაგრამ ერთ დაწესებულებაში, რომ მშობელმა უყუროს, ერთად რომ არიან. ერთად შევლენ, ერთად გამოვლენ. ძალიან ძნელია. დედა იქ არის, ბებია აქა ვარ. ყველას ხომ არა ჰყავს. იქნება ერთი დედა ჰყავს და ერთი მამა – ცოდო არ არის, ერთთან მივიდეს და მეორესთან არა?!“

ტყუპებისა და მათი ბებიის, ქალბატონ ციალა ამილახვრის, გულისტკივილის საპასუხოდ, განათლების მინისტრის ერთი არგუმენტის მოტანა შეიძლება. კახა ლომაიას შეფასებით, წელს გაცილებით ნაკლებია საგამოცდო ცენტრებთან შეკრებილი გულშემატკივრების რიცხვი. მისი აზრით, საზოგადოებაში მაღალი საგამოცდო კულტურის ჩამოყალიბებაზე მსჯელობა, ძირითადად, მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც აბიტურიენტი გამოცდაზე დამოუკიდებლად - თანმხლები პირების გარეშე - წავა.
XS
SM
MD
LG