Accessibility links

logo-print

რამდენიმე დღეში პარლამენტი მიიღებს დადგენილებას აფხაზეთში მოქმედ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით


რამდენიმე დღეში პარლამენტში მთავრობის წევრები მივლენ და დეპუტატებს აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

მთავრობის წევრების მოსმენას უნდა მოჰყვეს სამშვიდობო ოპერაციის შეფასება. პარლამენტმა აფხაზეთში მოქმედ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით დადგენილება უნდა მიიღოს. რა მოთხოვნები შეიძლება ჩაიდოს ამ დადგენილებაში, საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერ კიდევ არ იციან. პოზიცია, როგორც ჩანს, პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩამოყალიბდება. გავრცელებული ცნობებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სამშაბათს უნდა დაბრუნდეს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ის მოულოდნელად ევროპაში გაემგზავრა.

აფხაზეთში სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით დადგენილების მიღებამდე დღეები რჩება. დადგენილების მიღებამდე იქ რა პროცედურებია გასავლელი, ამის გარკვევა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან დუჩიძესთან საუბრით ვცადე. პროცესის განვითარება მას ასე წარმოუდგენია: ალბათ, იქნება რამდენიმე კომიტეტის სხდომა, იქნება ფრაქციის სხდომა და იქნება პარლამენტის გაფართოებულ შემადგენლობასთან პრეზიდენტის შეხვედრა.

[ლევან დუჩიძის ხმა] ”მთავრობას არავითარი დადგენილების პროექტი არ შემოაქვს. ჩვენ მოვისმენთ მთავრობის მოხსენებას პარლამენტის რეზოლუციის მიღებიდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ, მოვისმენთ მათეულ შეფასებას და შემდეგ მივიღებთ დადგენილებას, ამ შეფასებიდან გამომდინარე."

შეფასება რომ უარყოფითი იქნება, ამაში ეჭვი არ ეპარება უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”პოზიცია იმ ნაწილში, რომ შეფასება მოღვაწეობის უარყოფითია ეგრეთ წოდებული სამშვიდობოების, ნათელია. ჩვენ რა მონაცემებიც გვაქვს, მანამდეც კი, სანამ მთავრობა რამეს გვეტყვის, ეს ასეა და, სავარაუდოდ, შეფასება იქნება ძალიან ნეგატიური.” (სტილი დაცულია)

გიგა ბოკერიას თქმით, დისკუსიას ერთი საკითხი იწვევდა : პარლამენტმა მთავრობას უნდა მისცეს იმავე ტიპის დავალება, რაც ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით მისცა, თუ განსხვავებული; პარლამენტმა მთავრობას უნდა მოსთხოვოს მუშაობა სამშვიდობო ძალების სხვა ძალებით ჩანაცვლების მისაღწევად, თუ უნდა მოსთხოვოს სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის მყისიერად გაუქმება.

”ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში გაცემული დავალება სწორი იყო - საქართველომ თავის პარტნიორებს და არაკეთილმოსურნეებსაც უთხრა, რომ არ აპირებს ასეთი სამშვიდობო ძალების შენარჩუნებას, მაგრამ მუშაობს მათი ნეიტრალური, ცივილიზებული ძალებით ჩანაცვლების საკითხზე. ” - ამბობს გიგა ბოკერია და ნათქვამს დასძენს:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ამან წაართვა ჩვენს არაკეთილმოსურნეებს არგუმენტი, რომ ჩვენ მყისიერად ომისთვის ვემზადებით და არ ვცდილობთ ამოვწუროთ ყველა საშუალება პრობლემის პოლიტიკური მოგვარებისათვის. ეს სერიოზული არგუმენტია, მათ შორის, აფხაზეთში სამშვიდობო ძალებთან მიმართებით.”

მინიშნება ნათელია, პარლამენტმა უნდა მიიღოს ისეთი დადგენილება, რომელიც არავის მისცემს საბაბს იმის სათქმელად, რომ საქართველო უარს ამბობს სამშვიდობო პროცესზე და ომისთვის ემზადება. ბევრი ფიქრობს, რომ აფხაზეთში მოქმედ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით პარლამენტი მთავრობას ისეთსავე დავალებას მისცემს, როიგორც თავის დროზე ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით მისცა. თუმცა ვნახოთ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ დღეებში მედიას უსაყვედურეს იმის გამო, რომ სათანადოდ არ გაშუქდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი. მაშინ, როცა მისაღებია გადაწყვეტილება სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით, მართლაც, საინტერესოა დამატებითი განმარტებები ვაშინგტონში გამართული შეხვედრების თაობაზე, მაგრამ პრეზიდენტს სამშობლოში დაბრუნება ცოტა დააგვიანდა. განმარტებები იქნება, თუმცა ვაშინგტონში შემდგარ შეხვედრებზე გაცემულ რეკომენდაციებს ყველაზე ნათლად, ალბათ, პარლამენტის დადგენილებაშივე ამოვიკითხვათ.
XS
SM
MD
LG