Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში არსებული ვითარებისთვის პასუხისმგებლად გაერო თბილისსა და სოხუმს მიიჩნევს


საქართველოს პარლამენტში ემზადებიან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო კონტინგენტის მოქმედების შეფასებისთვის

და, როგორც წინასწარი განცხადებებიდან ჩანს, ემზადებიან უარყოფითად შეფასებისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოში კი გენერალურ მდივან კოფი ანანის მორიგი ანგარიში შევიდა. ამ დოკუმენტში საუბარია კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე, პრობლემებსა და მხარეებს შორის შეთანხმებების დარღვევის ფაქტებზე და არ არის სამშვიდობო კონტინგენტის კრიტიკა. ალბათ, ინტერესს მოკლებული არ იქნება, თუკი კოფი ანანის ბოლო ანგარიშის ზოგიერთ მონაკვეთს გაგაცნობთ..

ინფორმაცია კოფი ანანის ახალი ანგარიშის შესახებ 7 ივლისს გავრცელდა, თუმცა დოკუმენტი, ტრადიციული სახელწოდებით “გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში აფხაზეთში (საქართველო) არსებული ვითარების შესახებ”, 26 ივნისით არის დათარიღებული. გაეროში კარგად უწყიან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე რუსი მშვიდობისდამცველების მიმართ. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში რევაზ ადამიამ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თანამეგობრობის სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც მხოლოდ რუსი სამხედროებისგან შედგება, სეპარატისტული რეჟიმის დაცვის მიზნით, მხოლოდ მესაზღვრის ფუნქციას ასრულებს და არ უზრუნველყოფს დევნილთა დაბრუნებასა და უსაფრთხოებას. თუმცა დღემდე გაეროს არც ერთ წარმომადგენელს არაფერი უთქვამს რუსი მშვიდობისდამცველების უარყოფითი როლის შესახებ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. პირიქით – გაეროს წარმომადგენლები იმეორებენ, რომ რუსი მშვიდობისდამცველები აფხაზეთში პოზიტიურ როლს ასრულებენ. ბუნებრივია, ეს იმიტომ არ ხდება, რომ გაერო არ არის ინფორმირებული. უბრალოდ, გაერო დღეს საჭიროდ მიიჩნევს, რაც შეიძლება ხანგრძლივად შეინარჩუნოს კონფლიქტის არსებული სტატუსი, იმისათვის რომ პოლიტიკური დიალოგისთვის ხელსაყრელი ფონი შექმნას. მაისში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელმა ნორბერტ ბაასმა განაცხადა, რომ მოცემულ ეტაპზე გაერო არ განიხილავს სამშვიდობო კონტინგენტის ჩანაცვლების საკითხს:

[ბაასის ხმა] “ძალიან ადრეა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო იმ შეფასების გაკეთება, რომელიც წარმოგიდგინეთ. ნაადრევად მიმაჩნია ამ საკითხის დეტალურად განხილვა მანამდე, ვიდრე მასზე თბილისთან მოლაპარაკებებს არ გავმართავთ. ჯერჯერობით სამშვიდობოების ჩანაცვლების საკითხზე მოსაზრება არ გაგვაჩნია, ჩვენ ეს არც კი განგვიხილავს.”

გაეროს გენერალური მდივანი თავის ბოლო ანგარიშში წერს: “მეგობართა ჯგუფი მიესალმება ქართული და აფხაზური მხარეების მიერ დიალოგის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებს და მოუწოდებს მათ ურთიერთნდობის აღდგენისათვის პრაქტიკული ქმედებისკენ. მეგობართა ჯგუფი გამოთქვამს კმაყოფილებას გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მისია “იუნომიგსა” და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიურ სამშვიდობო ძალებს შორის თანამშრომლობის გამო”. კოფი ანანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ ‘იუნომიგისა’ და თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების მცდელობამ ხელი შეუწყო კონფლიქტის მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას ორი მხარის სამართალდამცავებს შორის.”

კოფი ანანი წერს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ, 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების დარღვევის ორ უახლეს ფაქტზეც: “აღინიშნა მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების დარღვევის ორი ფაქტი: 6 ივნისს ოჩამჩირის საწვრთნელ ბაზაზე, აფხაზეთის მხარეს არსებულ უსაფრთხოების ზონაში, 80 მილიმეტრზე მსხვილი კალიბრის ნაღმმტყორცნების გამოყენება და 24 მაისს აფხაზეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა მიერ მცირე ხნით გაეროს პატრულის გადაადგილების შეზღუდვა.” გენერალური მდივნის თანახმად, ორივე დარღვევაზე გამოითქვა პროტესტი.

როგორც ჩანს, გაეროს გენერალურ მდივანს მოცემულ ეტაპზე მიაჩნია, რომ ის, თუ როგორ შეიცვლება ვითარება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, მხოლოდ თბილისისა და სოხუმის გადასაწყვეტია. ის წერს: “მე მოვუწოდებ მხარეებს შეასრულონ 2006 წლის თებერვალში ჟენევაში მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები, კერძოდ, შეთანხმება ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის უმაღლეს დონეზე - ყოველგვარი წინაპირობის გარეშე - შეხვედრის მოწყობისა და ძალის გამოუყენებლობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თაობაზე დოკუმენტების მომზადების შესახებ”. ამავე საკითხზე რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა ჰაიდი ტალიავინიმ:

[ტალიავინის ხმა] “არც ისე შორს ვართ ორი ლიდერის – დე ფაქტო პრეზიდენტ ბაღაფშისა და პრეზიდენტ სააკაშვილის - შეხვედრისა და შეიარაღებული დაპირისპირების განუახლებლობის, ძალის გამოუყენებლობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ დეკლარაციის შესაძლო ხელმოწერისგან.”

კოფი ანანის 26 ივნისის ანგარიშის ერთ-ერთ ბოლო მუხლში ნახსენებია ცნობილი ე.წ. “ბოდენის დოკუმენტი”: “დოკუმენტი კონფლიქტის სრულად მოგვარების პრინციპების შესახებ, სახელწოდებით “თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე”, ძალაში რჩება. ამის პარალელურად მხარეებმა ერთმანეთს უნდა შესთავაზონ და კონსტრუქციულად განიხილონ შესაბამისი წინადადებები. საბოლოოდ, პროგრესი სამშვიდობო პროცესში დამოკიდებულია ორივე მხარის კეთილ ნებაზე შეინარჩუნონ დიალოგი და თავი აარიდონ ისეთ ქმედებასა და რიტორიკას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის როგორც დიალოგს, ასევე უსაფრთხოებას”, - ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშში აფხაზეთში – საქართველოში - არსებული ვითარების შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG