Accessibility links

logo-print

გასულმა კვირამ საპროტესტო აქციების


გასულმა კვირამ საპროტესტო აქციების,

მღელვარებისა და მწვავე განცხადებების ფონზე ჩაიარა. აშკარაა, რომ სანდრო გირგვლიანის შემზარავი მკვლელობის საქმემ საქართველოში არსებული თითქმის ყველა ძირითადი პრობლემა გააერთიანა და სხვადასხვა მიზეზით უკმაყოფილო ადამიანები ერთმანეთს დაუკავშირა. ქვეყანაში ვითარების გამწვავება, რომელშიც ექსპერტები პოლიტიკური კრიზისის ელემენტებსაც ხედავენ, საქართველოს პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტს დაემთხვა. ქვეყნის შიგნით მიმდინარე ემოციურმა მოვლენებმა ერთგვარად დაჩრდილა კიდეც სააკაშვილისა და ბუშის შეხვედრა.


"საქართველოს პრეზიდენტი აქ არ იქნებოდა, მე რომ საქართველოზე არ ვფიქრობდე" - ეს სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს ეკუთვნის. 5 ივლისს მასპინძელმა სტუმარს, მიხეილ სააკაშვილს, მეგობარი უწოდა, ენერგიულობა და რეფორმები შეუქო და მადლობა გადაუხადა ერაყის ომში დახმარებისთვის. 5 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე გაირკვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ქართული სტუმარმასპინძლობა არ დავიწყებია და ისიც კარგად ახსოვს, რომ საქართველო ამერიკის დახმარებას საჭიროებს. დახმარების საჭიროება პრეზიდენტ ბუშს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც შეახსენა იმ წერილის შინაარსის გაცნობით, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში ხევსურებმა შექმნეს და რომელმაც მაშინ ამერიკამდე ვერ ჩააღწია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში დაცული ხელნაწერი ჟურნალისტებსაც წაუკითხა:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”ძლიერის ერის სახელმწიფო ხართ და გვინდა დახმარება გაგვიწიოთ. თუ თქვენ არ გვიშველეთ, სხვა მშველელი ჩვენი აღარ არის. აბა, ძმებო, თქვენი იმედიღა გვაქვს. შავ დღეში ვართ.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტი ბუში უარზე არ არის. ის მზად არის ყველაფერში დაეხმაროს საქართველოს და, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატოსკენ მიმავალი გზაც გაუკაფოს:

(ჯორჯ ბუშის ხმა) ”მე მჯერა, რომ ნატო მოიგებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებით, ისევე როგორც საქართველოსთვის იქნება მომგებიანი ნატოს წევრობა. ამის მიღწევა ნატოში გაწევრიანების გეგმის გავლით შეიძლება. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ გავუიოლოთ საქართველოს ნატოსკენ გზა. საქართველოს ბევრი აქვს გასაკეთებელი და მის პრეზიდენტს ესმის ეს.”

რა არის ის ”ბევრი”, რაც საქართველოს აქვს გასაკეთებელი, პრეზიდენტ ბუშს აღარ დაუკონკრეტებია. მისთვის მთავარია, რომ ქვეყანაში პრიორიტეტს დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპების დაცვა წარმოადგენს. თუმცა თითქმის მთელი გასული კვირის მანძილზე საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობდნენ თბილისის ქუჩებში გამოსული ოპოზიციური ძალები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი. საპროტესტო აქციების მონაწილეებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ, მართალია, პრეზიდენტი ბუში საქართველოზე ფიქრობს, მაგრამ მან არ იცის, რეალურად რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და როგორ უსამართლოდ ექცევა საკუთარ ხალხს საქართველოს ხელისუფლება.

ქუჩაში გამოსული ადამიანების პროტესტის მთავარ თემას გასულ კვირას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის რეკორდულად მოკლე დროში დასრულება წარმოადგენდა. 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა. მოსამართლემ ვერდიქტის გამოცხადება ისეთ დაბალ ხმაზე დაიწყო, რომ დარბაზში მაინც არაფერი ისმოდა, მაგრამ სანდრო გირგვლიანის დედამ მოუწოდა ყველას არ მოესმინათ უსამართლო განაჩენი და დარბაზი დაეტოვებინათ:

(ირინა ენუქიძის ხმა, ხმაურის ფონზე) ”მომისმინეთ ახლა მე, ძალიან გთხოვთ... ბატონო მოსამართლევ, არ გვაინტერესებს თქვენი ნათქვამი. თქვენ განსასჯელთა სკამებზე დაჯდებით - მოსამართლეებიც და თქვენც... ვტოვებთ ჩვენ დარბაზს... კარგად ბრძანდებოდეთ... არ გისმენთ...” (სტილი დაცულია)

საბოლოოდ, მოსამართლე ჩემიამ განაჩენი ცარიელ დარბაზში წაიკითხა: გია ალანიას 8 წელი მიუსაჯა, ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავას და მიხეილ ბიბილურიძეს კი - 7-7 წელი. მოსამართლემ არ გაითვალისწინა მკვლელობის მთავარი მოწმის ლევან ბუხაიძის 5 ივლისის ჩვენება, რომლის მიხედვითაც იმ ღამით ოქროყანის სასაფლაოზე არა მიხეილ ბიბილურიძე, არამედ ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი იყო.
სასამართლოს დარბაზს მიღმა კი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მანდატურის სამსახურის თანამშრომლები და დეპუტატები, რომლებიც სანდრო გირგვლიანის 3 მეგობრის დაკავებას აპროტესტებდნენ. დაზარალებულთა შორის იყო პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი.

აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც იმ დღეს გირგვლიანის პროცესზე მივიდა, სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა გახლდათ. ის უკმაყოფილო და აღელვებული იყო:

(გოგა ხაინდრავას ხმა, ხმაურის ფონზე) ”მე ვფიქრობ, რომ გამოტანილი განაჩენი საზოგადოებისთვის არის აბსოლუტურად არაადეკვატური და ამას მოწმობს მოვლენები, რომელსაც ჩვენ ახლა ვუყურებთ. საერთოდ, ეს პროცესი ძალიან სერიოზულ კვალს დატოვებს საქართველოს საზოგადოებაზე. მე ვფიქრობ, რომ გარკვეული საზოგადოებრივი კრიზისის ნიშნები სახეზეა, ვფიქრობ - პოლიტიკურისაც და, ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ყველანაირად შექმნილი ვითარება იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები - ის, რომელიც სჭირდება ქვეყანას.” (სტილი დაცულია)

სასამართლო დასრულდა, დაზარალებული მხარის მოთხოვნები კი უცვლელად დარჩა:

(ირინა ენუქიძის ხმა) ”იმ სუფრის მსხდომები სულ ყველა უნდა დაისაჯონ: ახალაია, სანოძე, დონაძე, მელნიკოვი, სალაყაია... ესენი ვერ გაგვექცევიან. ამაში ვარ დარწმუნებული. სანამ მე ამათ არ დავსჯი, მე არ გავჩერდები და ასევე სხვის შვილებს გადაარჩენს სანდრო.” (სტილი დაცულია)

გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის მიერ გახმიანებული ამ მოთხოვნის პარალელურად, მომიტინგეები, რომლებიც საქალაქო სასამართლოს ეზოდან ჯერ დროებითი დაკავების იზოლატორისკენ, ხოლო შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ გაემართნენ და იქ პროფესორ-მასწავლებლების აქციას შეუერთდნენ, ვანო მერაბიშვილის გადაყენებასაც მოითხოვდნენ. სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ ასეთ დაძაბულ ვითარებაში შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს, 6 ივლისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, თოქ-შოუ ”თავისუფალი თემის” წამყვანმა ეკა ხოფერიამაც გააკეთა:

(ეკა ხოფერიას ხმა) ”პირველად ღია ეთერში უნდა გამოსულიყო დათა ახალაია, მაგრამ იყო პირობა, რომ ის უნდა ყოფილიყო ბოლო სტუმარი. ჩემთვის ეს პირობა არის მიუღებელი. მე ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს სტუმარს, მომდევნო სტუმარს. მე ვფიქრობ, რომ, როდესაც ქვეყანაში ასეთი მკვლელობაა, მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს მაინც... და ეს არის ჩემი ბოლო გადაცემა ჩემს არხზე, მე მივდივარ აქედან.” (სტილი დაცულია)

ჟურნალისტის ასეთ ნაბიჯს იმავე ღამით ”სამოქალაქო გმირობა” უწოდა პოლიტიკურმა ოპოზიციამ, თუმცა მეორე დღეს მსგავსი შეფასებებისგან უკვე აშკარად შეიკავა თავი. მეორე დღეს გაჩნდა ეჭვი, რომ ჟურნალისტის ასეთი ნაბიჯი, ვანო მერაბიშვილის ჩაძირვის ხარჯზე, ირაკლი ოქრუაშვილის ფრთის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. თუმცა ასეთ ეჭვებს ”სისულელეს” უწოდებს თავად ეკა ხოფერია. სამაგიეროდ, ეთანხმება სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა ტაბატაძეს, რომელიც ამბობს:

(ნიკა ტაბატაძის ხმა) ”კატეგორიულად გამოვრიცხავ თავად ეკა ხოფერიაზე “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე ზეწოლის ფაქტს და, მით უმეტეს, გადაცემაში ჩარევის მცდელობას.” (სტილი დაცულია)

ტაბატაძე იმედოვნებს, რომ ეკა ხოფერია ტელეკომპანიას არ დატოვებს. მართალია, საავტორო პროგრამას ის აღარ წაიყვანს, მაგრამ არხიდან წასვლის გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის უფროსს ჯერ არ მიუღია.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმემ გასულ კვირას ქვეყანაში არსებული სხვა სერიოზული პრობლემებიც გააერთიანა, მაგალითად: დაკავება თანასწორობის ინსტიტუტის 5 წარმომადგენლისა, რომლებიც ”სინდისის პატიმრებად” იწოდებიან; აჭარის ზღვის სანაპიროზე სასტუმროებიდან დევნილების ძალის გამოყენებით გამოსახლება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების პროტესტი; პროფესორ-მასწავლებლების ჯერ სააქტო დარბაზში ჩაკეტვა, ხოლო შემდეგ - ზოგიერთი მათგანის თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე გამოძახება გასული კვირის ხმაურიან მოვლენებად იქცა. განცხადება იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვისას კანონი დაარღვია და მათ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, 3 ივლისს საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ გააკეთა.

საპროტესტო აქციები მომავალ კვირას განახლდება, თუმცა, როგორც ირკვევა, ხელისუფლებას ქუჩაში გამოსული ხალხი არ აშინებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი არველაძე ყოველივე ამას ხელოვნურად აგორებულ პროცესს უწოდებს და 7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ”ამგორებლებსაც” ასახელებს: ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ტელეკომპანია "იმედსა" და სხვა მედიასაშუალებებს, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყანაში რევოლუციური ვითარების შექმნასა და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას ცდილობენ.

და კიდევ ერთი: პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ და დაკავებული თანამდებობიდან მის გადადგომას გამორიცხავენ.
XS
SM
MD
LG