Accessibility links

როგორ იყენებს საქართველო ამერიკის სამხედრო დახმარებას


ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა

ამერიკის პრეზიდენტს აღუთქვა, რომ საქართველო ბოლომდე იბრძოლებს ერაყში კოალიციის მხარდამხარ. თუმცა საგულისხმოა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სამხედრო ძალებს სულ უფრო დიდი რაოდენობით ტოვებენ ის ქართველი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებიც ერაყში კოალიციის მხარდამხარ იბრძოდნენ. შემცირებაში ჰყვებიან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც თავის დროზე ამერიკის პრესტიჟული სამხედრო სასწავლებლები დაამთავრეს. შესაბამისად, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენად სწორად იყენებს საქართველო ამერიკიდან მიღებულ სამხედრო დახმარებას. დღეს პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” სწორედ ამ პრობლემაზე მინდა გესაუბროთ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, პირველი ქართველი ოფიცერია, ვინც 1999-2001 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟული სამხედრო სასწავლებელი - სახმელეთო ჯარების ომის წარმოების კოლეჯი დაამთავრა. როგორც ვახტანგ კაპანაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ერთი მსმენელის მომზადება პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში ამერიკის შეერთებულ შტატებს საკმაოდ ძვირი დაუჯდა:

[ვახტანგ კაპანაძის ხმა] ”ომის წარმოების კოლეჯი ოპერატიულ-სტრატეგიული დონის უმაღლესი სასწავლებელია და კორპუსისა და ბრიგადის მეთაურების დონის ოფიცრებს ამზადებს. ეს კურსი დაახლოებით ასი ათას დოლარამდე დაჯდა. ამას დაემატა ოთხთვიანი სპეციალური ენობრივი მომზადების კურსები.”


მაგრამ ამერიკელების ეს 100 ათასი დოლარი წყალში გადაიყარა: გენერალი ვახტანგ კაპანაძე ერთი წლის წინ სამხედრო უწყებიდან პირადი განცხადების საფუძველზე დაითხოვეს. თუმცა უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ გენერალს პატაკის დაწერა თავად თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სამხედრო საბჭოს სხდომაზე მოსთხოვა. უფრო ადრე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს ამავე კოლეჯის მეორე კურსდამთავრებული, ბრიგადის გენერალი გიორგი გოგაშვილიც. ვახტანგ კაპანაძის თქმით, ცოტა ხნის წინ იგივე ბედი ეწია ამ კოლეჯის კიდევ ერთ კურსდამთავრებულს - პოლკოვნიკ მიხეილ სადუნიშვილს:

[ვახტანგ კაპანაძის ხმა] ”ზუსტად ჩემ შემდეგ, ერთი წლის შემდეგ, ამ სასწავლებელში მიიღეს პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და ამჟამად, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის შეიარაღებულ ძალებში არ იმყოფება.” (სტილი დაცულია)

ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით პოლკოვნიკ მიხეილ სადუნიშვილს, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ერაყში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი იყო და, წესით, სამხედრო სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლებით სარგებლობდა. მან განაცხადა, რომ საკუთარი სურვილით პენსიაში გავიდა და ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადა. თუმცა ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ ახალგაზრდა ოფიცერს საკუთარი ნებით 80-ლარიანი პენსია გაეცვალა საკმაოდ მაღალანაზღაურებად და პერსპექტიულ სამხედრო კარიერაზე. სამაგიეროდ, კომენტარზე უარი არ უთქვამს მაიორ გიორგი მელითაურს, რომელიც ერთი წლის წინ იძულებული გახადეს დაეტოვებინა სამხედრო უწყება. ცნობისათვის: მელითაური 2002-203 წლებში კოსოვოში ქართული ბატალიონის მეთაური იყო, შემდეგ დაამთავრა გერმანიის გენერალური შტაბის უმაღლესი აკადემია და შარშან ზაფხულში დაბრუნდა საქართველოში.

[გიორგი მელითაურის ხმა] ”როგორც ჩამოვედი გერმანიიდან, ეგრევე მივმართე პატაკით თავდაცვის სამინისტროს j-1-ის სამმართველოს უფროსს მოხსენებით, რომ დავბრუნდი. შემდეგ ორჯერ მივმართე გენერალური შტაბის უფროსს შეხვედრაზე, რაზეც პასუხიც არ მიმიღია. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მეც აღარ მიმიკითხავს და არც სურვილი მქონია, რომ ამ სისტემაში დავრჩენილიყავი.”(სტილი დაცულია)

სამხედრო უწყებიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოუშვეს კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი, რომელიც სამი თვის წინ ერაყიდან კოალიციის სარდლობის მადლობებით დაბრუნდა. თუმცა, რადგან მისი საქმე ჯერ კიდევ კადრების განკარგულებაშია, ოფიცერმა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა და მხოლოდ ასეთი განმარტება მოგვცა:

[ინკოგნიტო ოფიცრის ხმა] ”უბრალოდ, მე მინდა ვთქვა, რომ ჩამოსვლისთანავე დამრჩა იგივე პრობლემები, რაც დავტოვე წასვლისას. ქვეყანა არ შეცვლილა არც ჩემთვის და არც იმ ბიჭებისათვის, ვინც ჩამოვიდნენ.” (სტილი დაცულია)

შესაძლოა, იმის გამო ამჯობინა შარშან პრესტიჟული სამხედრო კოლეჯიდან გაქცევა და ამერიკაში დარჩენა ლეიტენანტმა მზია კაპანაძემ, რომელსაც მანამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა გმირი უწოდა, რომ ქვეყანაში ”არაფერი იცვლება”? შესაძლოა, ამიტომაც თქვა შარშან უარი სახელმწიფოსთან კონტრაქტის გაგრძელებაზე იმ ორასზე მეტმა პროფესიონალმა ჯარისკაცმა ელიტარული ”კომანდოსთა” ბატალიონიდან, პირველი ქვედანაყოფიდან, რომელიც ამერიკელმა ინსტრუქტორებმა, ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში, სამი წლის წინ გაწვრთნეს? მაგრამ ამ შეკითხვებზე პასუხი სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა მხოლოდ ერთხელ პარლამენტის ტრიბუნიდან გასცა და თემა ამოწურულად გამოაცხადა:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] ”პირიქით, მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო ადრე წავლენ ასეთი ადამიანები ჯარიდან, მით უფრო უკეთესია საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. ეს არის შევარდნაძის დროს საქართველოს ჯარში მოსული ხალხი, მაშინ, როდესაც, ადამიანს არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა, თუ რატომ უნდა წასულიყო ჯარში. ეს ხალხი იყო მოსული ხელფასისთვის და მეტი არაფრისთვის. მათ ერაყში დააგროვეს გარკვეული თანხა და მოუნდათ ბიზნესის წამოწყება. ღმერთმა ხელი მოუმართოთ.”

ამ დღეებში კვლავ ჟონავს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროდან მორიგი საკადრო წმენდის თაობაზე. ლაპარაკია ელიტური მესამე ბრიგადის მთელი შტაბისა და ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. თუმცა ამ ინფორმაციების გადამოწმება ვერ ხერხდება. საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის, მისი მეუღლისა და სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აგორებული საპროტესტო ტალღის ფონზე, მეორე ძალოვანი სტრუქტურა, თავდაცვის სამინისტრო, და თავად სამხედრო უწყების ხელმძღვანელი გრძელ ჩრდილში მოექცნენ.
XS
SM
MD
LG