Accessibility links

logo-print

ბაროზუ “დიდ რვიანს” ენერგეტიკის სფეროში წარმოებულ ვაჭრობაში გლობალური პრინციპების შემუშავებისკენ მოუწოდებს


“დიდი რვიანის” პეტერბურგის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირი აცხადებს, რომ ამ სამიტზე ენერგეტიკით გლობალურ ვაჭრობაში ერთიანი პრინციპების შემუშავება სურს.

ევროპის კომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ დღეს ბრიუსელში განაცხადა, რომ ეს “დიდი რვიანის” ყველა წევრისთვის იქნება ხელსაყრელი. თუმცა, ამავე დროს, ბაროზუ ფიქრობს, რომ ამ საკითხთან მიმართებით რუსეთი ევროკავშირის პირობებს, ალბათ, არ დასთანხმდება. აღსანიშნავია, რომ ბაროზუ თავადაც გაემგზავრება სანკტ-პეტერბურგში და სამიტს დაესწრება. ”ახალი ევროპის” დღევანდელი გამოშვება სწორედ ამ “დიდი რვიანის” სამიტთან დაკავშირებით ევროკავშირის სურვილებს ეხება.

ევროპის კავშირი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთის მხრიდან უკრაინის მისამართით გატარებული ენერგეტიკული პოლიტიკის მოწმე გახდა, ახლა თავისი ძირითადი ენერგეტიკული პარტნიორის გლობალური პრინციპების ჩარჩოში მოქცევას ცდილობს.

როგორც ევროპის კომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ სამშაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ ეს იქნება მთავარი ”მესიჯი”, რომელსაც ის კვირის ბოლოს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სამიტზე ჩაიტანს:

[ბაროზუს ხმა] ” ‘დიდი რვიანის’ ლიდერები უნდა შეთანხმდნენ ძირითად პრინციპებზე, რომლებსაც ყველა მხარე გაატარებს. ეს რეალურად შექმნის ურთიერთდამოკიდებულებას და ურთიერთნდობას. ამავე დროს, შეიქმნება გრძელვადიანი ინვესტიციებისა და ენერგეტიკის თავისუფლად მოძრაობისთვის ხელსაყრელი ატმოსფერო.”
ბაროზუ სამიტს ევროპის კომისიის ხელმძღვანელის რანგში დაესწრება. ევროპის მორიგე პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურის რანგში სამიტზე ჩავა აგრეთვე ფინეთის პრემიერ-მინისტრი მატი ვანჰანენი. “დიდ რვიანში” ევროკავშირის ოთხი წევრი ქვეყანა შედის - გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია. მათთან ერთად “დიდი რვიანი” შეერთებულ შტატებს, კანადას და იაპონიას აერთიანებს.

“დიდი რვიანის” მორიგე პრეზიდენტმა ქვეყანამ, რუსეთმა, ამ კვირის ბოლოს დანიშნული სამიტისთვის საკუთარ პრიორიტეტად გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი გამოაცხადა.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, ბაროზუმ აღიარა, რომ რუსეთის ეს პრიორიტეტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის ინტერესებისგან:

[ბაროზუს ხმა] ”მე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება არ არსებობს. სამწუხაროა, მაგრამ ამ საკითხზე ერთიანი კომპრომისის მიღწევა “დიდი რვიანის” დონეზე ჩართულ ყველა პარტნიორთან არ მოხერხდა. ლაპარაკია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამართლიანი კონკურენტუნარიანობა, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ბაზრის თანაბარი ხელმისაწვდომობა. ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს.”

პრინციპები, რომლებზეც ევროკომისიის პრეზიდენტი საუბრობს, ე.წ. ენერგეტიკული ქარტიის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც რუსეთმა ხელი მოაწერა, მაგრამ მის რატიფიკაციაზე უარს აცხადებს. ევროკავშირი რუსეთის ამ უარს იმის ნიშნად აღიქვამს, რომ ევროპულ კომპანიებს რუსეთში ინვესტიციების ადვილად და უსაფთხოდ განხორციელება არ შეუძლიათ, ხოლო რუსეთის გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურა მათთვის საერთოდ ხელმიუწვდომელი რჩება.

თუმცა ბაროზუმ რუსეთის მხარის პრეტენზიებზეც ისაუბრა - რომ ევროკავშირი საკუთარ ენერგეტიკულ ბაზრებს მყარად იცავს და გარეშე ორგანიზაციებს იქ შეღწევა ძალიან უჭირთ. ბაროზუს აზრით, ევროპის სურვილმა, უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგეტიკის შიდა ბაზრის გახსნა უნდა მოიტანოს.

ერთ-ერთი საკითხი, რომლის ირგვლივაც სამიტზე უთანხმოება იჩენს თავს, ატომური ენერგეტიკის სფეროში ვაჭრობაა - მიაჩნია ევროკომისიის პრეზიდენტს. ბაროზუს თქმით, ატომური იარაღის გავრცელების შესახებ შეშფოთება, რუსეთის მხრიდან არასაკმარისი საკონტროლო ზომების გატარება და ქვეყანაში ბირთვული მასალის საბაზრო ფასების შესახებ მკაფიო მაჩვენებლების არარსებობა იმას მოასწავებს, რომ მოსკოვთან ახლო მომავალში შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება.

ბაროზუს განცხადებით, ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს ენერგეტიკის წყაროების დივერსიფიკაციაზე მუშაობას და შეეცდება რუსეთის გვერდის ავლით დაამყაროს პირდაპირი კავშირი ენერგეტიკით მდიდარ ქვეყნებთან შუა აზიაში.

ის, რომ ევროკავშირი “დიდი რვიანის” სამიტზე ძირითად აქცენტს ენერგეტიკის საკითხებზე გააკეთებს, არ ნიშნავს, რომ მისთვის ტრადიციულად აქტუალური ადამიანის უფლებების თემა უგულებელყოფილი იქნება, - განაცხადა ბაროზუმ. თუმცა მან აქვე ისიც აღიარა, რომ ჯერჯერობით არ იცის, ზუსტად როდის და რა ფორმით გაამახვილებს ადამიანის უფლებების საკითხზე ყურადღებას:

[ბაროზუს ხმა] ”რასაკვირველია, თუ შესაფერისი სიტუაცია იქნება, ამ საკითხს წამოვჭრით. თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა რუსმა პარტნიორებმა ამ საკითხზე ჩვენი აზრი კარგად იციან. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია და მე მინდა, რომ ის კიდევ უფრო მკაფიო იყოს: ჩვენ ენერგეტიკას ადამიანის უფლებებზე არ ვცვლით. ეს ნათელია.”

ბაროზუს თქმით, მისი სურვილია სამიტზე ადამიანის უფლებები მხოლოდ რუსეთის კონტექსტში არ განიხილონ. საუბარი ევროპასა და სხვა ადგილებსაც უნდა შეეხოს, ვინაიდან, ბაროზუს აზრით, ”სრულყოფილი არავინ არის”.
XS
SM
MD
LG