Accessibility links

logo-print

ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივიან


საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატები ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს საკონსტიტუციო

სასამართლოში უჩივიან. ლაპარაკია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მეექვსე და მეშვიდე ნაწილებზე, რომლებიც, ადვოკატთა თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და მე-18 მუხლებს ეწინააღმდეგება. საკონსტიტუციო სარჩელს ხელს აწერს ადვოკატი ონისე მებონია, რომელიც, სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის განკარგულებით, სწორედ რომ სადავო 208-ე მუხლის საფუძველზე დააპატიმრეს პროცესის მსვლელობისას. რატომ მიიღო მოსამართლემ ადვოკატის დაპატიმრების გადაწყვეტილება და რას უწუნებენ ადვოკატები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლს?

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ონისე მებონია მიმდინარე წლის 14 ივნისს სიღნაღის რაიონის სასამართლოში წარმოადგენდა და იცავდა განსასჯელების - მიგრიაულისა და ჯანაშვილის - ინტერესებს, თუმცა სხდომის მსვლელობისას მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა გასცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც თავად ადვოკატი აღმოჩნდა თელავის შინაგან საქმეთა სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში. ჩემი თხოვნით, ონისე მებონიამ აღადგინა მოსამართლესთან გამართული დიალოგის უმთავრესი დეტალები:

[ონისე მებონიას ხმა] „მოსამართლეს ვუთხარი, რომ პროტესტის ნიშნად ვტოვებდი სხდომის დარბაზს. ამის საფუძველზე მოსამართლემ ადგილზევე გამოიტანა განკარგულება ჩემი დარბაზიდან გაძევების შესახებ. ამ დროს, სანამ გავიდოდი, მოსამართლეს ვკითხე, მორიგი პროცესი როდის დაინიშნება-მეთქი? მიპასუხა, თქვენ ვინ ხართ, საერთოდ, რომ კითხულობთო. ამაზე მე ვუპასუხე: მე ვარ ადვოკატი, მაგრამ ჩემთვის დღეს გაუგებარია, ვინ ხართ თქვენ და რა ფუნქციას ასრულებთ-მეთქი.“

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, როგორც ადვოკატი ამბობს, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მიიჩნია, რომ სასამართლოს მიმართ გამოხატულია აშკარა და უხეში უპატივცემულობა და, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე, ონისე მებონიას ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ვითარებაში გასარკვევად მე სიღნაღის რაიონულ სასამართლოში დავრეკე. პასუხი ხვიჩა კიკილაშვილის თანაშემწემ გამცა:

[მოსამართლის თანაშემწის ხმა] „ბატონ ხვიჩას კომენტარის გაკეთება არ სურს. კომენტარს უზენაესი სასამართლოს პრესცენტრი გააკეთებს.“

უზენაესი სასამართლოს სპიკერი-მოსამართლე ნუნუ კვანტალიანი კი ამბობს, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს ჰქონდა საბაბი ესარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლით მინიჭებული უფლებით. სპიკერი-მოსამართლე იმეორებს ადვოკატის გამონათქვამებს, რომლებიც ოქმშია დაფიქსირებული:

[ნუნუ კვანტალიანის ხმა] „სასამართლო არაკომპეტენტურიაო, ეს არის წარმოდგენილი შოუო, ეს არ არის სასამართლო, ეს არ არის მოსამართლეო. ეს არის არაკაცი, არარაობა და სხვა მსგავსი სიტყვებით მიმართავდა.“

ონისე მებონიამ სასჯელი მორჩილად მოიხადა. საქმე ის არის, რომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმავე 208-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარის ეს განკარგულება არ ექვემდებარება გასაჩივრებას, რაც, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარის მანანა კობახიძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპის კონვენციის მოთხოვნათა უხეში დარღვევაა:

[მანანა კობახიძის ხმა] „ეს არღვევს არამარტო კონსტიტუციის 42-ე მუხლს, რომლითაც გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ევროპის კონვენციის მე-6 მუხლს და, ასევე, რომის წესდებას, რომელიც არის რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ და რომელიც პირდაპირ კრძალავს სასამართლო დარბაზში გარკვეული უწესრიგობისათვის ადამიანის დაპატიმრებას.“

„კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და ადვოკატთა ასოციაციის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ ამ 208-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას სთხოვენ. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი დავით ასათიანი ამბობს, რომ, წესრიგის დაცვის საბაბით, მოსამართლეს მხარეთა შეზღუდვის საშუალება ეძლევა:

[დავით ასათიანის ხმა] „აღნიშნული ნორმა საფრთხის შემცველია იმ გაგებით, რომ რომელიმე არაკეთილსინდისიერმა მოსამართლემ შეიძლება გამოიყენოს როგორც მხარის წინააღმდეგ, ასევე ადვოკატის წინააღმდეგ, რათა არ მოხდეს პროცესში მისი უფლებების სათანადოდ წარმოდგენა.“

ადვოკატების მიერ შედგენილი საკონსტიტუციო სარჩელი ა-ოთხი ფორმატის ხუთ გვერდზეა ჩამოყალიბებული. სარჩელს თან ახლავს სადავო ნორმატიული აქტი, რწმუნებულება და ბაჟის გადახდის ქვითარი. თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, რომელმაც სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
XS
SM
MD
LG