Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესას, რომელიც ბოლო ხანებში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების გამწვავებას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის პრესას, რომელიც ბოლო ხანებში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების გამწვავებას წინასწარმეტყველებს, ამ პროგნოზის გასამყარებლად

დამატებითი არგუმენტი მიეცა: რუსეთის გაზეთების ვარაუდით, კვირას ცხინვალში განხორციელებული ტერაქტი, რომელსაც ცხინვალის უშიშროების საბჭოს მდივანი ოლეგ ალბოროვი ემსხვერპლა, თბილისსა და ცხინვალს შორის ახალი შეტაკების რეალურ ნიშნად უნდა იქნეს აღქმული. რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.

10 ივლისის გაზეთ ”ვედომოსტის” ცნობით, რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება ახალ დონეზე გადავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გადაკეტა ოფიციალური თბილისის მიერ აღიარებული ერთადერთი სახმელეთო საზღვარი საქართველოსთან, საპასუხოდ კი თბილისმა ცხინვალის ბლოკირება დაიწყო. რუსეთის მხარის მტკიცებით, ზემო ლარსის ჩაკეტვის შესახებ საქართველოს მხარე რამდენიმე თვით ადრე გააფრთხილეს, თუმცა, გაზეთის ცნობით, ამას კატეგორიულად უარყოფენ თბილისში, სადაც ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ჩაკეტვას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავების კიდევ ერთ მიზეზად მიიჩნევენ. ”ვედომოსტის” ცნობით, ვითარების გამწვავება კიდევ ერთმა ფაქტმა გამოიწვია. კერძოდ:


კვირა დილით საკუთარი სახლის ეზოში მოკლეს ცხინვალის ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივანი ოლეგ ალბოროვი. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას აძლევს და მომხდარში ოფიციალურ თბილისს ადანაშაულებს. როგორც სააგენტო ”ინტერფაქსს” განუცხადა თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხაილ მინძაევმა, თბილისში შედგენილია ცხინვალის ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა სია, რომელთა ლიკვიდაციაც ცხინვალში მეორედ შეჭრის წინ იგეგმება. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების სფეროში გიორგი ხაინდრავა მინძაევის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკოსებს შორის ალბოროვი ყველაზე პროქართულად განწყობილი პოლიტიკოსი იყო. გაზეთს მოჰყავს მოსკოვის კარნეგის ცენტრის თანამშრომლის ალექსეი მალაშენკოს აზრი, რომ ალბოროვის მკვლელობამ, ნაკლებ სავარაუდოა, ახალი შეტაკება გამოიწვიოს თბილისსა და ცხინვალს შორის, თუმცა ახალ დაძაბულობას რომ გამოიწვევს, უეჭველია. ეს კი, მალაშენკოს აზრით, “დიდი რვიანის” შეხვედრის წინ რუსეთს ხელს არ აძლევს.




ვინ იყო ოლეგ ალბოროვი, რომლის მკვლელობაც, შესაძლოა, ცხინვალის კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვის ახალ მიზეზად იქცეს? - 10 ივლისის გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით, ალბოროვი ცხინვალის ხელისუფლების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო - ქართულ-ოსური ომის ვეტერანს 2004 წლამდე უშიშროების მინისტრის თანამდებობა ეკავა. როგორც ”კომერსანტი” წერს, ქართული მხარის ვერსიები ალბოროვის მკვლელობის შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით დიამეტრულად განსხვავდება ცხინვალის ხელისუფლების შეფასებებისგან:


კონფლიქტების მოგვარების სფეროში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, ალბოროვი ყველაზე კონსტრუქციული პოლიტიკოსი იყო, რითაც პრობლემებს უქმნიდა ცხინვალის ხელისუფლების ე.წ. ძერებს - ისინი მასში შემოდგომისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო კონკურენტს ხედავდნენ. ”ამიტომაც მოიშორეს თავიდან,” - განუცხადა ”კომერსანტს” გიორგი ხაინდრავამ. კიდევ ერთი ვერსია კრიმინალს უკავშირდება - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჟონილ ცნობებზე დაყრდნობით, ქართული პრესა წერს, რომ ალბოროვს, რომელიც ცხინვალის შეიარაღებულ ძალებს აკონტროლებდა, საკმაოდ დაეძაბა ურთიერთობა ედუარდ კოკოითისთან: მათ სიგარეტის კონტრაბანდით მიღებული შემოსავლები ვერ გაიყვეს, - წერს “კომერსანტი”.



დღევანდელი გაზეთი ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” კი იუწყება, რომ, კრემლის ვარაუდით, აგვისტოსთვის თბილისსა და ცხინვალს შორის საომარი მოქმედებების დაწყების ალბათობა 70 პროცენტს აღწევს. როგორც გაზეთს განუცხადა კრემლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურობა ითხოვა, საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, მოსკოვის რეაქცია ძალიან მკაცრი იქნება. ” მოსკოვი რუსეთის მოქალაქეებს გასაჭირში არ მიატოვებს,” - განუცხადა მან გაზეთს და შენიშნა, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG