Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ფილმების იმპორტისთვის დასავლელი სპეციალისტები ზრუნავენ


როგორ გავყიდოთ ქართული ფილმები? როგორ მივიზიდოთ უცხოელი პროდიუსერები, როგორ დავაინტერესოთ მსოფლიო ჩვენი კინოხელოვნებით? ამ საკითხებს მიეძღვნა სამხრეთ

კავკასიის დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც 9 ივლისს დასრულდა თბილისში. მე დავუკავშირდი ამ ასოციაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, თაკო ტატიშვილს, და კონფერენციის შედეგებზე ვესაუბრე.

თბილისში - ფრანგული კულტურის ცენტრში - ჩატარებულ ამ კონფერენციას, დასავლური გაგებით, “ტრენინგი” უფრო უნდა ვუწოდოთ – სამი დღის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების კინემატოგრაფისტებს ფილმებისა და კინოპროექტების გაყიდვის შესახებ ჩვენს სინამდვილეში საკმაოდ უცნობი პროფესიის ადამიანი, გაყიდვების აგენტი, კრისტა სარედი ესაუბრა. ამ ქალბატონის საერთაშორისო რეპუტაციაზე მეტყველებს მისი ბიოგრაფია, ის ფაქტი, რომ თავის დროზე კრისტა სარედი ჯიმ ჯარმუშთან, აკი კაურისმიაკისთან, ანგ ლისთან, ლარს ფონ ტრიერთან თანამშრომლობდა. კრისტა სარედის საქართველოში მოწვევის ინიციატორი იყო ახლახან შექმნილი სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ასოციაცია, რომელიც სექტემბრიდან კინოპროექტების განვითარების პროგრამის განხორციელებას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია დაეხმარება ქართველ კინემატოგრაფისტებს მოძებნოს დამფინანსებელი დასავლეთის ქვეყნებში, თუკი, რა თქმა უნდა, მისი პროექტით დაინტერესდებიან... და რომ დაინტერესდნენ, ჩვენმა კინემატოგრაფისტებმა, პირველ რიგში, პროექტის წერა უნდა ისწავლონ ან, როგორც ჩვენთან საუბარში ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესიით იურისტი, თაკო ტატიშვილი აღნიშნავს, სწორად “შეფუთონ” თავიანთი პროექტები, რომელთაც, როგორც წესი, კინემატოგრაფისტები დიდ ფესტივალებზე წარმოადგენენ ხოლმე:

[თაკო ტატიშვილის ხმა] “ყველა, ვინც პროფესიულად არ თანამშრომლობდა, მოხვდა ერთ დარბაზში. ამის მერე გაიმართა დისკუსია ფესტივალების შესახებ, თუ რომელი ფილმი როგორ ფესტივალზე უნდა იყოს წარმოდგენილი... კარგი დასაწყისი იყო იმისათვის, რომ კინემატოგრაფისტებს დაენახათ – ფესტივალი არ არის მარტო წითელი ხალიჩა და გართობა, როგორც ხანდახან ხალხს ჰგონია.”

კრისტა სარედი გაეცნო ქართველ კინემატოგრაფისტთა პროექტებს (საქართველოდან 24 განაცხადი წარმოადგინეს) და მომავალი მუშაობისთვის ათი ადამიანი შეარჩია, მათ შორის: პროდიუსერი ეკა ხვედელიძე(იგი დათო ჩუბინიშვილისა და ლევან კოღუაშვილის ფილმებს წარმოადგენდა), ნანა ჯანელიძე, ნინო გამრეკელი, გიორგი ოვაშვილი, თორნიკე ბზიავა და სხვები.. ე.ი. კინორეჟისორებიც, პროდიუსერებიც. თაკო ტატიშვილის თქმით, პროდიუსერების ნაკლებობა კვლავაც ქართული კინოს თავის ტკივილია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ქართველი კინემატოგრაფისტები ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლებულან საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრებული სტერეოტიპისგან: თუკი საქართველოში ძალიან ნიჭიერი კინორეჟისორები გვყავს, მათ დასაქმებაზე ვიღაც სხვამ უნდა იზრუნოს. თაკო ტატიშვილის თქმით, კრისტა სარედი გაკვირვებულიც კი დარჩა საქმისადმი ასეთი მიდგომით:

[თაკო ტატიშვილის ხმა] “პრინციპში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ყველა პროექტი – პრეზენტაციის ფორმები, იერარქია, სინოფსისის შექმნის მეთოდი. ყველაფერზე ამბობდა, რომ ინფორმაცია არის ძალიან გრძელი, ძალიან ზოგადი... თქვა, რომ არასდროს იოცნებოთ, რომ ვინმე დასავლეთიდან ჩამოვა და შეგეხვეწებათ რამეს, თუკი თქვენ თავად არ მოძლიერდით, თუკი გარკვეული ქსელი არ შექმენით ერთმანეთში ურთიერთობით.”(სტილი დაცულია)

საუბრის ბოლოს დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თაკო ტატიშვილმა გვითხრა, კონფერენციაზე იმ საფრთხეზეც ისაუბრეს, რომელიც ჩვენს კინოხელოვნებას ემუქრებაო. ამ საფრთხეზე საქართველოში დღეს თითქმის არავინ ლაპარაკობს:

[თაკო ტატიშვილის ხმა] “თქვა, რომ თუ თქვენ არ დაიცავთ იმ პოტენციას, რომელიც გაქვთ, შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომ გადაიქცეთ საწარმოო ბაზრად, იაფფასიან რეგიონად, სადაც გაკეთდება ისევ “ჰარი პოტერი”, ან რაღაც ასეთი მსგავსი ფილმები... გააკეთებენ საქართველოში, მაგრამ ამერიკულ კინოს – ამის რისკფაქტორი დაინახა…ეცადა გაეგებინებინა ყველასთვის, რომ არის დიდი პოტენციალი; უბრალოდ, აუცილებელია ხალხმა ერთმანეთთან დაიწყოს პროფესიული საუბარი, არ არის საჭირო დამეგობრდნენ, მაგრამ პროფესიულად ადამიანები ერთმანეთს მხარს უნდა უჭერდნენ.” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG