Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უცხოელ დიპლომატებს უმასპინძლა


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მასთან დაპირისპირებული პროფესორ-მასწავლებლები კვლავ ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, განაგრძობენ სასწავლებლის გადარჩენის გზების ძებნას.


დაპირისპირებული მხარეები, პოზიციების შეჯერების ნაცვლად, სულ უფრო და უფრო მეტად შორდებიან ერთმანეთს. თავად განსაჯეთ: იმ დროს, როცა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მასპინძლობდა, პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც თავს „დიდი სამეცნიერო საბჭოს“ წევრებს უწოდებენ, დაცვის თანამშრომლებმა სასწავლებელში არ შეუშვეს.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების შეხვედრა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში 11 საათზე დაიწყო. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი ცენტრალურ შესასვლელთან გიორგი ხუბუას ოპონენტებმა მოიყარეს თავი.

[ისმის ხმები] „შეიძლება შემოვიდეთ? გააღეთ. არ ჩაკეტოთ!“

უნდა ითქვას, რომ პროფესორ-მასწავლებლებს სასწავლებელში ძალით შეღწევა არ უცდიათ. პასიურობის მიზეზი პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა ასე ახსნა:

[გიორგი გოგოლაშვილის ხმა] „შევეცდებით და გამოიძახებენ პოლიციას. ხომ ხედავთ რა განწყობაზე არიან.“

არადა, უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები პირველ კორპუსში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მიიჩქაროდნენ. შექმნილი წინააღმდეგობის გამო ბრიფინგი სასტუმრო “პრიმა-ვერაში” გაიმართა. გაირკვა, რომ დიდი სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეული რექტორი, ჯემალ მებონია, სასწავლებლის ადმინისტრაციასთან დიალოგის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს:

[ჯემალ მებონიას ხმა] „ეს დე ფაქტო ადმინისტრაცია უნდა გაიწვიოს ადმინისტრაციამ და უნდა აღიაროს უნივერსიტეტის როგორც ავტონომიური უფლებები, ასევე დიდი სამეცნიერო საბჭოს ქმედობაუნარიანობა, რათა დამთავრდეს ეს გაუგებრობები. თუ არადა, გაგრძელდება ეს ესკალაცია და მივიღებთ უმართავ პროცესებს, რაც არ არის საჭირო. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება დამატებით დაძაბულობები.“

დაძაბულობის განმუხტვის მომხრეა რექტორის მოვალეობის შემსრულებელიც. გიორგი ხუბუამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ერთადერთი, რასაც სასწავლებლის ადმინისტრაცია არ დათმობს, ეს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარება და დიდი სამეცნიერო საბჭოს გაუქმებაა:

[გიორგი ხუბუას ხმა] „ფიხტე და ჰეგელი დადიოდნენ კარდაკარ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და რა გახდა თბილისის უნივერსიტეტის პროფესურა, რომ ამ კონკურსებზე უარს ამბობს... და კიდევ: უნივერსიტეტი ნამდვილად ვერ აღიარებს ისეთ სტრუქტურას, რომელსაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ეს გახლავთ უნივერსიტეტის დიდი საბჭო.“

დიპლომატებთან შეხვედრამდე რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე რეფორმა სასწავლებლის ინტერნაციონალიზაციასა და დასავლური განთლების წიაღში დაბრუნებას ითვალისწინებს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი როენა ქროს-ნაჯაფიც იმედოვნებს, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში დაწყებული გარდაქმნები კეთილ ნაყოფს გამოიღებს:

[როენა ქროს-ნაჯაფის ხმა] „იცით, არაერთმა პროცესმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. ვაღიარებთ, რომ რეფორმა უნდა გატარდეს. მიმაჩნია, რომ რეფორმის განხორციელებას ყველა ემხრობა. მოცემულ ვითარებაში მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. იმ სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც აქ განათლების მისაღებად მოდიან, ვიმედოვნებთ, რომ რეფორმა, საბოლოოდ, წარმატებული იქნება.“

თუმცა საბოლოო წარმატებამდე უნივერსიტეტს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს. დაპირისპირებული მხარეები, დიალოგის დაწყების ნაცვლად, კვლავ მიტინგების გამართვასა და სასამართლოში ჩივილს ამჯობინებენ. ამჯერად უნივერსიტეტის თანამშრომელთა ერთი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიისაგან პრეზიდენტის იმ ბრძანებულების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილი გაუქმდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG