Accessibility links

რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს


13 ივლისს თურქეთში, საპორტო ქალაქ ჯეიჰანში, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტები საზეიმო ვითარებაში ჩატვირთავენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირებულ პირველ ნავთობს.


ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ეს მილსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენთან ერთად, მსოფლიოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ყალიბდება. რა პოლიტიკური სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის მსოფლიოს ენერგეტიკული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან ამ პროექტებს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ერზერუმის მილსადენებს?

“დიდი რვიანის” მოახლოებული სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება მწავავე პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე განვითარებული მსოფლიოსთვის. სწორედ ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრის მიზნით გაჩნდა კასპიის ენერგეტიკული რესურსების სამხრეთ კავკასიის გავლით დასავლეთში ტრანსპორტირების იდეაც.

[კლოდ მანდილის ხმა] ”კასპიისა და შუა აზიის ქვეყნები ევროპას უზრუნველყოფენ ენერგომატარებლების დივერსიფიცირებული მიწოდებით, სამხრეთ კავკასიის გავლით. აღმოსავლეთ კასპიის გაზის მიწოდების პოტენციალი მოხერხებულად არის განლაგებული და მასზე არის მოთხოვნა. ეს კი, თავის მხრივ, მსოფლიოს ნავთობითა და გაზით მომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოემსახურება.”

განაცხადა კლოდ მანდილმა, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, თბილისში 20 ივნისს გამართულ კონფერენციაზე.

რა სარგებელს იღებს საქართველო კლოდ მანდილის მიერ აღწერილი ენერგეტიკული დერეფნის ფუნქციონირებით? - ამ კითხვით მივმართე ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტს გია ხუხაშვილს.

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ეს პროექტი, შეიძლება ითქვას, პოლიტიკურად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია საქართველოსთვის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ ჩვენ რამით ვართ საინტერესო, ეს არის ასეთი ტიპის პროექტების განხორციელება.”

გია ხუხაშვილი დასძენს, რომ, მიუხედავად უამრავი შეცდომისა, ენეგეტიკული პროექტებით საქართველოსთვის მსოფლიო პოლიტიკური მნიშვნელობის მოპოვება ძველი ხელისუფლების დამსახურებაა.

მე ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს დავუკავშირდი და საქართველოსთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ერზერუმის მილსადენების მნიშვნელობაზე გავესაუბრე.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ”ეს გახლავთ ის ენერგეტიკული საკომუნიკაციო არხი, რომელსაც, თავისი მნიშვნელობის გამო, აქვს კიდევ დამატებითი ფუნქცია, ყურადღების ცენტრში მოაქციოს ის რეგიონი, სადაც ის გადის...”

ეს, რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პოლიტიკურ მნიშვნელობას. მათ ეკონომიკურ ეფექტზე ჩვენს შემდგომ გესაუბრებით.
XS
SM
MD
LG