Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირგვლიანის საქმის მთავარი მოწმე ლევან ბუხაიძე, შესაძლოა, ეჭვმიტანილად იქცეს


სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე და დაზარალებული ლევან ბუხაიძე, შესაძლოა, მალე ეჭვმიტანილად იქცეს. განსხვავებული ჩვენებების მიცემის

ფაქტზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. 11 ივლისს ლევან ბუხაიძე გამომძიებლის შეკითხვებს 8 საათის მანძილზე პასუხობდა და რამდენიმე დღის წინ სასამართლო დარბაზში გაკეთებული სკანდალური განცხადების მართებულობის დამტკიცებას ცდილობდა. მკვლელობის საქმის მთავარმა მოწმემ 5 ივლისს უკვე დარწმუნებით განაცხადა, რომ 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მან ოლეგ მელნიკოვი ნახა. საზოგადოებას ახსოვს, რომ ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი ბუხაიძემ რამდენიმე თვის წინ ფოტოზეც ამოიცნო, თუმცა მაშინ მან ამის გადაჭრით თქმა ვერ შეძლო. ადვოკატები დარწმუნებულნი არიან, რომ ბუხაიძის უწინდელი მერყევი პოზიცია ფსიქოლოგიური ზეწოლით იყო გამოწვეული.

სანდრო გირგვლიანის პროცესის დასრულებამდე 1 დღით ადრე, 5 ივლისს, მკვლელობის მთავარმა მოწმემ სასამართლოს დარბაზში ბევრისთვის მოულოდნელი სკანდალური განცხადება გააკეთა. ლევან ბუხაიძემ თქვა, რომ ოქროყანის სასაფლაოზე იმ ღამით არა დაკავებული მიხეილ ბიბილურიძე, არამედ სულ სხვა პიროვნება იყო:

(ლევან ბუხაიძის ხმა) ”ადამიანი, რომელიც ამ გალიაში ზის ახლა და მე-4 არის, ბიბილურიძე, მე ამ ადამიანს ვაკვირდები და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი მე იქ არ მინახავს. საუბრიდან, მოძრაობიდან და, შემდეგ უკვე, ჩანაწერებიდან გამომდინარე, მე აღვიდგინე ოქროყანაში მყოფი მე-4 ადამიანი და დადასტურებით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ოლეგ მელნიკოვი.” (ისმის აპლოდისმენტები და შეძახილები)

სანდრო გირგვლიანის დედამ ბუხაიძეს ვაჟკაცობა შეუქო, თუმცა, სხვა ბევრის მსგავსად, იმ დღეს ირინა ენუქიძე ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ეს ვაჟკაცობა მკვლელობის მთავარი მოწმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდებოდა. ძლიერი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ძალოვანი უწყების აწ უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი ოქროყანის ტრაგედიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო, ლევან ბუხაიძემ რამდენიმე თვის წინაც გამოთქვა. დეპუტატი ზვიად ძიძიგური, რომელიც მთავარ მოწმეს პარლამენტის შენობაში შეხვდა, იხსენებს, რომ ბუხაიძეს მელნიკოვის ამოცნობა არ გასჭირვებია:

(ზვიად ძიძიგურის ხმა) ”მაშინ ლევან ბუხაიძემ, საკმაოდ ადვილად, ფოტოზე, რომელიც მე კომპიუტერში მქონდა, ამოიცნო ყველაზე აგრესიული მონაწილე იმღამინდელი დარბევისა, ასე ვთქვათ. კომპიუტერის ფოტოზე რამდენადაც შეიძლებოდა ამოცნობა, იმდენად ამოიცნო და განაცხადა, რომ დაახლოებით 70-80%-ით ეს კაცი არის ის, რომელიც ამას აკეთებდა ოქროყანაში.” (სტილი დაცულია)

მოგვიანებით ბუხაიძემ გადაწყვიტა აღარ ეთქვა ის, რაშიც 100%-ით არ იყო დარწმუნებული. გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე, რომელიც ამჟამად მთავარ მოწმესაც იცავს, ამბობს რომ ბუხაიძის მერყევი პოზიცია მძიმე ფსიქოლოგიური ფონით იყო გამოწვეული:

(შალვა შავგულიძის ხმა) ”მას განემარტა, რომ ”ჰგავს”, ”დანამდვილებით ვერ ვამბობ” და სხვა ასეთი კატეგორიებით ამოცნობა არ შეიძლება და როდესაც წარმოგიდგენთ ამოსაცნობად, თქვენ ან უნდა თქვათ, რომ ამოიცანით ეს პირი, როგორც ერთ-ერთი მონაწილე დანაშაულში, ან ვერ ამოიცანით... როდესაც მას, ვიზუალურად, გამოძიების პროცესში აჩვენეს მელნიკოვი სულ რამდენიმე წამით, სხვა სამ ადამიანთან ერთად დამდგარი ოთახში, მან დანამდვილებით ვერ მიუთითა ამ პირზე და თქვა, რომ მე ამათში ვერ ამოვიცანი ეს ადამიანი... მაგრამ ის ახლა ხსნის, რომ: როდესაც სასამართლოზე მე ამ ადამიანს ვუყურებდი თითქმის ერთი საათის მანძილზე, მის ხმას ვისმენდი, მის მოძრაობას ვუყურებდი, მანერას, საუბარს, სიარულს, მე დავრწმუნდი, რომ ეს ის ადამიანია და მე არ შემიძლია ეს დავმალო... მე არ ვიქნები მართალი საკუთარი თავის წინაშე, ღმერთის წინაშე და სანდროს ხსოვნის წინაშე.” (სტილი დაცულია)

ლევან ბუხაიძის ადვოკატი ლაშა ავალიანი ამბობს, რომ 11 ივლისს, 8-საათიანი დაკითხვის დროს, მთავარმა მოწმემ შეძლო დაესაბუთებინა, თუ რატომ შეცვალა თავდაპირველი ჩვენება. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ 371-ე პრიმა მუხლით აღძრულმა სისხლის სამართლის საქმემ, რომელიც მოწმის ან დაზარალებულის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემას უკავშირდება, ბუხაიძისთვის არასასურველი განვითარება პოვოს:

(ლაშა ავალიანის ხმა) ”მაინც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და, არ ვიცი, ველოდებით, რომ, ალბათ, მალე ეჭვმიტანილადაც გვცნობენ, შეიძლება მერე - ბრალდებულადაც, შეიძლება დააკავონ კიდევაც... და, მე მგონი, ყველას დაგვიჭერენ.” (სტილი დაცულია)

ადვოკატები ფიქრობენ, რომ ყოველივე ეს ”გაღმა გამოდავებას” ჰგავს და რომ ყველაფერი მელნიკოვის დასაცავად კეთდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG