Accessibility links

logo-print

ცერემონია ჯეიჰანში: “საუკუნის პროექტი” გახსნილია


საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ყურადღება მიპყრობილია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსკენ - იქ, თურქეთის ქალაქ ჯეიჰანში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.

საქმე ეხება ოფიციალურ გახსნას, რადგან რეალურად, ნავთობის გადაქაჩვა ამ მილსადენით ჯერ კიდევ მაისის მიწურულს დაიწყო. სარგებელზე, რომელიც ნავთობსადენს მოაქვს პროექტში მონაწილე თუ ნავთობის იმპორტიორი ქვეყნებისათვის, ბევრი ითქვა ჯეიჰანში გამართულ ცერემონიაზე. ჩვენთვის რასაკვირველია, უწინარეს ყოვლისა, ის სარგებელია საგულისხმო, რომელსაც საქართველო ნახავს, ამიტომ ამ ასპექტზეც იქნება საუბარი, თუმცა თხრობას ზოგადი სურათის აღწერით დავიწყებთ.

ზოგადად კი ჯერ ის უნდა ითქვას, რომ თურქეთმა, როგორც ჩანს, ძალისხმევა და ხარჯი არ დაიშურა ჯეიჰანის ცერემონიისთვის, რომელსაც, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გუშინ საღამოს სტამბოლში უძღოდა პრეზიდენტ აჰმედ ნეჯდეთ სეზერის მიერ მრავალრიცხოვანი სტუმრებისთვის გამართული შთამბეჭდავი სახელმწიფო ბანკეტი.

თურქი ლიდერების მონდომებას გასაგები მიზეზი აქვს: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნა, რომელზეც რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტები, სხვა უმაღლესი რანგის წარმომადგენლები და გავლენიანი ბიზნესმენები მიიწვიეს, ხაზს უსვამს თურქეთის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას და მის მისწრაფებას, ევროპის საიმედო ენერგეტიკულ დერეფნად დამკვიდრდეს. 1770-კილომეტრიანი მილსადენი, რომლის უდიდესი, 1074-კილომეტრიანი მონაკვეთი თურქეთის ტერიტორიაზე გადის, ნავთობით და გაზით მდიდარ კასპიის ზღვას აკავშირებს დასავლურ ბაზართან. ეს, საიმედო დამაკავშირებლი ქვეყნის რეპუტაცია კი, როგორც თურქეთში იმედოვნებენ, ხელს შეუწყობს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამასობაში ყაზახეთმაც გამოთქვა სურვილი, ისარგებლოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით: მის მეშვეობით გაიტანოს დასავლურ ბაზარზე კასპიის ზღვის კაშაგანის საბადოზე მოპოვებული ნავთობი (კაშაგანის საბადოზე 30-40 მილიარდი ბარელი ნავთობი ეგულებათ!) მაგრამ ეს მაინც მომავლის საქმეა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის რწმენით, დღეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის ცერემონიაზე რომ გამოთქვა, პროექტს რეგიონისთვის უსაფრთხოება მოაქვს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. პროექტის მისამართით ქების სიტყვები არ დაიშურა არც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ცერემონიის მთავარი ქართველი მონაწილე, მიხეილ სააკაშვილი კი კიდევ უფრო შორს წავიდა, როცა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისის ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებსაც აღემატება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “დღევანდელი ღონისძიება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ბევრად მეტია, ვიდრე ეკონომიკური, ან თუნდაც მხოლოდ პოლიტიკური, ენერგეტიკული პროექტი. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის წინაპირობა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და მომავალი წარმატებებისათვის მყარი საფუძვლის ჩაყრის”.

ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც საქართველო მოელის ნავთობსადენიდან, ჩვენი თბილისელი კოლეგის, კახა მჭედლიძის მასალაშია ლაპარაკი. ახლა კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას დავუბრუნდეთ: პრეზიდენტი შეეხო ერთ ცნებას, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებენ ნავთობსადენის ქართული, როგორც ცნობილია, 250-კილომეტრიანი მონაკვეთის კონტექსტში. [მიხეილ სააკაშვილის ხმა] “როდესაც საუბრობდნენ ამ პროექტზე, ხშირად ამბობდნენ, რომ საქართველო არის - ჩემი ქვეყანა არის - დერეფანი. მინდა, სრული კატეგორიულობით განვაცხადო, რომ საქართველო არ არის არანაირი დერეფანი და, საერთოდ, დერეფნის ცნება ჩემთვის მიუღებელია. დერეფანი გულისხმობს კედლების არსებობას: რა ფართო შენობაშიც უნდა იყოს ეს დერეფანი, ეს არის მაინც შეზღუდული სივრცე. სინამდვილეში, ჩვენ შევქმენით ერთი დიდი სივრცე - არა დერეფნები, არა ტერმინალები, არამედ ერთი დიდი სივრცე თანამშრომლობის, ურთიერთგაგების, მეგობრობისა ჩვენს ქვეყნებს შორის”.

“ენერგეტიკულ დერეფანს” ვუწოდებთ, თუ “თანამშრომლობის, ურთიერთგაგებისა და მეგობრობის სივრცეს” - ერთი შეფასება ეჭვს არ იწვევს: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამუშავება აღიარებულია აშშ-ის დიდ გეოპოლიტიკურ წარმატებად, რადგან აშშ, არაერთი კომპანიის წინააღმდეგობის მიუხედავად (ისინი მეტისმეტად ძვირად მიიჩნევდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტს), სწორედ გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად მოქმედებდა, როცა პროექტში მონაწილე ყველა მხარე დაიყოლია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე. უფრო იაფი ვარიანტები - რახან ისინი რუსეთზე და ირანზე გადიოდა - ან არასასურველი, ან კიდევ მიუღებელი იყო აშშ-თვის. (სომხეთზე გამავალი მარშრუტი აზერბაიჯანმა დაიწუნა).

კმაყოფილებას არ მალავს არც ევროკავშირი, რომლის წარმომადგენელმაც - კერძოდ, ევროკომისიის პრეს-მდივანმა ფერან ტარადელას ესპუნიმ დღეს ბრიუსელში გააკეთა კომენტარი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით. [ფერან ტარადელას ესპუნის ხმა] “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გააუმჯობესებს ევროკავშირის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას და ხელს უწყობს ჩვენს მისწრაფებას დივერსიფიკაციისაკენ, რადგან ნავთობით გვამარაგებს მსოფლიოს სხვა კუთხიდან, განსხვავებული მარშრუტით. ენერგიის წყაროების და მარშრუტების დივერსიფიცირება კი პრიორიტეტია ევროპის ენერგეტიკულ პოლიტიკაში”.

დარჩა კიდევ რამდენიმე ასპექტი: ერთია, რასაკვირველია, ეკოლოგია, რომელიც საქართველოში ძალიან აქტუალურად დგას იმის გამო, რომ ნავთობსადენი ბორჯომის ხეობაზე გადის. მაგრამ თურქეთში ეს პრობლემა არ დგას - პირიქით, ჯეიჰანის ნავთობსადენი განტვირთავს ბოსფორის სრუტეს, რომელშიც ტანკერების მოძრაობა ძალიან მწვავე საფრთხეს უკავშირდება. და კიდევ - შეგვიძლია ახლა თურქეთში ჩვენი კოლეგის, რადიო “თურქეთის ხმის” ქართული სამსახურის მთავარი რედაქტორის, ფატიმა ალიევასაგან მოვისმინოთ ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტზე, რომელსაც თურქეთში, ისევე როგორც საქართველოში ხშირად მოიხსენიებენ საუკუნის პროექტად.

[იხ. აუდიოვერსია]
XS
SM
MD
LG