Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”მაქსიმუმ რთულ მდგომარეობაში ბუშმა სანკტ-პეტერბურგში საქართველო უნდა დაიცვას”- გაზეთ ”24 საათში” ამ სათაურით დაბეჭდილი პუბლიკაციის ავტორია დევიდ სმიტი,



პოტომაკის ინსტიტუტის პოლიტიკურ სწავლებათა უფროსი ექსპერტი და ვაშინგტონში საქართველოს ფორუმის თავმჯდომარე. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასული კვირის ვიზიტი ვაშინგტონში თეთრი სახლის დადგმის თვალსაჩინო ნაწილს წარმოადგენდა. დევიდ სმიტი მიიჩნევს, რომ ეს სანკტ-პეტერბურგში 15-17 ივლისს დაგეგმილი ”დიდი რვიანის” სამიტის წინ ამერიკის საქართველოსადმი მხარდაჭერის სერიოზული გზავნილი იყო - სიგნალი, რომელიც, აშკარაა, ”კრემლმა კარგად გაიგო” და ის მომავალ კვირას ”ფრთხილად დაელოდება იმის გარკვევას, თუ რა ადგილი უკავია საქართველოს აშშ-ის პრიორიტეტებში”. პუბლიკაციის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ჯორჯ ბუშის აშკარად დიპლომატიურ მინიშნებაზე, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები მზად არის მაქსიმალურად დაეხმაროს ნატოსკენ მიმავალ მეგობარ საქართველოს.

პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”საქართველო ნატოში”, გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყენებულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ”ბუშს ევროპელების დარწმუნება, ცოტა არ იყოს, გაუჭირდება, რადგანაც ნატოს გაფართოების მოწინააღმდეგე ევროპულ სახელმწიფოებს, სამწუხაროდ, აქვთ ბევრი კოზირი, შეუძლიათ თქვან, საქართველო ჯერ არ აკმაყოფილებს დემოკრატიული ქვეყნის მოთხოვნებს, რომ ის ნატოში მიიღონო. სწორედ ამიტომ თქვა ბუშმა, ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელიო. ანუ ბუშს კოზირი, ამ თვალსაზრისით, ჩვენ უნდა მივცეთ.”

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია მიაწოდეს და ამიტომ მსჯელობა მხოლოდ ვარაუდებით არის შესაძლებელი. ფიჩხაძე ვარაუდობს, რომ ჯორჯ ბუშს მიხეილ სააკაშვილთან ქართულ-ოსურ კონფლიქტზე არ უსაუბრია, რადგანაც ამერიკის პრეზიდენტისთვის
”ცხინვალის რეგიონი მეათეხარისხოვანია”. ”ვეჭვობ, ბუში სერიოზულად იცნობდეს ცხინვალში არსებულ ვითარებას,” - აღნიშნავს შალვა ფიჩხაძე და კვლავ ვარაუდობს, რომ ეს საკითხი სააკაშვილმა ვაშინგტონში უფრო ”დაბალ დონეებთან” განიხილა. მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში სამხედრო მოქმედებების დასაწყებად წააქეზეს, პოლიტოლოგი არ იზიარებს. ის დარწმუნებულია, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება ხელს არ აძლევთ ამერიკელებს.

ვის აძლევს ხელს პროვოკაცია ცხინვალის რეგიონში? - ამ საკითხით ”რეზონანსი” ინტერესდება. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ 12 ივლისს გავრცელებულ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც, ”დიდი რვიანის” სამიტის დღეებში საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების მოწყობას გეგმავს. ინკოგნიტო წყარო ირწმუნება, რომ პროცესები ქართული მხარის მიერ 15-20 ქართველის მკვლელობით დაიწყება, ”შემდეგ ცხედრებს რაღაც ხერხებით იმ ადგილებში ”შეაგდებენ”, სადაც რუსი სამშვიდობოების დისლოკაციის ადგილია, რათა შემდეგ მკვლელობა მათ დააბრალონ.”

”რეზონანსში” გამოქვეყნებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ქართველი პოლიტოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ პროვოკაციის მოწყობისთვის ქართულ მხარეს მიზეზი არა აქვს. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ნებისმიერი სახის პროვოკაცია, თავისი შესაძლო განვითარებით, ”სწორედ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს”. თუმცა პოლიტოლოგი შიშობს, რომ საქართველო, შესაძლოა, რუსეთის პროვოკაციაზე წამოეგოს, რადგანაც ”საქართველოს ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც შეიძლება რუსულ პროვოკაციას აჰყვეს”. ”თუკი რამე მოხდა, ეს, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთის ხელდასხმით მომხდარი პროცესები იქნება,” - აცხადებს რამაზ საყვარელიძე და დასძენს: ”იმის თქმა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსულ პროვოკაციებზე იმუნიტეტი აქვს, ძნელია.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG