Accessibility links

logo-print

საით მიჰყავს პროცესები დაპირისპირებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის


არის თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი? ხელისუფლებაში პოლიტიკურ კრიზისს უარყოფენ, კრიზისის არსებობას იქ საჯაროდ მარტო სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა აღიარებს.

ოპოზიციაში კი ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე ერთხმად საუბრობენ და ცდილობენ გააფორმონ კიდეც კრიზისი. ოპოზიციის დიდი ნაწილი აპირებს ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს. ამას გარდა, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის სხდომებს და ტელეკომპანია ”რუსთავი 2 ”-ს. ბოიკოტი ოპოზიციისთვის პოლიტიკური ბრძოლის ლამის ერთადერთ საშუალებად იქცა, ქუჩის აქციებთან ერთად, და ბრძოლის ამ მეთოდის გამოყენებაში მას ხელისუფლებაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. თუ ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს, ხელისუფლების წარმომადგენლები არ მონაწილეობენ ტელე-“იმედის” დებატებში და არ ავლენენ ოპოზიციის მოთხოვნათა მოსმენის ნებას. ესეც, ალბათ, თავისებური ბოიკოტია. საით მიჰყავს პროცესი მთელ ამ დაპირისპირებას?

”ბოიკოტი დემოკრატიულ პროცესს” - ამ სათაურით აქვეყნებს ღია წერილს პოლიტიკური მოძრაობა ”საქართველოს გზის” ლიდერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი. ”რა გამოდის?” კითხულობს ის აღნიშნულ წერილში და შეკითხვას თავადვე უპასუხებს: ” ხელისუფლება, რომელმაც თითქოს რეფორმისტული კურსი აიღო და ოპოზიცია, რომლის დიდი ნაწილი არც არასდროს ყოფილა შევარდნაძის წინააღმდეგი და არც დემოკრატიული რევოლუციის მომხრე, ორივე ერთად ბოიკოტს უცხადებს არა ამა თუ იმ არხს ან ამა თუ იმ არჩევნებს, არამედ დემოკრატიის მთავარ ინსტიტუტებს და შლის დემოკრატიულ პროცესს. ”

რა ხდება, რამდენად დრამატულია პროცესი ან ვინ ქმნის პრობლემას, რომელიც, საერთო ჯამში, დემოკრატიულ პროცესს აზარალებს? პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს ამ შეკითხვაზე ასეთი პასუხი აქვს:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”მე ვფიქ
რობ, რომ ძალიან ხშირად მედია და ოპოზიცია, ისევე როგორც ხელისუფლება, ემოციებს ჰყვება. სიჯიუტე არ ვარგა, დიალოგისთვის გახსნილი უნდა იყო. ამაში სცოდავს ყველა. ჩვენთან დიალოგის კულტურა არ არის. ”

”ბოიკოტი ნგრევაა, არ შეიძლება პოზიციის დაცვა იმის მიხედვით, შენთვის მომგებიანია თუ წამგებიანი ეს პოზიცია , პოლიტიკოსის პოზიცია სახელმწიფოსთვის უნდა იყოს მომგებიანი. ჩვენთან ხან ოპოზიცია ჯიუტობს, ხან ხელისუფლება, ხან პრესა,” - ამბობს ალექსანდრე რონდელი.

ვინც ჯიუტობს, მხოლოდ თავის სიმართლეს აღნიშნავს, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. რატომ აირჩია საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომების ბოიკოტის გზა? ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მას და მის თანამოაზრეებს სხვა გზა არ დაუტოვა:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”ჩვენ სხვა საშუალება არ დაგვიტოვა ხელისუფლებამ ჩვენი უფლება-მოვალეობის შესრულებისთვის. ბოლოს იქამდე მივიდა, რომ დაიწყო ჩვენი კოლეგების ერთადერთი ნიშნით გაძევება, რომ ისინი იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მანამდე იყო იგნორირება ჩვენი წინადადებების, რეგლამენტის დარღვევა.....”

მაგრამ ბოიკოტის შეწყვეტის პირობა სხვა რამ გახდა : დაისაჯონ გახმაურებული მკვლელობის დამკვეთები, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, შეიცვალოს საარჩევნო კანონმნდებლობა და თბილისში არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. ხელისუფლების რეაქცია ამ მოთხოვნებზე ისეთივეა, როგორიც იყო:

[ნიკა გვარამიას ხმა] ”ბევრჯერ იყო ჩვენის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის შეთავაზება, იყო საუბარი, რომ ნეიტრალური საკითხებით დაგვეწყო, მივჩვეულიყავით ერთმანეთთან დიალოგს და მერე გადავსულიყავით სერიოზულ საკითხებზე. ისინი რადიკალურ მოთხოვნებს აყენებენ, ითხოვენ ვიღაცეების გადაყენებას. ნუ, იციან, რომ ეს არ მოხდება. ”

ეს იყო უმრავლესობის წევრის, ნიკა გვარამიას,შეხედულება, რომელიც მან ჩვენთან საუბრისას ორიოდე თვის წინ გამოთქვა. დამოკიდებულება, შეიძლება ითქვას, რომ არ შეცვლილა, თუმცა მოთხოვნებში ოპოზიციას საზოგადოების ნაწილი აქტიურად აჰყვა. დაპირისპირებაში მედიაც აქტიურად ჩაერთო - ტელესივრცე, მეტწილად, ცალმხრივმა პოლიტიკურმა დებატებმა მოიცვა. ოპოზიციაში არის აზრი, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი ამოწურულია, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ოპოზიციის წინაშე ერთი ამოცანა დგას - არჩევნების გზით მოახერხოს ხელისუფლების შეცვლა. დავით გამყრელიძე გამოსავალს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ხედავს. ხელისუფლებაში კი ასეთ მინიშნებებს სერიოზულ ყუარდღებას არ აქცევენ. იქ ფიქრობენ, რომ ამომრჩეველი გაარკვევს ვის უკან ვინ დგას, ვის რა მიზნები ამოძრავებს, რომ ხალხი ამ ოპოზიციას არ აჰყვება. დიალოგის - მით უფრო, კომპრომისის - ნება არ ჩანს. სალომე ზურაბიშვილის აზრით, ორივე მხარე თითქოს ერთმანეთს დაუპირისპირდა, თითქოს საქართველო ორად გაიყო და ამ დაპირისპირების მიზანს საქართველო არ უნდა ერქვას.
XS
SM
MD
LG