Accessibility links

logo-print

არასრულწლოვანი გიორგი ზერეკიძის დაცვა იმედოვნებს, რომ მკაცრი განაჩენი შემსუბუქდება


საქართველოში სამართლიანი სამართალწარმოების პრობლემის წარმომჩენ გახმაურებულ საქმეთა რიგს უკანასკნელ ხანებში კიდევ ერთი საქმე დაემატა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ ორიოდე კვირის წინათ 14 წლის გიორგი ზერეკიძეს ბრალად ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ხულიგნობა დასდო და თავისუფლების აღკვეთა 10 წლით შეუფარდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ეს არასრულწლოვანთა დასჯის უმაღლესი ფორმაა. გიორგი ზერეკიძის დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულს მოსამართლემ არასწორი კვალიფიკაცია მისცა. განაჩენი გასაჩივრდა. არასრულწლოვანი პატიმრის დაცვის საქმეში სამოქალაქო სექტორი, სახალხო დამცველის აპარატი და ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები ჩაერთვნენ. მათ შორისაა ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო ცენტრიც.

ქალაქ თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრი საჯაროდ და დაუფარავად აღიარებს 14 წლის გიორგი ზერეკიძისთვის შეფარდებული განაჩენის უკანონობას. ცენტრში მიიჩნევენ, რომ გამოძიება არასწორად ჩატარდა და დანაშაულის კვალიფიკაცია დამახინჯდა. საქმის მასალების მიხედვით, 2006 წლის 6 იანვარს გიორგი ზერეკიძემ შელაპარაკების ნიადაგზე ბეჭის არეში დანით მსუბუქი ჭრილობა მიაყენა ერთ–ერთი ფირმის დისტრიბუტორს, 23 წლის ლევან ბოჭორიშვილს. პირველადი ჩვენებით, ზერეკიძე ბოჭორიშვილს ფულს სძალავდა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით დაზარალებულმა 4–ჯერ შეცვალა ჩვენება, გამოძიება და სასამართლო მაინც პირველ ჩვენებას დაეყრდნო.

[დავით მოდებაძის ხმა]“ მოვითხოვთ, რომ ის უკანონო ბრალდება, რაც აქვს ზერეკიძეს წარდგენილი, 19–109 მუხლით, ანუ ანგარებით გარემოებებში მკვლელობის მცდელობა, იქნას გამართლებული ამ მუხლში და მის მიმართ იქნას უშუალოდ ის სასჯელი გამოყენებული, რაც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ ხულიგნობისთვის, რადგან სახეზე გვაქვს ხულოგნობა მის მიერ, რომელსაც აღიარებს და ინანიებს.“(სტილი დაცულია)

გიორგი ზერეკიძის ადვოკატის, დავით მოდებაძის, განმარტებით, ხულიგნობა თავისუფლების აღკვეთას 3–დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ზერეკიძის დაცვა იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო აღარ გაიმეორებს საქალაქო სასამართლოს შეცდომებს და მსჯავრდებულს სასჯელის ზომას შეუმსუბუქებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზედა ინსტანციის სასამართლო, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. თავის მხრივ, თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელი ბელა სარია ზოგადად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების იმ ძირითად ხარვეზზე მიუთითებს, რომლის მსხვერპლი კონკრეტულ შემთხვევაში გიორგი ზერეკიძე აღმოჩნდა:

[ბელა სარიას ხმა]“ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით არის სისხლის სამართლის კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი გარკვეული მუხლები, რომლებიც საჭიროებენ გადახედვას, დახვეწას და შესაბამისობაში მოყვანას დღევანდელ საერთაშორისო ნორმებთან. არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც მოაწესრიგებს ამ ბავშვებთან მიმართებით კანონიერების ამოქმედებას სრულფასოვნად. ეს არის არასრულწლოვანთა სასამართლოები, რომლებიც, სამწუხაროდ, არ არის საქართველოში და რომლის უქონლობაც ძალიან ცუდ დაღს ასვამს ბავშვთა დაცვის სისტემას.“(სტილი დაცულია)

ჩადენილი დანაშაულისთვის დაუმსახურებლად მკაცრი სასჯელის გამოტანას თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელი მოსამართლეს ფატალურ შეცდომად უთვლის. იგი გამოდის ინიციატივით, არასრულწლოვანთა საკითხების კვალიფიციურად გადასაჭრელად მოსამართლეთათვის სპეციალური მიზნობრივი გადამზადების კურსები გაიხსნას. ბელა სარია მიზანშეწონილად მიიჩნევს ასევე არასწრულწლოვანთა საქმეებში აღმოჩენილი კონკრეტული ცდომილებების შესახებ წერილობითი შეტყობინება გაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს. იგი, ამასთანავე, გამორიცხავს, რომ გიორგი ზერეკიძე ნულოვანი ტოლერანტობის მსხვერპლია. სხვაგვარად ფიქრობს გიორგი ზერეკიძის დედა. იგი ეჭვობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის თავისუფლება შეიზღუდა და მის შვილს უმკაცრესი განაჩენი სწორედ საჩვენებლად, განსაკუთრებული მიზნით წაუყენეს:

[ლიკა ზერეკიძის ხმა]“საქართველოში, მე მგონი, პირველად მოხდა ასეთი რაღაცა, რომ 14 წლის ბავშვს შეუფარდეს უმაღლესი სასჯელი მსუბუქი დაზიანების გამო. 2,5– 3 სანტიმეტრი ჭრილობაა. მაგაზე მეტი არ შეეძლოთ. უბრალოდ, კანონი არ ითვალისწინებს. იცით, რა მითხრა პროკურორმა: მე ვუთხარი, კაცი რომ მოეკლა, მაშინ რა უნდა მიგესაჯათ–მეთქი. 7 წელს მივცემდით ან 8 წელსო. და ამის შემდეგ უკვე თქვენ იმსჯელეთ, ჟურნალისტებმა და ყველამ.“

თემა განსჯისათვის 28 ივნისს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გაიხსნა.
XS
SM
MD
LG