Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა


საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, რომელსაც მოსამართლე ბესარიონ ზოიძე თავმჯდომარეობდა, არ დააკმაყოფილა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერისა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ვალერი გელაშვილის, საკონსტიტუციო სარჩელი.

გელაშვილს უარი ეთქვა პარლამენტის 31 მარტის დადგენილების გაუქმებასა და, შესაბამისად, დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენაზე. რა არგუმენტებით იხელმძღვანელა სასამართლო კოლეგიამ და როგორ შეხვდნენ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები გადაწყვეტილების გამოცხადებას?

ვალერი გელაშვილის 378-ე ნომრად რეგისტრირებული სარჩელის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია შვიდჯერ შეიკრიბა. ღია სხდომებზე დაიკითხნენ მოწმეები ალექსანდრე ლომაია და ხათუნა გოგორიშვილი, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე კოლეგიამ ასევე შეისწავლა ქართველ და გერმანელ ექსპერტთა დასკვნები.

[ბესარიონ ზოიძის ხმა] „ვკითხულობ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებას. თბილისი. 2006 წლის 13 ივლისი...“

გადაწყვეტილების წაკითხვას მომხსენებელმა მოსამართლემ საათ-ნახევარზე მეტი მოანდომა. ბესარიონ ზოიძემ გამოწვლილვით ილაპარაკა მოწმეთა ჩვენებების, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების არგუმენტების შესახებ - მოიტანა ვრცელი ამონარიდები კონსტიტუციიდან, პარლამენტისა და მეწარმეთა შესახებ კანონებიდან, რის შემდეგაც გადაწყვეტილების დასკვნით ნაწილზე გადავიდა:

[ბესარიონ ზოიძის ხმა] „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის ვალერი გელაშვილის კონსტიტუციური სარჩელი ვალერი გელაშვილისათვის, საქართველოს პარლამენტის წევრისათვის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 31 მარტის დადგენილების არაკონსტიტუციურობის შესახებ...“(სტილი დაცულია)

გადაწყვეტილების გამოქვეყნებას დარბაზი ტაშითა და შეძახილებით შეხვდა, თუმცა მომხსენებელი მოსამართლე ცდილობდა ხმაურისთვის ყურადღება არ მიექცია.

[ისმის ხმაური, ტაში]

მოსამართლეს ტაში ვალერი გელაშვილის ინტერესების დამცველებმაც დაუკრეს. თინათინ ხიდაშელი ამბობს, რომ 13 ივლისის სხდომაზე მოულოდნელი არაფერი მომხდარა:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] „როცა ვნახეთ, რომ იაშა ფუტკარაძე არ მოვიდა სასამართლოში, უკვე ყველაფერი გასაგები იყო. იმიტომ რომ იმ ათ კაცში, ვინც ამ სასამართლოში ზის, ის ერთადერთი წესიერი კაცია და მას გაუჭირდა ამ ფარსში მონაწილეობის მიღება. სამწუხაროა, რომ ეს მოსამართლეები რჩებიან სასამართლოში, თუმცა ვინც ინიშნებიან, ისინი უფრო დიდი მონები არიან. ...ჩვენ აუცილებლად ვნახავთ ამ მოსამართლეების სასამართლო პროცესს. ეს მალე არ მოხდება, მაგრამ გარწმუნებთ, პროცესი აუცილებლად გაიმართება.“

თითნათინ ხიდაშელისაგან განსხვავებით, მოპასუხე მხარის - ანუ საქართველოს პარლამენტის - წარმომადგენელი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იდგა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება, როგორც პრეცედენტი, გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების მუშაობაზე:

[ნიკა გვარამიას ხმა] „საკონსტიტუციო სასამართლოები, მოგეხსენებათ, ერთმანეთის სამართალშეფარდებას იყენებენ, პრეცედენტული გადაწყვეტილებების სახით, და ეს გადაწყვეტილება, გამომდინარე ასეთი ტიპის პრეცედენტების სიმწირისა და გადაწყვეტილების მაღალი ხარისხიდან, იქნება ძალიან ხშირად გამოყენებული სხვა ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების მიერაც.“

თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთი ადამიანისთვისაა. საინტერესოა რას ფიქრობს ლიტვაში გახიზნული ვალერი გელაშვილი საკონსტიტუციო სასამარლოს გადაწყვეტილების შესახებ:

[ვალერი გელაშვილის ხმა] „ველოდი ამგვარ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეჭვი მქონდა, რა ვიცი, იქნებ სამართლიანად მოიქცნენ-მეთქი, მაგრამ ჩვენთან რომ სასამართლო საერთოდ არ არსებობს, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.“

მაინც რას ერჩიან ვალერი გელაშვილს? რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი, ამბობს, რომ ყოფილ დეპუტატს ოპოზიციაში გადასვლას ვერ აპატიებენ:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] „როცა ვალერი გელაშვილმა გამოხატა თავისი მოსაზრებები და წავიდა ოპოზიციაში, ამის შემდეგ დაესხნენ თავს. სხვათა შორის, ხვალ იქნება წლისთავი და სიმბოლურია, რომ ამ დღეს დაამთხვიეს განაჩენის გამოტანა. გასაგებია ყველაფერი: სცემეს, არ გამოიძიეს, პარლამენტიდან გააძევეს. თუ ჩამოვა საქართველოში, დააპატიმრებენ.“

თუმცა ვალერი გელაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ზაფხულის მიწურულს დაბრუნდება. ხომ არ აპირებს ყოფილი დეპუტატი ოპოზიციურ პარტიასთან ურთიერთობის გაწყვეტას?

[ვალერი გელაშვილის ხმა] „არა, არა! როგორ გეკადრებათ! პირიქით, პირიქით!“

ვალერი გელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გაასაჩივრებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG