Accessibility links

logo-print

მედია და პოლიტიკა


საქართველოს მედიასივრცის - უფრო კი ტელესივრცის - პოლარიზება პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს. წამყვანი კერძო ტელევიზიების პოლიტიკურ მხარეთა საინფორმაციო

საშუალებებად წარმოჩენამ, გარკვეულწილად, ეჭვქვეშ დააყენა თავისუფალი მედიის მთავარი პრინციპი – ობიექტურობა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასეთი რადიკალიზმი წამგებიანია როგორც პოლიტიკისთვის, ისე მედიისა და საზოგადოებისთვის. თავისუფალი სიტყვის და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელების პრეტენზიას ცენტრალური ტელევიზიებიდან ყველაზე მკაფიოდ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” გამოთქვამს. თუმცა ფაქტია ისიც, რომ საზოგადოებრივ არხს მწვავე პოლიტიკური დებატების საკუთარ ტელეეთერში გამართვის არც პოლიტიკური ნება აქვს და არც რესურსი.

ქართულ მედიასა და პოლიტიკაში - უფრო კი პოლიტიზებულ მედიაში - შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ “საზოგადოებრივი ტელევიზიის” ხელმძღვანელმა საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია. მან განაცხადა, რომ მედია საქართველოში მდგრადია, კრიზისის პირობებშიც ახერხებს თავისი ფუნქციის შესრულებას და, შესაბამისად, პოლიტიკური ელიტა უნდა შეეგუოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ადეკვატურად რეაგირებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ, თავის მხრივ, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მზადაა ეთერი ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას დაუთმოს და დაინტერესებულია მაყურებელს დაბალანსებული ინფორმაცია მიაწოდოს. საზოგადოებრივი არხის ამგვარი გახსნილობის პერსპექტივა განსაკუთრებით ეეჭვება „საქართველოს გზის” ლიდერს სალომე ზურაბიშვილს. ამ დღეებში “რუსთავი–2”–ის ეთერში მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “საზოგადოებრივი ტელევიზია” არ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელის პრესკონფერენციის ერთ–ერთი მთავარი მიზანი, როგორც ჩანს, ქალბატონ სალომესთვის პასუხის გაცემა და მის მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების უტაქტობად შეფასება იყო, კიდევ ერთი გარემოება გახდა ნათელი: საზოგადოებრივ არხზე, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ ვიხილავთ ცნობილი ტელეკომპანიების ეთერში გამავალი თოქშოუების ფორმატის გადაცემას, რომლის საჭიროება განსაკუთრებით მკაფიოა ახლა, როცა პოლიტიკოსთა დაპირისპირებული ბანაკების მიერ ტელეკომპანიების “იმედისა” და “რუსთავი–2”–ის წინააღმდეგ ცალ–ცალკე ფორმირებული ბოიკოტის პირობებში დებატები ერთ კარში თამაშს დაემსგავსა.

[თამარ კინწურაშვილის ხმა]“მედიის ფუნქცია არ არის პოზიციების შეჯერება. ჩვენთვის არ გამოუცხადებია არც ერთ ძალას ბოიკოტი. ხელოვნურად გამწვავება ვითარების არ არის მედიის დანიშნულება. ჩვენ ვაპირებთ ავწიოთ და გავაუმჯობესოთ სტანდარტი, რომელიც დღეს არსებობს მედიაში და თუკი ვინმე ამას აკეთებს და ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას, მე არა მგონია, ეს იყოს ნიმუში, სტანდარტი, რომელსაც უნდა მიბაძოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.“

თამარ კინწურაშვილის განმარტებით, სექტემბრიდან საზოგადოებრივ არხზე გამავალ ორ თოქშოუს კიდევ დაემატება ახალი პროექტები, რომელთა მახასიათებელი საზოგადოებრივ–პოლიტიკური პოლიტკორექტულობა იქნება. ჯერჯერობით კი პოლიტკორექტულობის დაცვას - მათ შორის, ტელევიზიების მისამართით - პოლიტიკოსები საჭიროდ არ მიიჩნევენ:

[რატი სამყურაშვილის ხმა] “ან თქვენს ტელეკომპანიას შეუცვალეთ სახელი და, “იმედის” ნაცვლად, უწოდეთ “უიმედობა”, მის საინფორმაციო გადაცემა “ქრონიკას”, “ქრონიკი” ნაცვლად, - “კრიმინალური ქრონიკა”, ან ფართოდ გაახილეთ თვალები და შეამჩნიეთ, რომ, ძალიან მძიმე კრიმინალური შემთხვევების გარდა, ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას და წინ მიდის. ჩემ მიერ გამოთქმული განცხადება მხოლოდ პოზიციის დაფიქსირებაა და ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არის გარანტირებული.“

სატელევიზიო ომი აქტუალობას არც ოპოზიციისთვის კარგავს.

[დავით გამყრელიძის ხმა]“ მე გამახსენდა, როდესაც გუშინ ტელევიზიით ვნახე უმრავლესობის გაავებული პოზიცია, გამახსენდა შევარდნაძის დროინდელი პარლამენტი, როდესაც უტევდნენ მაშინდელ ოპოზიციურ ტელევიზიას “რუსთავი–2–ს” და ზუსტად ანალოგიური გამოსვლები ჰქონდა შევარდნაძის უმრავლესობას. მაშინ ჩვენ, ოპოზიცია, ვიცავდით “რუსთავი–2”–ს. ასევე დავიცავთ ყველა ტელევიზიას, ვისაც უმრავლესობა შეუტევს, ვისაც უმრავლესობა თავის სამიზნედ აქცევს.“

მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერს, დავით გამყრელიძეს, არა აქვს პასუხი კითხვაზე, როდის შეწყვეტს ოპოზიცია ბოიკოტს “რუსთავი–2”–ის წინააღმდეგ. შედარებით კონკრეტულია მემარჯვენე ლევან ბერძენიშვილი:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა]“ ‘რუსთავი–2’–ის მიმართ ბოიკოტის ფორმა შეწყდება მაშინვე, ჩემი აზრით, როგორც კი შეწყდება “რუსთვი–2”–ის ტენდენციურობა ოპოზიციასთან მიმართებაში და, საერთოდ, დაუბრუნდება ჟურნალისტურ საქმიანობას. ამჟამად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს მაინც ვანოს ტელევიზიაა, ვანოვიზიაა. შეიძლება ეს შთაბეჭდილება ძალიან მცდარია, შეიძლება არ არის მცდარი. არავის არ უნდა ტელევიზიასთან ბოიკოტი, გარწმუნებთ. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი.“
XS
SM
MD
LG