Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი პარლამენტს ანგარიშს აბარებეს: „არ შეიძლება ადამიანის წამება და აბუჩად აგდება იქცეს სტანდარტად''


სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ჯერ კიდევ სამი-ოთხი თვის

წინ იყო მზად, თუმცა, მთელი რიგი მიზეზების გამო, დეპუტატებმა საგანგებო სესიის დაწყებამდე ომბუდსმენის ანგარიშის მოსასმენად ვერ მოიცალეს. ოპოზიცია ეჭვობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეგნებულად აჭიანურებდა ომბუდსმენის საკმაოდ მწავე და კრიტიკული ანგარიშის მოსმენას. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სახალხო დამცველის მიერ მოყვანილი ფაქტების საფუძველზე თანამდებობები უნდა დატოვონ შინაგან საქმეთა მინისტრმა და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ. რა არგუმენტებითაა გამყარებული საპარლამენტო ოპოზიციის ეს მოთხოვნა და რა წერია სახალხო დამცველის 2005 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში?

სოზარ სუბარის საანგარიშო მოხსენება, რომელიც თითქმის 200 გვერდს მოიცავს, იხსნება ქვეთავით - „პოლიცია და ადამიანის უფლებები“. სახალხო დამცველმა თავი ვალდებულად ჩათვალა ანგარიშში შეეტანა რობაქიძის მკვლელობის საქმე, რომლის დეტალებზეც ომბუდსმენმა ყურადღება ჯერ კიდევ ორი წლისწინანდელ მოხსენებაში გაამახვილა. სუბარის თქმით, ის, რომ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დაპატიმრებულია, საქმის მხოლოდ ნახევარია:

[სოზარ სუბარის ხმა] „იქ იყვნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც დღესაც სამინისტროში მუშაობენ და რომლებმაც მოახდინეს გაყალბება. ეს თუ არ აღმოიფხვრა ბოლომდე, თუ არ დადგინდა, ვის ეკუთვნოდა იარაღი, რატომ მიიტანა ადილზე და ვინ შექმნა ეს ყალბი მტკიცებულებები, ვინ მისცა ყალბი ჩვენება - თუ ყველაფერი ეს არ დადგინდა, მაშინ არაფერი გამოვა. ეს არ არის კანონის უზენაესობა, ეს არ არის მართლმსაჯულება.“

ომბუდსმენმა ანგარიშის შედგენისას ასევე ვერ აუარა გვერდი ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ მკვლელობას. სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიება და მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესი საზოგადოების დიდი ნაწილის საფუძვლიან გაღიზიანებას იწვევს:

[სოზარ სუბარის ხმა] „ზოგადად ჩქარი მართლმსაჯულების მომხრე ვარ, მაგრამ როცა ექვს პროცესში მთავრდება ასეთი გახმაურებული საქმე, მაშინ ეჭვები ჩნდება. მით უმეტეს, რომ ისეთი უამრავი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რომელთა დაკმაყოფილება, სულ ცოტა, საინტერესო იქნებოდა.“

სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოში სახიფათო ტენდენცია იკვეთება: კანონის უზენაესობის ნაცვლად, მკვიდრდება შერჩევითი მართლმსაჯულება, ხოლო ძალადობა, ფაქტობრივად, სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი.

[დავით გამყრელიძის ხმა] „ვანო მერაბიშვილი, როგორც პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი, უნდა იქნეს გადაყენებული. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დასჯილი იქნეს ბაჩო ახალაია იმ საზარელი ფაქტების გამო, რომლებიც მრავლად განხორციელდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ასევე ჩვენ მოვითხოვთ უმრავლესობის მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან ძალიან მკაფიო პასუხებსა და რეაგირებას ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მოყვანილია სახალხო დამცველის მოხსენებაში.“

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის ამ მოთხოვნას ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრი იზიარებს, თუმცა დეპუტატი ზვიად ძიძიგური გამოთქვამს ეჭვს, რომ ოპონენტთა მიმართვას ხელისუფლება, სმენასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ვერ გაიგებს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „ხელისუფლება კარგა ხანია, რაც დაყრუვდა. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ უნდა დაისაჯონ გირგვლიანის მკვლელები, ხელისუფლება გვპასუხობს: ჩვენ გადავთხარეთ თბილისში ასი ქუჩა. როდესაც ჩვენ ვეუბნებით, რომ უნდა გაათავისუფლოთ სინდისის პატიმრები, ისინი გვპასუხობენ: ჩვენ გადავთხარეთ თბილისში ასი ქუჩა.“

ოპოზიცია ასევე ამბობს, რომ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული სახალხო დამცველის ანგარიშის საჯარო განხილვით, რომ ხელისუფლება გაურბის ანგარიშში შეტანილ ფაქტებზე ლაპარაკს. ოპოზიციის ამ ბრალდებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ასე უპასუხებს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „რას ჰქვია გაურბის და გამოურბის? მაგენი დარბიან გარშემო და შიგნით არ შემორბიან. სოზარ სუბარის მოხსენება არის დღის წესრიგში. მწვავე არის? იყოს მწვავე, რა ვქნათ?!“(სტილი დაცულია)

სახალხო დამცველის მოხსენება, მართლაც, მწვავე და კრიტიკულია, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც პენიტენციურ სისტემაში შექმნილ მდგომარეობას ეხება.

[სოზარ სუბარის ხმა] „როდესაც ადამიანი ხუთი დღე მოშარდვას ვერ ახერხებს და ერთადერთი, რასაც უკეთებენ, ეუბნებიან, წყალი არ დალიოო, ეს არის ადამიანის წამება. არ შეიძლება ამ წამების გამო არავინ დაისაჯოს. არ შეიძლება ცემა-წამება, ღირსების შელახვა და აბუჩად აგდება იქცეს სტანდარტად. დღეს ეს ტენდენცია არის პენიტენციურ სისტემაში.“

სოზარ სუბარმა ანგარიშის შედგენისას გვერდი ვერ აუარა საკუთრების უფლების ხელყოფის მომრავლებულ ფაქტებს. სახალხო დამცველის თქმით, დღემდე არავინ დასჯილა ავსტრიული კომპანიის, „შინჰოფერის“, შევიწროების გამო. და კიდევ:

[სოზარ სუბარის ხმა] „მესამე წელია ვიმეორებ: ხალხნო, ნოდარ მაისურაძეს სოფელ ხვითში ავიწროებს რწმუნებული. წაართვა მიწა ერთხელ, წაართვა ორჯერ; წაართვა მოსავალი ერთხელ, წაართვა მოსავალი ორჯერ. ჩასვა ციხეში უკანონოდ. მაისურაძის მოსავალს რომ მკიდნენ სხვისი კომბაინები, პოლიცია იქ იდგა და არაფერს აკეთებდა. მოვუწოდე ხელისუფლებას: რამე ქენით! პასუხად - არაფერი.”(სტილი დაცულია)

ბოლოს კი გეტყვით, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს წელიწადში ორჯერ ისმენს, რის შემდეგაც დეპუტატები დადებითად ან უარყოფითად აფასებენ ომბუდსმენის შრომის ნაყოფს, რომელიც ბოლო დროს, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, გულგრილს არც ხელისუფლებას ტოვებს და არც ოპოზიციას.












მიერ მომზადებული აღარ განიხილავენ. აღნიშნული განცხადება დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა. მან ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ საქართველოს პარლამენტმა შესვენების შემდეგ, ოთხი საათისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი უნდა განიხილოს, შემდეგ კი პარლამენტს დასამტკიცებელი ჰყავს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრი, რომელთაგან სამი პარლამენტმა უნდა დაასახელოს, სამი პრეზიდენტმა, სამი კი უზენაესმა სასამართლომ.

პარლამენტმა კი აღნიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურის დამტკიცება უნდა განახორციელოს.
როგორც მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტი რიგგარეშე სესიის დახურვას ამ კირაში არ გეგმავს, მომავალ კვირასაც ჩატარდება რიგგარეშე პლენარული სხდომები, ამიტომაც სოზარ სუბარის მოხსენების განხილვის პრობლემა მომავალ კვირაში არ შეიქმნება.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ იმისათვის გადადო სოზარ სუბარის ანგარიშის მოსმენა, რომ მას ეშინია ანგარიშში მოყვანილი მწვავე კრიტიკული ფაქტების მოსმენის, მიხეილ მაჭავარიანი პასუხობს, რომ ოპოზიციას სერიოზული განცხადებებისთვის საფუძველი გამოელია და "სისულელეებს ამბობს".
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG