Accessibility links

logo-print

მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში


ძალას იკრებს დიპლომატიური მცდელობები ისრაელსა და ლიბანს შორის კრიზისის მოსაგვარებლად.

მსოფლიოს ზოგიერთი ლიდერი სამხრეთ ლიბანში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განთავსების ინიციატივითაც გამოდის. ბეირუთში დიპლომატიური გუნდები გააგზავნეს გაერომ და ევროკავშირმა. ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას დიდი რვიანის სამიტზეც დაეთმო ყურადღება.

დიდი რვიანის სამიტის მონაწილეებმა, რომელბიც სანკტ პეტერბურგში შეიკრიბნენ, ისრაელს მოუწოდეს, თავი შეიკავოს ლიბანის წინააღმდეგ იერიშისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი.

ერთობლივ განცხადებაში დიდი რვიანი კრიზისისთვის ბრალს სდებს ექსტრემისტულ ძალებსაც, ანუ ჰისბალაჰს.

გასულ კვირაში ისრაელმა საჰაერო იერიშები წამოიწყო მას მერე, რაც ამ შიიტურმა გასამხედროებულმა ორგანიზაციამ ისრაელის ორი ჯარისკაცი გაიტაცა და რვა მოკლა. ერთობლივი განცხადება ისრაელის ჯარისკაცების განთავისუფლების მოთხოვნასაც შეიცავს.

ჰისბალაჰი გაეროს 1559-ე რეზოლუციის საპირისპიროდ აგრძელებს საქმიანობას ლიბანში. ამ დოკუმენტის ძალით, 2000 წელს ისრაელის ჯარების გაყვანის წინაპირობად გათვალისწინებული იყო ჰისბალაჰის განიარაღება.

ორშაბათს გაერომ და ევროკავშირმა ბეირუთში დიპლომატები გაგზავნეს მოლაპარაკებების საწარმოებლად.

ბრიუსელში კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები თათბირობენ ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე.

[გასპარინის ხმა] "ვფიქრობ, ბუნებრივია, რომ ერთგვარ წონასწრობასთან გვაქვს საქმე. არსებობს რეალური პრობლემა და ესაა ჰისბალაჰი. მას ბოლო უნდა მოეღოს. ჰისბრალაჰის გარეშე ლიბანის მთავრობა ბევრად უფრო ეფექტიანია. მაგრამ, მეორე მხრივ, არც იმ ფაქტთან შეგუება შეგვიძლია, რომ ისრაელის რეაქცია გადაჭარბებულია და ის, ფაქტობრივად, ამძიმებს ვითარებას ისე, რომ ეს თავად ისრაელისთვის არის კონტრპროდუქტიული."

ეს გახლდათ სამხედრო საკითხების ექსპერტი რომის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტიდან, ჯოვანი გასპარინი.

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი გამოვიდნენ მოწოდებით, სამხრეთ ლიბანში საერთაშორისო სამშვიდო ჯარები გაიგზავნოს. ორი ლიდერი სანკტ პეტერბურგის სამიტის კულუარებში შეხვდა ერთმანეთს. შეხვედრის შემდეგ ბლერმა განაცხადა.

[ბლერის ხმა] "ჩემის აზრით, ძალადობის შეწყვეტის ერთადერთი გზა არის რეგიონში საერთაშორისო ძალების განლაგება, რომელიც შეძლებს შეაჩეროს ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა და ამგვარად მისცეს იმის საბაბი, რომ შეწყვიტოს ჰისბრალაჰის წინააღმდეგ შეტევები."

მაგრამ საერთაშორისო მეთვალყურეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპის კავშირი და დიდი რვიანი ცდილობენ დრო გაჭიმონ და ისრაელს საშუალება მისცენ, უფრო ზუსტი დარტყმები მიაყენოს ჰისბალაჰს.
XS
SM
MD
LG