Accessibility links

logo-print

“ფიცი” – 60

ზუსტად სამოცი წელი გავიდა მას შემდეგ,

რაც ქართველმა რეჟისორმა პირველად მოიპოვა საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი – 1946 წელს ვენეციის კინოფორუმზე “ვერცხლის ლომი” გადასცეს მიხეილ ჭიაურელს მონუმენტური კინოფრესკისთვის “ფიცი”. ევროპასა და შეერთებულ შტატებში ვენეციის ფესტივალის ჟიურის ამ გადაწყვეტილებას “სკანდალი” უწოდეს, საბჭოთა კავშირში კი ლამის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას შეადარეს. თუმცა გამარჯვების ეიფორია დიდხანს არ გაგრძელებულა. თავის საიდუმლო მოხსენებაში საბჭოთა კავშირის კომპარტიის მეოცე ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა ორჯერ გააკრიტიკა “ფიცი” ერთი და იმავე მიზეზით, “სოციალისტური სიმართლისგან გადახრისთვის”, და ამით ხაზი გაუსვა, რომ “სიმართლიდან გადახვევა”, ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, “ზღაპარი”, უცხო უნდა იყოს საბჭოთა კინოსათვის და ხელოვნება რეალობას უნდა დაუბრუნდეს. დღეს, “ფიცის” პრემიერიდან 60 წლის შემდეგ, ჭიაურელის ფილმს ხელახლა აჩვენებენ დასავლეთის ქვეყნების კინომუზეუმებში და ყოფილ საბჭოთა კავშირშიც. მიხეილ გელოვანის მიერ განსახიერებული სტალინის დანახვაზე ვიღაცას ეცინება, ვიღაცას კი წარსულის ნოსტალგია უჩნდება.

“ლენინმა ორივე ხელი გაუწოდა სტალინს და გახარებულმა უთხრა:
-გამარჯობა!
-გამარჯობა, ვლადიმერ ილიას ძევ!
ერთმანეთი გადაკოცნეს. დიდხანს იდგნენ ასე, ჩაკრულები, დიდხანს ეალერსებოდნენ ერთმანეთს.
ძერჟინსკი აღელვებული უყურებდა ამ ორი დიადი მამაკაცის შეხვედრას, ესმოდა, რომ უდიდესი ისტორიული ფაქტის მოწმე გახდა.”

ეს გახლავთ ფრაგმენტი მიხეილ ჭიაურელის ფილმის, “დიადი განთიადის”, სცენარიდან. “დიადი განთიადი” ჭიაურელის პირველი ფილმი იყო, რომელშიც სტალინის პერსონაჟი გამოჩნდა. ბელადი თანამემამულის ნამუშევრით აღფრთოვანდა, კრემლში მიიწვია და დაუმეგობრდა. მერე კი ჭიაურელმა სწორედ ბელადის ლოცვა-კურთხევით გადაიღო ფილმები: “დაუვიწყარი 1919”, “ფიცი”, “ბერლინის დაცემა”.

“ლოცვა-კურთხევა” შემთხვევით არ ვახსენეთ. რელიგიური მოტივები სტალინისადმი მიძღვნილ ჭიაურელის ყველა ფილმში წარმოჩნდება. “ფიცში”, მაგალითად, არის ერთი საგულისხმო სცენა: ლენინის სიკვდილის შემდეგ სტალინი, მიხეილ გელოვანის შესრულებით, გორკაში სკამზე ჩამოჯდება. მოულოდნელად, მის სახეს ძლიერი სინათლის სხივი დაეცემა. მერე სტალინი თავის საწერ მაგიდას მიუჯდება, ჩიბუხს გააბოლებს და ლენინის თავების ხატვას იწყებს. ამის შემდეგ ახალი ბელადი წითელ მოედანზე გადის და ფიცსა დებს.

[ფრაგმენტი “ფიციდან”]

ეს ეპიზოდი ბუკვალურად ასე შეიძლება ვთარგმნოთ: ლენინმა გვიანდერძა, გვეჭიროს მაღლა და გავუფრთხილდეთ პარტიის წევრის (სიტყვა “ჩლენ” აქ სხვანაირადაც შეგვიძლია ვთარგმნოთ) სიწმინდეს... ვფიცავთ, რომ ღირსეულად შევასრულებთ შენს ანდერძს... მუდამ გვემახსოვრება შენი სიტყვები – განვამტკიცოთ (ან გავამაგროთ) და გავაფართოოთ რესპუბლიკები.”

დიდი, ძლიერი, ქვასავით მტკიცე, “სუფთა” და განიერი – ეს ყველაფერი გამოხატავს სტალინური კლასიციზმის ესთეტიკურ არსს, რომელიც მიხეილ ჭიაურელმა, პირველი პროფესიით მოქანდაკემ, საუკეთესოდ გაიაზრა. სოფიკო ჭიაურელის თქმით, სტალინს მოსწონდა პერსონაჟი, - დიდი, ძლიერი, ქვასავით მტკიცე, - რომელიც მისგან ჭიაურელმა და გელოვანმა შექმნეს:

[სოფიკო ჭიაურელის ხმა]“მე მგონი, მაგან რაღაც შექმნა მისგან, მამამ რაღაც შექმნა თავის ფანტაზიაში... გააკეთა ეს პერსონაჟი.”(სტილი დაცულია)

მაგრამ როდესაც სტალინმა უშუალოდ იხილა თავისი ორეული, მიხეილ გელოვანი, რომელიც არც გარეგნობით ჰგავდა და მეტყველებაც სხვანაირი ჰქონდა, ბელადი უკმაყოფილო დარჩა. “ბერლინის აღების” შემდეგ გელოვანს სტალინის როლებს აღარ ათამაშებდნენ.

[სოფიკო ჭიაურელის ხმა] “უთხრა, მომიყვანე ერთიო... მამამ უთხრა გელოვანს, შენ იცი, რომ შენი ნახვა მოინდომაო? გავიდა ერთი კვირა,ის არ რეკავს. მამა ურეკავს გელოვანს და ეუბნება: მიშა, მოემზადე, მივდივართ სტალინთან... რესტორანში წაიყვანა. ერთი-ორჯერ, სამჯერ ასეთი რაღაც გააკეთა და უცბად ზარი მართლა – ეუბნებიან, რომ სტალინი ელოდება. ურეკავს მამაჩემი, მართლა გირეკავსო... ჩაიცვა სტალინის კიტელი...და ასე მოხვდა სტალინთან. ცხოვრებაშიც არ ჰგავდა სტალინს... შევიდნენ და გამოვიდა თავისი ოთახიდან, მამას ხელი ჩამოართვა. ამას გახედა, არ ჩამოართვა ხელი და შევიდა სასადილო ოთახში. მამამ იმწუთში იგრძნო, რომ არ მოეწონა... ეს პიროვნება განმასახიერებს მე?”(სტილი დაცულია)

“ფიცისგან” განსხვავებით, რომელშიც ჭიაურელი 30-იანი წლების საბჭოთა იდეოლოგების მიერ შექმნილ მითებს დამორჩილდა, “ბერლინის დაცემის” სიუჟეტი თავიდან ბოლომდე ავტორის მიერ იყო გამოგონილი. სურათის ფინალში სტალინი უკვე “დაცემულ” ბერლინში ჩადის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროლეტარიატს ესალმება. ისტორიის ასეთი ინტერპრეტაცია სახიფათო იყო, მაგრამ ბელადს ყოველთვის მოსწონდა, როცა ეკრანზე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ცხოვრებაში.

[სოფიკო ჭიაურელის ხმა]“როცა აჩვენებდა მამა ამას, უკან იჯდა სტალინი და მთელი პოლიტბიურო, მამა უყურებდა სტალინს... რომ გადმოვიდა თვითმფრინავიდან, იმ ეპიზოდში, დაინახა მამამ, რომ ხელი მიიტანა სახესთან და ცრემლი შეიშრო. მამა ბედნიერი იყო, რომ მოეწონა. მერე უთხრა...ბიჭო, მართლა უნდა ჩავსულიყავი ბერლინშიო...ისე, გორელი ბიჭი რომ იტყვის.”

“გორელი ბიჭის” მიმართ ერთგულება მიხეილ ჭიაურელმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. სტალინის სიყვარულის გამო ხრუშჩოვმა იგი სვერდლოვსკში გადაასახლა, ბელადის გარდაცვალების შემდეგ ჭიაურელის ფილმები თაროზე შემოდეს. მაგრამ ქართველი რეჟისორი თავისას არ იშლიდა. 60-იან წლებში თბილისის მულტიპლიკაციური ფილმების სტუდიას ჩაუდგა სათავეში და გადაიღო ანიმაციური ფილმი “როგორ ასაფლავებენ თაგვები კატას”... თაგვები – ჩვეულებრივი ადამიანები, კატა კი – უზარმაზარი კატა – იოსებ სტალინი.

[სოფიკო ჭიაურელის ხმა]“დედაჩემს არ უყვარდა სტალინი...ბერია, სტალინი, საერთოდ არავინ უყვარდა... სტალინს უძღვნა “როგორ ასაფლავებენ თაგვები კატას”. კაბინეტში სტალინის სურათები ჰქონდა... შევარდნაძე რომ დანიშნეს ცეკას მდივნად, ეს იყო 1972 წელი, მივიდა ხალხი...მამაც მივიდა...რიგი იყო მიმლოცველების... ქალმა უთხრა, ბატონო მიშა, დიდხანს ნუ შეჩერდებით, ბევრი ხალხიაო...შევიდა და ორსაათ-ნახევარი არ გამოვიდა...ის აყოლინებდა, ის არ უშვებდა...ძია მიშა, მოჰყევით, რა, სტალინზე, რა!?”(სტილი დაცულია)

დღეს ჭიაურელის “ფიცი” აღიქმება როგორც სტალინიზმის უტრირებული დოკუმენტი, რომელიც იმდენად აბსურდულია, რომ საშუალებას გვაძლევს გავემიჯნოთ, “გავუცხოვდეთ” ყველაფერი იმისგან, რაც ხდება ეკრანზე. სურათის გმირს, ვარვარას, მენშევიკები ქმარს მოუკლავენ, ის კი ჯერ “ლენინ-სტალინისადმი” მიძღვნილ წერილს წაიკითხავს და მხოლოდ შემდეგ დასტირის მეუღლეს... “შენ –ჩვენი ლენინი ხარ!” – ეტყვის სტალინს უზბეკი რევოლუციონერი, მის უკან კი ქრისტიანული ეკლესია გამოჩნდება... მერე კი ყველა ერთად იტყვის, ჩვენი რუსეთი უძლეველ ციხესიმაგრედ უნდა ვაქციოთო. მერე ეკრანზე დნეპრის ჰესის მშენებლობის სურათები ჩნდება, ქართული ჩაის პლანტაციები, შუა აზიის არხები. ყველაფერი ეს უსაზღვროების სიძლიერეს გამოხატავს. ამ უსაზღვროებას თავისი ღმერთი ჰყავს: უზბეკი იუსუფი ცისკენ იშვერს ხელს – ცაში სტალინის ტრანსპარანტი ჰკიდია. იუსუფი ამბობს: “აი, ჩვენი მშენებელი!”... მერე მშენებელი კვდება და მისი “კინონეკროლოგის” გადაღებას ისევ ჭიაურელს ავალებენ.

[სოფიკო ჭიაურელის ხმა] “მამას დაავალეს ფილმის გადაღება სტალინის სიკვდილზე... ... წამიყვანა “ბელიე სტოლბიში”. იჯდა იქ არქივში... მოსული მასალა მთელი მსოფლიოდან, მე არაფერი მსგავსი არ მინახავს – აფრიკა...რომ იგებენ, რომ სტალინი მოკვდა, მიწას რომ აყრიან თავს.”(სტილი დაცულია0

“ფიცის” პრემიერიდან 60 წელი გავიდა. არც მანამდე და არც ამის შემდეგ “არაფერი მსგავსი” კინემატოგრაფისტებს არ გადაუღიათ. ამიტომაცაა, რომ “ვერცხლის ლომს”, რომელიც ჭიაურელს ვენეციის კინოფესტივალზე გადასცეს, ჟიურიმ სპეციალური ფორმულირება დაურთო: “კინოს ენის სრულყოფისა და ნოვატორობისათვის”.

“ოქროს საუკუნე”, 17 ივლისი

“ფიცი” – 60

გიორგი გვახარია, თბილისი

ზუსტად სამოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა რეჟისორმა პირველად მოიპოვა საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი – 1946 წელს ვენეციის კინოფორუმზე “ვერცხლის ლომი” გადასცეს მიხეილ ჭიაურელს მონუმენტური კინოფრესკისთვის “ფიცი”. ევროპასა და შეერთებულ შტატებში ვენეციის ფესტივალის ჟიურის ამ გადაწყვეტილებას “სკანდალი” უწოდეს, საბჭოთა კავშირში კი ლამის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას შეადარეს. თუმცა გამარჯვების ეიფორია დიდხანს არ გაგრძელებულა. თავის საიდუმლო მოხსენებაში საბჭოთა კავშირის კომპარტიის მეოცე ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა ორჯერ გააკრიტიკა “ფიცი” ერთი და იმავე მიზეზით, “სოციალისტური სიმართლისგან გადახრისთვის”, და ამით ხაზი გაუსვა, რომ “სიმართლიდან გადახვევა”, ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, “ზღაპარი”, უცხო უნდა იყოს საბჭოთა კინოსათვის და ხელოვნება რეალობას უნდა დაუბრუნდეს. დღეს, “ფიცის” პრემიერიდან 60 წლის შემდეგ, ჭიაურელის ფილმს ხელახლა აჩვენებენ დასავლეთის ქვეყნების კინომუზეუმებში და ყოფილ საბჭოთა კავშირშიც. მიხეილ გელოვანის მიერ განსახიერებული სტალინის დანახვაზე ვიღაცას ეცინება, ვიღაცას კი წარსულის ნოსტალგია უჩნდება.

XS
SM
MD
LG