Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა უნივერსიტეტში


მეცნიერების ტაძრად წოდებული პირველი ქართული უნივერსიტეტის დროებითი ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებელთა ერთი ნაწილი კვლავ ვერ ახერხებენ

კონფრონტაციის დაძლევას. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მზად არის მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, თუმცა იქვე დასძენს, რომ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების წესი გადასინჯვას არ ექვემდებარება. არადა, უნივერსიტეტის დროებით ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული პროფესორ-მასწავლებლები სწორედ რომ კონკურსის ჩატარების წესს აპროტესტებენ. მათი თქმით, კანონის მიხედვით, კონკურსი არა დროებითმა ადმინისტრაციამ, არამედ გარდამავალი პერიოდის მიწურულს არჩეულმა საბჭოებმა უნდა ჩაატარონ. რა გეგმებს სახავენ დაპირისპირებული მხარეები და რას ფიქრობენ თბილისელები უნივერსიტეტში არსებული კონფლიქტის შესახებ?


გურგენ მალანია და სერგო მიქაძე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მახლობლად, მიწისქვეშა გადასასვლელთან, წიგნებით ვაჭრობენ. მუშტართან ურთიერთობის პარალელურად, ბატონები ძალაუნებურად უნივერსიტეტში მიმდინარე დრამატულ მოვლენებსაც აკვირდებიან.

[სერგო მიქაძის ხმა] „ავტონომია უნდა ჰქონდეს და ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს სამეცნიერო საბჭომ. მაგრამ აქ რა ხდება, იცი? ვიღაცა უნდა წავიდეს, თორემ ძალიან გაბერილი შტატი აქვთ.“ (სტილი დაცულია)

[გურგენ მალანიას ხმა] „მაგას თვითონ გაარკვევენ. შენ რატომ აგდებ? მთავარი ავტონომიაა და მასზეა ბრძოლა და ეს სამარცხვინოა.“(სტილი დაცულია)

ბატონი გურგენი ამბობს, რომ ინფორმაციის ძირითად ნაწილს იმ მიტინგებიდან იღებს, რომელიც აქვე, ორიოდე ნაბიჯში, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, ყოველდღე, საღამოს ხუთ საათზე, იმართება. თუ ეგრეთ წოდებული დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრებს დავუჯერებთ, ჩემს რესპონდენტებს ინფორმაცია არც უახლოეს დღეებში მოაკლდებათ.

[ნესტან კირთაძის ხმა] „დღეიდან მთელ საქართველოს ვაცხადებ თანამებრძოლებად, უნივერსიტეტის პანთეონი იქცევა ეროვნული თანხმობის მოდელირების არაჩვეულებრივ საფუძვლად და ღმერთი იყოს ჩვენი შემწე უნივერსიტეტის, ქართული ეროვნული ღირებულებების დაცვისათვის ბრძოლაში ძალადობისა და ანტიქართული იდეოლოგიის წინააღმდეგ.“(სტილი დაცულია)


ეს პროფესორი ნესტან კირთაძეა, რომლის თქმითაც, ანტიქართულ პოლიტიკას განათლების მინისტრი და უნივერსიტეტის დროებითი ადმინისტრაცია პოლიციის დახმარებით ატარებენ, თუმცა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ხუბუა ამბობს, რომ პოლიცია აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც კანონით ევალება. „თუ არა პოლიციამ, ვინ უნდა დაიცვას წესრიგი?“ - კითხულობს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

[გიორგი ხუბუას ხმა] „მეზობლებს მოვუხმო საშველად, მეგობრები მოვიწვიო თუ სტუდენტები ჩავრიო, ან თანამშრომლებს ვთხოვო წესრიგის დამყარება. რა თქმა უნდა, პოლიცია არის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო და ფუნქცია წესრიგის დამყარებისა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ მას.“


მაგრამ ხუბუას ოპონენტებს, როგორც ჩანს, პოლიციელთა სიმრავლე და ორგანიზებულობა დიდად არ აშინებთ. ყოველ შემთხვევაში, ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან დაპირისპირებული უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს, ალტერნატიული საბჭოსა და მეცნიერებათა აკადემიის წევრები აქტიურ ქმედებაზე გადასვლას აპირებენ:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] „აქ შეიქმნება მუდმივმოქმედი კერა დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის კერა. ნურავინ იფიქრებს, რომ ახლა რაკი ზაფხულია, ივლისია, აგვისტოა და ცხელა, ამით დამთავრდება. არ დამთავრდება! ეს გაგრძელდება ახლა, გაგრძელდება სექტემბერში, ოქტომბერში და, თუ ხელისუფლება არ შეისმენს, წლის ბოლომდე სააკაშვილს მოუხდება საქართველოდან წასვლა.“(სტილი დაცულია)

მიზნის გამოკვეთის ფონზე, პროფესორ-მასწავლებლები რატომღაც არაფერს ლაპარაკობენ ბრძოლის მეთოდებსა და საშუალებებზე. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მიტინგები, ტრადიციულად, პირველი კორპუსის ეზოში საღამოს ხუთ საათზე გაიმართება. თუმცა, როგორც პარლამენტის განთლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი ამბობს, უნივერსიტეტში დაწყებული გარდაქმნა შეუქცევად ხასიათს ატარებს. დუპუტატი კონკურსსა და, აქედან გამომდინარე, შტატების შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] „დღის წესრიგში თავისთავად დადგა შემცირების საკითხი, მაგრამ შემცირება სწორედაც რომ კონკურსის წესით არის უპრიანი, რათა ხარისხიანი ადამიანი დარჩეს, დიდებული პედაგოგი დარჩეს, ხოლო სუროგატი გავიდეს სასწავლებლიდან. აი, არსი ეს არის საკითხის. გვინდა არ გვინდა, ცხოვრება ამას მოიტანდა.“

ცხადია, რეფორმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უნივერსიტეტის არაერთი თანამშრომელი დაკარგავს სამსახურს. გურგენ მალანია, რომელიც პირველ კორპუსთან წიგნებით ვაჭრობს, ვარაუდობს, რომ, შტატების შემცირების შედეგად, მის დახლებზე დალაგებული წიგნების რაოდენობა გაიზრდება.

[გურგენ მალანიას ხმა] „კი, რა თქმა უნდა, პროფესორ-მასწავლებლებისგან ბევრი გვიყიდია და გაჭირვებულიც ბევრი მინახია. თუმცა ბოლო დროს შეწყდა, თუმცა, გიმეორებთ, ბევრ პროფესორ-მასწავლებელს ჩემთან მოაქვს წიგნები.“ (სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ პროფესორ-მასწავლებლები სახლებიდან წიგნების გამოტანას არ ჩქარობენ. დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრები უბრძოლველად დანებებას არ აპირებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG