Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ჩაიშალა ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა


ქართულ-ოსური კონფლიქტის ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელიც თბილისში 17-18 ივლისს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა.

რუსეთმა შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი საქართველოში რუსი დიპლომატისა და სამხედრო პირების დაკავების მომიზეზებით განაცხადა, ოსურმა მხარემ კი თბილისში დელეგაციის უსაფრთხოების საკითხები დააყენა ეჭვის ქვეშ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარში უცნაურს ვერაფერს ხედავენ და ამბობენ, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს სამშვიდობო პროცესის ჩასაშლელად.


გასული კვირის პარასკევს საქართველოს სამხედრო პოლიციის მიერ გორის რაიონში რუსი სამხედროებისა და დიპლომატის ხანმოკლე დაკავებას სანკტ-პეტერბურგში “დიდი რვიანის” სამიტზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა. ლავროვმა საქართველოში ომის პარტიის არსებობაზე ილაპარაკა და, აი, ასეთი განცხადება გააკეთა:

[სერგეი ლავროვის ხმა] ”ჩვენ მოვითხოვთ არსებული შეთანხმებების განუხრელ დაცვას მშვიდობისმყოფელთა სტატუსთან, დიპლომატების სტატუსთან დაკავშირებით და მსგავსი პროვოკაციების შეწყვეტას. სამწუხაროდ, ამ ომის პარტიამ ერთს უკვე მიაღწია, ერთობლივი საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელიც ხვალ უნდა ჩატარებულიყო, რა თქმა უნდა, უკვე ჩაშლილია.”

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი სამშვიდობო პროცესის ჩასაშლელად სხვადასხვა პროვოკაციებს მიმართავს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის კომენტარი:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”რუსებს არ უნდათ არავითარი საკონტროლო კომისიები და არავითარი სამშვიდობო მოლაპარაკება. ის, ვინც არის ამაში უშუალოდ ჩარეული, იყენებს წვრილმან მიზეზსაც კი, რათა ჩაშალოს მოლაპარაკებები, რადგან მათთვის იქ არის ხიფათი. ყოველგვარი მოლაპარაკებები უნდა დამთავრდეს მშვიდობიანად.”

ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების კომენტირება ვთხოვე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.

[დავით ბაქრაძის ხმა] ”სიტუაციის გამწვავება ეს არის პოლიტიკური აგონია რუსეთის მხრიდან, რომელიც ცდილობს, იქ დესტაბილიზაციის შექმნით, შექმნას ილუზია, რომ ეს არის არასტაბილური რეგიონი, სადაც ერთადერთი გარანტორი არის რუსეთი და, რუსეთის სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში, იქ სიტუაცია გახდება უკონტროლო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ჩვენ მსგავს პროვოკაციებს ველოდებით და მზადაც ვართ.”

ეს მზადყოფნა დავით ბაქრაძემ საქართველოს ხელისუფლების სახელით გამოთქვა, თუმცა ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, უკმაყოფილოა იმით, რომ პროვოკაციის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ლაპარაკია რუსი დიპლომატისა და სამხედრო პირების ხანმოკლე დაკავების ფაქტზე, რომელიც სერგეი ლავროვმა ოთხმხრივი კომისიის ჩაშლის მიზეზად დაასახელა.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] ”ევნევიჩიც ამ დავალებით იყო გამოშვებული აქ, იმიტომ რომ ასეთი მიზანმიმართული ქმედება, რომ ყველანაირად აღმოჩენილიყო იმ დიპლომატების მანქანაში, ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. უბრალოდ, ჩვენ არ უნდა ავყოლოდით მაგას და ჩვენ არ უნდა მიგვეცა შესაძლებლობა ლავროვს ასეთი განცხადებები გაეკეთებინა.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ვერაფერს შეცვლის ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და კონფლიქტურ ზონებში ვერც რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნას გაახანგრძლივებს.
XS
SM
MD
LG