Accessibility links

შერი ბლერი და რუსი უფლებდამცველები


ორშაბათს სანკტ-პეტერბურგში, რომლისკენაც მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო მიპყრობილი “დიდი 8”-ის სამიტთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა სამიტის ერთ-ერთი მონაწილის მეუღლემაც.

საქმე ეხება შერი ბლერს - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ცოლს, რომელიც ცნობილი ვექილია და წარმატებით მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. და შეხვედრაც, რომელიც მან რუსეთში გამართა, ადამიანის უფლებათა დაცვას ეხებოდა.

ალექსანდრ პეტროვი, ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ჰიუმან რაითს უოჩის” მოსკოვის ოფისის დირექტორი როგორც ამბობს, შერი ბლერთან შეხვედრა, რომელსაც არაოფიციალურ, კერძო საუბრად მოიხსენიებენ, წინასწარ იყო დაგეგმილი.

[ალექსანდრ პეტროვის ხმა] “შეხვედრა ჩვენი ინიციატივთ შედგა და მის ორგანიზებას შევუდექით დაახლოებით თვენახევარის წინ მოლაპარაკებით, რომელშიც ვაშინგტონსა და ლონდონში ჩვენი წარმომადგენლები, აგრეთვე ქალბატონი ბლერი მონაწილეობდნენ. მან გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიეღო რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან არაფორმალურ შეხვედრაში, სამიტთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში ვიზიტისას”.

და აი, არაფორმალური შეხვედრა შედგა - ექსპერტების შეფასებით, “დიდი 8”-ის სამიტის მასპინძელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეახსენეს, რომ დასავლეთი შეშფოთებულია რუსეთში ადამიანის უფლებათა ხელყოფის მზარდი მასშტაბით. მართალია, ლონდონიდან ოფიციალური კომენტარი არ გავრცელებულა შერი ბლერის შეხვედრის შინაარსზე, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ოფისს არ დაუმალავს, რომ პრემიერ-მინისტრის მეუღლის შეხვედრა რუს არასამთავრობოებთან ოფიციალური ლონდონის დასტურით გაიმართა. კომენტარი არ გაუკეთებია არც მოსკოვს.

როგორც “ჰიუმან რაითს უოჩის” წარმომადგენელი, ალექსანდრ პეტროვი აღნიშნავს, შერი ბლერი რუსეთში ყველაზე ცნობილი და აქტიური 12 არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტებს შეხვდა.

[ალექსანდრ პეტროვის ხმა] “თავისი სიტყვის შესავალ ნაწილში შერი ბლერმა რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებისადმი მხარდაჭერა გამოთქვა და შეეხო ამჟამინდელ ვითარებასაც, ახალი კანონის შემოღებასთან დაკავშირებით. თუმცა მან ისიც თქვა, რომ არ გაცნობია ახალი კანონის ტექსტს - სმენია ბევრი გამოხმაურება, შეშფოთება ახალი კანონის შესაძლო შედეგებით, პრობლემებით, რომელთაც ის არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუქმნის”.

პეტროვის ამ განმარტების კონტექსტში უნდა ითქვას, რომ რუსეთში ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები როგორც ირწმუნებიან, მათი საქმიანობა გაცილებით გაართულა ახალმა კანონმა, რომელიც მრავალ ბიუროკრატიულ დაბრკოლებას უქმნის აქტივისტებს, ფაქტობრივად, მათი მუშაობის პარალიზებას იწვევს. ამის გამო შერი ბლერმა პირობა დადო, რომ გაეცნობა ახალი კანონის ტექსტს და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას გაუწევს რუს აქტივისტებს, თუ ისინი ახალ კანონს -ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG