Accessibility links

logo-print

დღევანდელ რუსეთის გაზეთებში საქართველოს თემას წამყვანი ადგილი უკავია - საქართველოს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღევანდელ რუსეთის გაზეთებში საქართველოს თემას წამყვანი ადგილი უკავია - საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთის სამშვიდობოების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის

მიზანშეწონილობის პრობლემის განხილვა ის საკითხი აღმოჩნდა, რომელსაც გვერდი ვერც ერთმა რუსულმა გაზეთმა ვერ აუარა. მინდა დღევანდელი გაზეთ ”კომერსანტის” ერთი პუბლიკაციის შესახებ გესაუბროთ.

” საქართველო რუსეთის ცისფერჩაფხუტიანებს მანდატს ართმევს” - ასეა დასათაურებული დღევანდელი გაზეთ ”კომერსანტის” საკმაოდ ვრცელი პუბლიკაცია, რომელიც საქართველოში არსებულ კონფლიქტებში რუსეთის როლს დაწვრილებით აღწერს. გამოცემას არ აეჭვებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი, რომელიც, ”კომერსანტის” შენიშვნით, ბოლო დღეებში საკუთარი გადაწყვეტილების სერიოზულობის დემონსტრირებას ახდენს. ოფიციალური თბილისის მოქმედებათა საპასუხოდ, კრემლი ქართულ მხარეს ამბოხებული რესპუბლიკების მიმართ საომარ მოქმედებათა დაწყების სურვილში ადანაშაულებს. ”მოსკოვში ღიად აცხადებენ, რომ არ აპირებენ კონფლიქტის ზონებიდან რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანას და რომ ამ რეგიონებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს დაუცველს არ დატოვებენ,” - წერს ”კომერსანტი” და განაგრძობს:



საქართველოს პარლამენტს რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით დადგენილება არაერთხელ მიუღია, თუმცა, როგორც წესი, გადაწყვეტილების შესრულებას მთავრობა ამუხრუჭებდა. ამჯერად საქართველოს მთავრობის წევრები ირწმუნებიან, რომ საქმე ბოლომდე მივა და დოკუმენტი უეჭველად დაიდება პრეზიდენტ სააკაშვილის მაგიდაზე - პროცედურით, საბოლოო სიტყვა სწორედ პრეზიდენტს ეკუთვნის. როგორც საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე გაბაშვილმა განუცხადა ”კომერსანტს”, დადგენილებაში რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანის მკაფიო ვადები იქნება ჩაწერილი. ”მოლოდინს აზრი აღარ აქვს,” - ამბობს ქართველი პარლამენტარი.


მოსკოვს თბილისის ქმედებები უყურადღებოდ არ დაუტოვებია. პირველი გამოხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ეკუთვნის, რომელმაც საქართველოს პარლამენტის მოქმედება პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობად შეაფასა. ამასთან, კრემლმა მინიშნებაც გააკეთა, რომ მისი რეგიონიდან განდევნა ადვილი არ იქნება. ლავროვის განმარტებით, რუსეთის სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან გასაყვანად საკმარისი არ არის მხოლოდ ერთი მხარის მოთხოვნა - ამისთვის კონფლიქტის მეორე მხარის თანხმობაც აუცილებელია. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა კი პირდაპირ თქვა, არ ღირს იმის დავიწყება, რომ ცხინვალის რეგიონის 90 პროცენტი რუსეთის მოქალაქეაო. ”კომერსანტის” ცნობით, კრემლში უკვე შემუშავდა სპეციალური გეგმა საქართველოში რუსეთის ინტერესების დასაცავად. კერძოდ:



კრემლში შემუშავებული სპეციალური გეგმის თანახმად, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შემთხვევაში, აუცილებელი იქნება კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი ცისფერჩაფხუტიანების რაოდენობის ზრდა, საჭიროების შემთხვევაში კი - ცისფერჩაფხუტიანების რეგულარული არმიის ნაწილებით ჩანაცვლება იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით. ქართულ-ოსური კონფლიქტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა ყველაზე ცხარე რეაქცია ჩრდილოეთ ოსეთში გამოიწვია - ვლადიკავკაზში გუშინ ხალხმრავალი მიტინგი ჩატარდა. მიტინგის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ცხინვალში საომარი მოქმედების დაწყების შემთხვევაში, მოხალისეთა ნაკადი მთელი კავკასიიდან დაიძვრება მოძმე ოსების დასაცავად.


”კომერსანტის” აზრით, საინტერესოა, რომ ცხინვალის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაცია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არაფორმალურ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება. ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ პუტინს პირისპირ შეხვედრის თხოვნით მიმართა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, კრემლში ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან საქართველოს პრეზიდენტის თხოვნას, რაც, ”კომერსანტის” აზრით, ნიშნავს, რომ ორი პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდება. სხვა საკითხია, რამდენად შედეგიანი იქნება ეს, - წერს “კომერსანტი” და მკითხველს შეახსენებს, რომ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები სულ რაღაც ერთი თვის წინ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ:


ივნისში პუტინი-სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში მიიწვიეს ამერიკის პრეზიდენტთან შესახვედრად. ვაშინგტონის შეხვედრის შედეგად, “დიდი რვიანის” სამუშაო გეგმაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის შეტანა გახდა შესაძლებელი. უეჭველია, რომ საქართველოზე ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმაც ისაუბრეს. გამორიცხული არ არის, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა პუტინს სწორედ ამერიკის პრეზიდენტს ეთხოვა. ასეთ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის სტრატეგია სრულიად ლოგიკურად გამოიყურება - პუტინთან შეხვედრამდე მან, ასე ვთქვათ, კოზირები მოიმარაგა - მაგალითად, გამოიწვია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან საქართველოს ხელმოწერა რუსეთის გაწევრიანების სასარგებლოდ. მიხეილ სააკაშვილმა მისკოვში ჩამოსვლის წინ განაცხადა, თუ რა თემებზე ისაუბრებს რუს კოლეგასთან - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე. ფაქტია, რომ ოფიციალური თბილისი ამ ორ პრობლემას ერთმანეთს უკავშირებს.
XS
SM
MD
LG