Accessibility links

logo-print

დღეს გამომავალი ქართული გაზეთების მთავარი თემებია “დიდი რვიანის” სამიტის შედეგები


დღეს გამომავალი ქართული გაზეთების მთავარი თემებია “დიდი რვიანის” სამიტის შედეგები და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი,

რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე უყარა კენჭი.გაზეთ “რეზონანსთან” ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ყველა იმ პროცესისთვის, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გასვლას მოჰყვება. მისი აზრით, რუსეთი შეეცდება კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება კონფლიქტის რეგიონებში და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს. საქართველოს ხელისუფლებას ყველა ნაბიჯი გათვლილი აქვს, თუმცა ამის თაობაზე წინასწარ საუბარი მიზანშეუწონელია, შენიშნავს კოტე გაბაშვილი გაზეთ “რეზონანსის” ფურცლებზე. სამშვიდობო ძალების კანონგარეშე გამოცხადების პერსპექტივას მორიგი დადგენილების მიღების საჭიროების კუთხით აშუქებს გაზეთი “ხვალინდელი დღე”. ეს საკითხი იმდენჯერ დატრიალდება საკანონმდებლო ორგანოში, რამდენჯერაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს დასჭირდება რეკლამა, აცხადებს გაზეთთან ინტერვიუში საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” ერთ–ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი. ფრაქცია ხელისუფლების წამოწყებას წმინდა წყლის სარეკლამო ტრიუკად მიიჩნევს, ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის შესაძლებლობას კი მხოლოდ ფანტასტიკის სფეროს მიაკუთვნებს. შედარებით განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს გაზეთთან საუბარში ფრაქცია “მრეწველების” წევრი გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ გამორიცხული არ არის, ამგვარმა დადგენილებებმა საერთაშორისო ზეწოლა გააძლიეროს და სამშვიდობოთა საკითხში გარკვეული გარღვევა მოახდინოს.
რაც შეეხება დღის მეორე მთავარ თემას, საქართველოსთვის “დიდი რვიანის” სამიტის შედეგებს, დღეს გამომავალი ქართული გაზეთები სურათის შექმნას, ძირითადად, პოლიტიკური ექსპერტების შეფასებების საშუალებით შეეცადნენ. გაზეთ “24 საათის” განმარტებით, ქართველ ექსპერტებს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს თემას ბუში –პუტინის დიალოგისას დიდი დრო დაეთმო, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ყურადღების ცენტრში მოხვედრის შანსი საქართველოს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა დააკარგვინა, მესამეს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ქართული დიპლომატიის წარმატების შესახებ ნაადრევად მიაჩნია, მეოთხე კი აღნიშნავს, რომ სამიტის წინ ბუშისა და სააკაშვილის შეხვედრა შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერის დემონსტრირება იყო. ექსპერტთა, პირობით, მეორე ჯგუფს განეკუთვნება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში გიორგი ხელაშვილი. „ საქართველო და კონფლიქტები პირადად პუტინისათვის უკვე პრესტიჟის საგნად იქცა და მე ეჭვი მეპარება, რომ მას რაიმე დაეთმო თავისი ამერიკელი კოლეგისათვის, მით უმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამერიკელებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ პუტინი. არა მგონია, ისეთი ფუნდამენტური ძვრა მოხდეს ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებში, როგორებიცაა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურება. ამის მოლოდინი, ალბათ, არ უნდა გვქონდეს. ცნობილია, რომ სააკაშვილი უნდა შეხვდეს პუტინს. საბოლოო ჯამში, ამ შეხვედრას უნდა დაველოდოთ,“ - აცხადებს გიორგი ხელაშვილი გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში “ ‘დიდი რვიანი’ და საქართველო.“
XS
SM
MD
LG