Accessibility links

ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მოთხოვნით გამოდის


ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების

საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და როგორც ისრაელს, ისე ლიბანის ექსტრემისტულ ორგანიზაცია “ჰესბალაჰს” ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ლიბანიდან გუშინ დაბრუნდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, რომელმაც ლიბანში განხორციელებულ ნგრევას ”დრამატული” უწოდა. თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ კავშირს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა არც ისრაელზე შეუძლია და არც “ჰესბალაჰზე”.


ორშაბათს ევროკავშირმა ისრაელსა და “ჰესბალაჰს” შორის კონფლიქტის ინტენსიფიკაციის შესახებ ძლიერი შეშფოთება გამოხატა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს დეკლარაცია, სადაც დაპირისპირების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნაა გამოთქმული. ევროკავშირის წევრი ქვეყნების განსხვავებული პოზიციების გათვალისწინებით, დეკლარაციის ტექსტი ისეა ფორმულირებული, რომ ბრალდებების გამოთქმისათვის თავია არიდებული. ტექსტში ნათქვამია, რომ “ჰესბალაჰმა” დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გასულ კვირაში მძევლად აყვანილი ისრაელის ორი ჯარისკაცი, ხოლო ისრაელმა თავშეკავება უნდა გამოავლინოს და არ ჩაიდინოს დაუბალანსებელი ქმედება. ამავე დროს, ტექსტი ლიბანის მთავრობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მმართველობის დამყარების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყნის - ფინეთის -საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკი ტუომიოიამ მინისტრების შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ევროკავშირს ისრაელსა და ლიბანს შორის კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა აშფოთებს:

[ტუომიოიას ხმა] ”საკუთრივ განხილვამ და ინტონაციამ, რომელშიც ეს განხილვა წარიმართა, ჩვენი სერიოზული შეშფოთება ასახა შექმნილი რთული ვითარების, მისი ჰუმანიტარული ასპექტებისა და იმ საფრთხის გამო, რომელსაც ეს ვითარება უფრო ფართო, თუნდაც გლობალურ, უსაფრთხოებას უქმნის. ესკალაციის საფრთხე კვლავაც არსებობს და, რასაკვირველია, ჩვენ ყველა დაპირისპირების დაუყოვნებელი შეწყვეტის მოთხოვნით გამოვდივართ.”

ორგანიზაცია ”ჰესბალაჰი” გასული საუკუნის 80-იან წლებში ისრაელის მიერ ლიბანის ოკუპაციასთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა და მას ირანი და სირია უჭერენ მხარს. ლიბანში ორგანიზაცია, ძირითადად, მთავრობის კონტროლის მიღმა მოქმედებს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა ლიბანიდან ორშაბათს დაბრუნდა ბრიუსელში. ის ისრაელის თავდასხმების შედეგად შექმნილ ვითარებას ”დრამატულს” უწოდებს:

[სოლანას ხმა] ”მოგეხსენებათ, სიტუაცია ნამდვილად დრამატულია იმ ნგრევის თვალსაზრისით, რომელიც ინფრასტრუქტურის ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს შეეხო.”

სოლანას თქმით, ბეირუთის აეროპორტის დანგრევასთან ერთად, ისრაელის თავდასხმებმა ქვეყნიდან გასასვლელი თითქმის ყველა გზა დააზიანა.

ლიბანის წინააღმდეგ მასშტაბურ თავდასხმას ისრაელი ბოლო რამდენიმე დღეა ახორციელებს. ბეირუთში სამხედრო სამიზნეებად მიჩნეული ადგილების დაბომბვას შაბათ-კვირას ჩრდილოეთის ქალაქების - ტრიპოლის და ტირეს - მიმართულებით რაკეტების სროლა მოჰყვა. შეტევებს ათობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

პარალელურად, “ჰესბალაჰმა” ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფას ესროლა რაკეტები, რასაც მინიმუმ რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრიდან გამოსული ხავიერ სოლანა ყველანაირად ცდილობდა ლიბანის მთავრობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირებას და ხაზგასმით აცხადებდა, რომ კავშირს მთავრობის კიდევ უფრო დასუსტება არ სურს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლიბანში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ”ათასობით” მოქალაქე იმყოფება და ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებს. ტუომიოიას განცხადებით, ევროკავშირი ჯერ არ გამოდის მათი მასობრივი ევაკუაციის მოთხოვნით - თუმცა ისრაელის თავდასხმების გამო, შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ტუომიოიამ გასული კვირის ბოლოს მოკლული კანადის მოქალაქეები გაიხსენა და განაცხადა, რომ ადვილი შესაძლებელია, მათ ადგილას ევროპელები ყოფილიყვნენ.

ტუომიოიას თქმით, ევროკავშირს ისრაელისგან გარანტიის მიღება სურს, რომ ტრანსპორტს, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს გადაიყვანს, საფრთხე არ დაემუქრება.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ ჰგონია, რომ კონფლიქტი სამხედრო ძალით გადაიჭრება:

[ტუომიოიას ხმა] ”ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევინარჩუნებთ, თუ ყველა მხარეს უკეთესი, უფრო უსაფრთხო, მომავლის პერსპექტივა გაუჩნდება. ახლა ამ ფაქტორის ნაკლებობას განვიცდით.”

ტუომიოია ე.წ. ახლო აღმოსავლეთის ”კვარტეტის” ფარგლებში საუბრობდა, რომელიც შეერთებულ შტატებს, გაეროს, რუსეთს და ევროკავშირს აერთიანებს.

საკუთრივ ევროკავშირს კონფლიქტზე უშუალო გავლენის მოხდენისთვის საკმარისი ბერკეტები არა აქვს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადამწყვეტ უმრავლესობას ისრაელის განაწყენება არ სურს. როგორც პარასკევს ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, კავშირში არავინ აპირებს ევროკავშირსა და ისრაელს შორის პარტნიორობის შეთანხმების გახსენებას, საერთაშორისო სამართლის დაცვის აუცილებლობაზე მითითების მიზნით.

ევროკავშირი ვერც “ჰესბალაჰთან” შეძლებს ეფექტიან კომუნიკაციას. უკანასკნელ თვეებში კავშირს ურთიერთობა გაუფუჭდა ორგანიზაციის მთავარ მხარდამჭერებთან - ირანსა და სირიასთან.

შეკითხვას, არის თუ არა ევროკავშირი მზად, რომ ლიბანის სამხრეთში სამშვიდობო ჯარი გაგზავნოს, ტუომიოიამ უპასუხა, რომ ეს ”გაეროს საკითხია”. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელი პირობები დაცული იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნები სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის მზად იქნებიან.
XS
SM
MD
LG