Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანის პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს დახმარებას სთხოვს


კვირაზე მეტია, ისრაელი საჰაერო დარტყმებს ახორციელებს ლიბანის ტერიტორიაზე. ეს თავდასხმები მოჰყვა 12 ივლისის ინციდენტს: ლიბანის მოძრაობა “ჰიზბოლაჰის” მიერ ისრაელის საზღვარზე რამდენიმე ჯარისკაცის დახოცვას

და ორი ჯარისკაცის მძევლად აყვანას. 12 ივლისის შემდეგ შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - განსაკუთრებით დიდია მსხვერპლი ლიბანში. და აი, ამ ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა ემოციური მოწოდებით მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას: ლიბანის პრემიერ-მინისტრი ფუად სინიორა მსოფლიოს სთხოვს, განზე ნუ გადგება, ყველაფერი იღონოს ლიბანის დაბომბვისთვის ბოლოს მოსაღებად: [ფუად სინიორა] “მოგმართავთ ყველას თხოვნით, დაუყოვნებლივ, უყოყმანოდ გამოეხმაუროთ ამ მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის, ალყის მოხსნისა და ჩვენი, ომით დაზარალებული, ქვეყნისთვის სასწრაფო საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების გაწევისკენ”.

ფუად სინიორას ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო კამპანიამ უკვე 300 ლიბანელის სიცოცხლე შეიწირა - უმეტესწილად, სამოქალაქო პირების. დაჭრილების რიცხვი სამჯერ მეტია, ხოლო ნახევარ მილიონამდე ადამიანი (ანუ ლიბანის მოსახლეობის მერვედი) იძულებული იყო, სახლ-კარი მიეტოვებინა. მსხვერპლია ისრაელის მხარეზეც - 30-მდე მოკლული.

მაგრამ ისრაელი მაინც წინააღმდეგია მოცემულ ეტაპზე დაზავებისა. [ეფრაიმ სნეჰის ხმა] “ცეცხლის შეწყვეტა არ იქნებოდა სწორი, სანამ არ შევასრულებთ ჩვენს ამოცანას - ეს ამოცანაა “ჰიზბოლაჰის” განადგურება სამხრეთ ლიბანში და მისი მოცილება ჩვენი ჩრდილოეთი საზღვრიდან. სანამ ეს ამოცანა არ შესრულდება, მიზანშეწონილი არ არის ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ეს “ჰიზბოლაჰს” მოგვიანებით ცეცხლის განახლების საშუალებას მისცემდა. ჩვენ კი მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ეს არ დავუშვათ”, -განმარტავს ისრაელის პარლამენტის წევრი ეფრაიმ სნეჰი. შესაბამისად, ისრაელი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებამდე მოითხოვს “ჰიზბოლაჰის” სარაკეტო იერიშების შეწყვეტას, ისრაელისთვის ორი ჯარისკაცის დაბრუნებას, სამხრეთ ლიბანში - “ჰიზბოლაჰის” პოზიციებზე - ლიბანის ეროვნული არმიის შენაერთების განთავსებას.

ჯერ-ჯერობით საქმეს არ უჩანს იმის პირი, რომ “ჰიზბოლაჰი” აპირებს ამ პირობათა შესრულებას ისრაელის მოთხოვნის, ან მასშტაბური სამხედრო ოპერაციების გამო. ჰიზბოლაჰის მებრძოლები განაგრძობენ სარაკეტო იერიშებს ჩრდილოეთ ისრაელზე - ქალაქ ნაზარეთში გუშინ ორი ბავშვი მოკლეს.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია საზღვარზე, ლიბანის მხარეს, “ჰიზბოლაჰის” მეომრებსა და ისრაელის ჯარსიკაცებს შორის გააფთრებული შეტაკების შესახებ. ღამით ისრაელმა დაბომბა ბუნკერი, რომელშიც ჰიზბოლაჰის ლიდერები ეგულებოდა, მაგრამ მოგვიანებით “ჰიზბოლაჰის” ტელეარხმა “ალ მანარმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ იერიშისას ორგანიზაციის ხელმძღვანელობას არაფერი დაშავებია.

რაც შეეხება უცხოეთის როლს ამჟამინდელ კრიზისთან დაკავშირებით - გაეროს უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ლუის არბორმა დაპირისპირებულ მხარეებს შეახსენა სამოქალაქო პირების დაცვის აუცილებლობა. ევროკომისიამ გაავრცელა განცხადება, რომ 10 მლნ ევროს გაიღებს ლიბანში ძალადობის მსვხერპლთა ჰუმანიტარული დახმარების დასაფინანსებლად.
აქტიურდება კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა გაეროში.

ამასობაში კი გრძელდება ლიბანიდან უცხოელთა ევაკუაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბანი უკვე დატოვა იქ მყოფმა სამივე ქართველმა.
XS
SM
MD
LG