Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


20 ივლისის ქართული ბეჭდური მედიის მთავარი თემა, ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების მიერ ოპოზიციური ფრთის მოქმედებებზე გუშინ გამოხატული საჯარო რეაგირების შეფასებაა,

მეორე მხრივ კი - ამ შეფასებების საბაბი, საქართველოს პარლამენტის 18 ივლისის გადაწყვეტილება. ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება თითქმის თანაბრად აქტუალურია არა მარტო ქართული, არამედ რუსული მედიისთვისაც. გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნებული პუბლიკაცია, სათაურით „მუქარა მოსკოვიდან“, სწორედ ქართველი ჟურნალისტების რუსი კოლეგების მიერ გამოკითხული რუსი ექსპერტების მოსაზრებების თავმოყრის ერთგვარი ცდაა. თბილისმა, შესაძლოა, არც კი იცის, რა ახლოს არის სერიოზულ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან, – გაზეთ “24 საათის” დაკვირვებით, საქართველო–რუსეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობათა ანალიზის შემდეგ სწორედ ამას ასკვნის რუსული მედია. გაზეთის ცნობით, რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტი რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით კრემლის პროვოცირებას ახდენს, რის გამოც თბილისი სამაგალითოდ დაისჯება. დაახლოებით ასეთივე მოსაზრება გამოთქვა გუშინ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა ედუარდ კოკოითმაც. პუბლიკაციაში კი, სათაურით „საქართველოს დასჯის დრო მოვიდა“, გაზეთი “რეზონანსი” ცხინვალის რეგიონში არსებულ პანიკასა და კონფლიქტის ზონაში ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩასული მოხალისე ბოევიკების სიმრავლეზე მიუთითებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ჯავის რაიონში ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანას განაგრძობენ. გაზეთის ფურცლებზე გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. მისი თქმით, როკის გვირაბის გავლით ჯავაში შევიდა 5 ჯავშანსტარსპორტიორი, 8 ურალის ტიპის სატვირთო ავტომანქანა, 9 ბენზინმზიდი და დაახლოებით 300 მოხალისე - ძირითადად, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც, ვითომდა დამსვენებლების სტატუსით, ჯავის სანატორიუმებში განთავსდნენ.
საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პარლამენტის 18 ივლისის დადგენილების მნიშვნელობასა და მისი აღსრულების პერსპექტივებთან დაკავშირებით არსებული დაპირისპირების თემას დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითქმის ყველა ბეჭდური გამოცემა ეხება. გაზეთ „ხვალინდელ დღეში“ ოპოზიციის მხრიდან კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი შენიშნავს, რომ რუსეთსაც და დასავლეთსაც რუსი სამშვიდობოების საქართველოში დარჩენა ხელს აძლევს და ასეთ ვითარებაში სააკაშვილი ცისფერჩაფხუტიანების საქართველოში დარჩენის ძვირად გაყიდვას ცდილობს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კი შენიშნავს, რომ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ყოფილ ოლქში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრი ნაბიჯები თუ არ გადადგა, შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ სიტუაციის შემოსაბრუნებლად ძალიან გვიან იყოს. დავით ბაქრაძის აზრით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლა–არგამოსვლის საკითხით ოპოზიციის მანიპულირება ხელოვნურად მოგონილი მიზეზია, რათა ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების მოქმედება გარკვეულწილად მაინც შეფერხდეს.
რამდენიმე მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ არ შეუერთდა ოპოზიცია 18 ივლისს რუსი სამშვიდობოების შესახებ დადგენილების განხილვისა და კენჭისყრის პროცედურებს, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი გამოთქვამს ღია წერილში, რომელიც გაზეთმა “24 საათმა” გამოაქვეყნა. “ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს კონკრეტული მიზეზები აქვს. ბოიკოტი ქვეყანაში გამეფებული ძალადობის, სიკვდილის ბრიგადების თარეშის, სახელმწიფოს მიერ მოკლული ახალგაზრდა ქართველების მკვლელებისადმი სოლიდარული უმრავლესობის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ძალიან კონკრეტული მოთხოვნებით–რომ ქვეყანა გათავისუფლდეს და მკვლელებს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ხერხემლად არ განვიხილავდეთ.“ ეს არის ციტატა თინათინ ხიდაშელის ღია წერილიდან, რომელიც გაზეთ “24 საათში” დაიბეჭდა.

XS
SM
MD
LG