Accessibility links

logo-print

გიორგი ხაინდრავას სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაატოვებინეს: რა არ აპატიეს მას?


პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ხელახალი დამტკიცება მოუწევს. ამის აუცილებლობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად წარდგენამ განაპირობა.

მისი ადგილი ზურაბ ჟვანიას ყოფილმა თანაგუნდელმა დავით ტყეშელაშვილმა უნდა დაიკავოს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ კი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა უნდა შეცვალოს. საკადრო ცვლილებები მთავრობაში ამით ამოიწურება.

მთავრობის შემადგენლობიდან გიორგი ხაინდრავას ჩამოცილება საზოგადოებაში ორგვარად იქნა გაგებული. პირველი: მთავრობამ აპირებს გადახვევას სამშვიდობო კურსიდან და იცილებს ამ კურსის ერთგულ პირებს. და მეორე: გიორგი ხაინდრავას განსხვავებული აზრი და ცნობილი კრიტიკული გამონათქვამები არ აპატიეს.

საგულისხმოა დღეს გავრცელებული ის ცნობაც, რომ პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრა გადაიდო. საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებელ სახელმწფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურების არაფორმალურ სამიტზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც შეიტყო, რომ რუსეთის პრეზიდენტი პირისპირ სასაუბროდ არ შეხვდებოდა. ”მხოლოდ უაზრო გასეირნებისთვის პრეზიდენტს არ სცალია ” - განმარტავენ საქართველოს ხელისუფლებაში. რამდენი ხნით გადაიდო უმაღლესი დონის შეხვედრა, ამაზე მკაფიო პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. მოსაზრებები ასეთია - პუტინს არა აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და არც საკუთარი კოლეგების მსგავსად აშკარა მუქარანარევი განცხადებების გაკეთებისთვის არის მზად. პუტინის და სააკაშვილის შეხვედრის ჩაშლამ კიდევ უფრო მკვეთრად წარმოაჩინა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა.

არათუ საქართველოში, თავად რუსეთში აღიარებენ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ახალი და სერიოზული დესტრუქციული ნაბიჯების გადადგომის ალბათობას და ასეთ სიტუაციაში გასაკვირი არ არის, რომ გიორგი ხაინდრავას გათავისუფლება სახელმწიფოს მინისტრის პოსტიდან, თანაც მასსა და თავდაცვის მინისტრს შორის ურთიერთობის გამძაფრების ფონზე, სამშვიდობო კურსიდან საქართველოს ხელისუფლების შესაძლო გადახვევის მომასწავებლად აღიქმება, ყოველ შემთხვევაში გარკვეული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდან. მათ შორის არის პაატა ზაქარეიშვილი.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”ოქრუაშვილთან დაპირისპირება იყო საბაბი, მიზეზი იყო ის, რომ ჰქონდა შკარა სამშვიდობო კურსი, ისევე როგორც ალასანიას. ასეთები საქართველო მთავრობაში აღარ მეგულება. ”

კამათი ოქრუაშვილსა და ხაინდრავას შორის გორთან სამხედრო პოლიციის მიერ რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილის გენერალ ევნევიჩის დაკავებამ განაპირობა. ხაინდრავამ განმარტა, რომ რუსეთის სალჩოს მანქანებით მოძრავი გენერლის დაკავება, ამ უკანასკენლის მხრიდან პროვოკაციაზე წასვლის მიუხედავად, ვენის კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა. "თუ არ მოგწონს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, ადექი და წადი”, - იყო ამაზე თავდაცვის მინისტრის პასუხი და ხაინდრავაც წავიდა. 21 ივლისს მან პრემიერ-მინისტრის კაბინეტიდან გამოსულმა შეიტყო ჟურნალისტებისგან იმის შესახებ, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
XS
SM
MD
LG