Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


653-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს შევეცდებით პასუხი გავცეთ შეკითხვას, რატომ უნდათ ამერიკელებს ნატოში საქართველოს გაწევრიანება და რატომ ეწინააღმდეგება ამას ევროპა; გესაუბრებით ფიროსმანის ნახატების გამოფენაზე; ვნახავთ, როგორ უწევს ვენაში ხელისუფლება პროპაგანდას კლასიკურ მუსიკას; მოისმენთ ინტერვიუს ჰამბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთან; ვისაუბრებთ ფიფას მიერ საფეხბურთო ვარსკვლავის, ზინედინ ზიდანის მიმართ გამოტანილ სასჯელზე.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


საქართველო ნატოში - ევროპისა და ამერიკის განსხვავებული მიდგომები

ბიძინა რამიშვილი:
დიდი რვიანის სამიტის დასრულებიდან ორიოდ დღეში ქართულმა მასმედიამ ორი ინფორმაცია გაავრცელა: ერთის თანახმად, აშშ სენატმა მიიღო საქართველოს ნატოში დაჩქარებულად გაწევრიანების მხარდამჭერი დადგენილება. მეორე ცნობა კი გვაუწყებდა, რომ ნატოს წევრი ევროპის სახელმწიფოები ეწინააღმდეგებიან ამ ორგანიზაციაში დაჩაქარებული წესით საქართველოს გაწევრიანებას. საქართველოს გარდა ამ რიგში მოხსენიებული იყვნენ ხორვატია, ალბანეთი და მაკედონია. თუმცა, ევროპელ ლიდერებს საქართველოს მიმართებით ერთი გამორჩეული არგუმენტიც ჰქონდათ: კონფლიქტური ზონები და აქედან გამომდინარე, მოუწესრიგებელი საზღვრები. დავით პაიჭაძემ აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების განსხვავებულ მიდგომათა კომენტარი სთხოვა საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს, გიორგი ხელაშვილს.

იხ. აუდიოვერსია.



”კიევმოვლილი” ფიროსმანი თბილისს დაუბრუნდა

ბიძინა რამიშვილი:
თბილისში ნიკო ფიროსმანის 35 საუკეთესო ნახატი დაბრუნდა. ეროვნულმა მუზეუმმა კიევში წარმატებული გამოფენის შემდეგ ფიროსმანის შემოქმედების ყველაზე გამორჩეული ნიმუშები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფინა. ამ გამოფენით ეროვნული მუზეუმი ახალ ტრადიციას ამკვიდრებს, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ წარმატებული ექსპონირების შემდეგ საქართველოში საანგარიშო გამოფენა მოეწყობა. თბილისში გახსნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უკრაინული პრესის მიმოხილვები, რაც გენიალური ქართველი მხატვრის შემოქმედებისადმი უკრაინელ დამთვალიერებელთა ინტერესს წარმოაჩენდა. ფიროსმანის ნახატების გამოფენის გარდა საქართველოს კულტურის მინისტრმა და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ჟურნალისტებს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სამუზეუმო სიახლის შესახებ მოუთხრეს. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ალექსანდრე ელისაშივილი ისაუბრებს.

ალექსანდრე ელისაშვილი:
”ცხოვრებაში არასდროს მიტირია ნახატების წინ დგომისას, მაგრამ აქტრისა მარგარიტამ ჩემზე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მე სრულად დავიტირე ოსტატ ფიროსმანის გაუზიარებელი სიყვარული მარგარიტასადმი, ნახვამდის აქტრისა მარგარიტა, ნახვამდის ნიკო ფიროსმანიშვილო” - ასეთი ჩანაწერი კიევის სახელმწიფო მუზეუმის შთაბეჭდილებათა წიგნში ლვოველმა ვიქტორია ლუტოევიჩმა დატოვა. ამ წიგნიდან რამდენიმე ამონაწერი საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში შეკრებილ ჟურნალისტებს გაგვაცნეს. ფიროსმანის 35 საუკეთესო ნახატის გარდა დარბაზში კიევური ექსპოზიციისადმი უკრაინული პრესის გამოხმაურებაც იყო წარმოდგენილი. ათობით ჟურნალისა და გაზეთის პირველი გვერდები ნიკო ფიროსმანის ექსპოზიციისადმი მიძღვნილ სტატიებს და ფოტოებს ეკავათ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის გიორგი გაბაშვილი ქართველი გენიალური მხატვრისადმი უკრაინელ დამვალიერებელთა ინტერესს იხსენებს:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] ასობით და ათასობით ადამიანი იდგა რიგში, რომ შესულიყო ამ გამოფენაზე, არნახული დასწრება ჰქონდა, არნახული აქტიურობა იყო კიევცის სახელმწიფო მუზეუმში და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე ამ მხრივ და სწორედ ამიტომ ეროვნულ მუზეუმს აქვს დაგეგმილი ძალიან აქტიური საერთაშორისო სეზონი 2007 წელს, როცა ჩვენ ძალიან ბევრ საერთაშორისო მნიშვნელოვან გამოფენას გავმართავთ.

კიევი ფიროსმანიშვილის ნახატებს 5 აპრილიდან 14 მაისამდე მასპინძლობდა. როგორც ირკვევა დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ინტერესის გამო გამოფენა უკრაინის წლის საუკეთესო სამუზეუმო მოვლენად არის ნომინირებული. საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ფიროსმანის კიევური ”მოსალოდნელი წარმატების” გამო კმაყოფილებას არ მალავდა და ახალი სამუზეუმო სტილის დამკვირდებაზე საუბრობდა:

[დავით ლორთქიფანიძის ხმა] ეს ფორმატი იქნება უკვე ყოველთვის, რომ ეროვნულმა მუზეუმმა თავისი ჩატარებული პროექტების ანგარიში წარუდგინოს საზოგადოებას. თქვენ ხედავთ პრესის მიმოხილვიდანაც, როგორი წარმატებული იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სათავეს დაუდებს ბევრ წარმატებულ პროექტს და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, როგორი სტანდარტიც უნდა გვქონდეს: უმაღლესი რანგის საექსპოზიციო დარბაზი, სამთავრობო დონეზე ექსპოზიცია და დაზღვევა ძალიან მაღალ თანხაზე.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორს გია მარსაგიშვილს ერთი უცნაური შეკითხვით მივმართეთ და რამდენიმე წინადადებით ნიკო ფოროსმანიშვილის ხელოვნების არსის ახსნა ვთხოვეთ:

[გია მარსაგიშვილის ხმა] ერთნი აფასებდნენ, რომ ეს არის ბალღი და მასში ხედავდნენ ადამიანის ნიჭის განსახიერებას, ეს იყო გრიგოლ რობაქიძის შეფასება და იყო მეორე შეფასება დავით კაკაბაძის, ეს თანადროული შეფასებები იყო და ის ამბობდა, რომ ფიროსმანი არის ქართული ხელოვნების მომავალი. კაკაბაძემ ასეთი შეფასება მისცა და მემგონი არ შემცდარა.

ხელოვნების მუზეუმიდან გამოსვლის შემდეგ ქუჩაშუ ფიროსმანის შესახებ ჩვეულებრივ გამვლელებს გავესაუბრეთ:

[ხალხის ხმა] პირველი გამვლელის ხმა - ძალიან მიხარია, რომ დღეს კიდევ გახსოვთ ფიროსმანი. აუცილებლად წავალთ მის გამოფენაზე. მეორე გამვლელის ხმა - ფიროსმანზე მე რა უნდა ვიფიქრო მთელი საფრანგეთმა და მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ არის გენიოსი მხატვარი და ჩემი აზრი რა, მეც ვუერთდები მთელ მსოფლიოს, რომ არის გენიოსი. მესამე გამვლელის ხმა - ფიროსმანზე რას ვფიქრობ? მაგარია, მაგრა ხატავს, საქართველოს შედევრებს ხატავდა, შედევრებს (სტილი დაცულია).

საქართველოს შედევრების მხატვრის დღემდე საფლავმიუგნებელი ნიკო ფირმოსმანიშვილის 35 საუკეთესო ნამუშევრის ხილვას ქართველი დამთალიერებელი ხელოვნების მუზეუმში კიდევ ორ კვირას შესძლებს. შემდეგ კი, როგორც ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა მუზეუმის თანამშრომლების ოცნების აღსრულება ისწყება. ხელოვნების მუზეუმი საქველმოქმედო ფონდის ”ქართუ” ფინანსური მხარდაჭერით დაახლოებით 2 წლით სარემონტოდ დაიხურება. სავარაუდოდ ორი წლის თავზე ქართველი მუზეუმის მოყვარულები ზუბალაშვილების ყოფილ ქარვასლაში მსოფლიო დონის და სტანდარტების მუზეუმს იხილავენ.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი



როგორ უწევს ვენაში ხელისუფლება პროპაგანდას კლასიკურ მუსიკას

ბიძინა რამიშვილი:
ზაფხულში ღია ცის ქვეშ გამართული კულტურული ღონისძიებები, მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში პოპულარულია. თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტებს, გამოფენებს, სპექტაკლებს ქუჩაში განსხვავებულად აწყობენ. Aავსტრიის დედაქალაქ ვენაში, მაგალითად, ამ დღეებში იმართება უჩვეულო კინოფესტივალი ღია ცის ქვეშ.. თუმცა სხვა კინოფორუმებისგან განსხვავებით აქ არა კინოს, არამედ ფილმ-ბალეტებს, ოპერას, სიმფონიური მუსიკის კონცერტებს აჩევნებენ. ჩვენი კოლეგა, გიორგი გვახარია გვიამბობს, როგორ უწევს ვენაში ხელისუფლება პროპაგანდას კლასიკურ მუსიკას.

გიორგი გვახარია:
ბანალური იქნება იმის გახსენება, რომ ავსტრია მუსიკის სამშობლოა. თუმცა თავად ავსტრილებს არ ეშინიათ იყვნენ ბანალურნი და განუწყვეტლივ გვახსენებენ აქაური, დიდი მუსიკოსების სახელებს. მითუმეტეს წელს, როცა მსოფლიო მოცარტის დაბადების 250-ე წლისთავს აღნიშნავს. ვენაში წელს მოცარტის კულტია – მოცარტის სახელს იხილავთ ყველგან – ვენის სახელგანთქმული ოპერის თეატრის აფიშებიდან დაწყებული საზოგადოებრივი ტუალეტებით დამთავრებული. დიახ, დიახ, მოცარტის მუსიკას აქ ფეხსადგილებშიც გაიგონებთ.

მაგრამ ავსტრია არ არის მხოლოდ მოცარტი, ან, თუნდაც იოჰან შტრაუსი. ვენის მერია, საერთოდ, კლასიკური მუსიკის პროპაგანდას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ქალაქის რატუშასთან, ღია ცის ქვეშ მოწყობილია კინოთეატრი, დაახლოებით ორიათას მაყურებელზე, სადაც ყოველ საღამოს უფასოდ უჩვენებენ მუსიკალურ ფილმებს – ოპერას, ბალეტს, სიმფონიური მუსიკის კონცერტებს. კარგი მუსიკის მოსასმენად (და “საყურებლადაც”) უამრავი ხალხი მოდის – მათ შორის ისიც, ვისაც აქამდე არასდროს ჰქონია კლასიკური მუსიკის მოსმენის, ან თუნდაც ვერდის ოპერების ნახვისა და მოსმენის სურვილი

ვენის მერიის კულტურის დეპარტამენტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ მასკულტურის მომძლავრების მიუხედავად, კლასიკური მუსიკა ისევ პოპულარული გახდება, თუკი მის მოსმენას ვისწავლით. ამ პრინციპზეა აგებული სწორედ “მუსიკის სახლი” – მულტიმედიური და ინტერაქტიული ექსპოზიცია, რომელიც არა მარტო ავსტრიულ მუსიკას, რამდენადაც, საერთოდ, ბგერებს, ხმას ეძღვნება

[ხმა. მარში და სხვადასხვა მუსიკა]

ასეთი მუსიკით ხვდება დამთვალიერებელს მუსიკის სახლი. მერე კი დამთვალიერებლის განკარგულებაშია კომპიუტერული მუსიკალური ატრაქციონები, სიბნელეში ჩაძირული ექსპოზოცია, სადაც მხოლოდ ხმაურებს გაიგონებთ – ტოკიოს მეტროს, ბრიოდვეის, სანმარკოს მოედნის ხმოვან სურათებს, ხველებას, ქაღალდის შრიალს – ხმებს, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია აღარ ვაქცევთ ყურადღებას..არა და სწორედ ეს ხმაურები გახდა მეოცე საუკუნის დიდი კომპოზიტორების – ბერგის, შიონბერგის შთაგონების წყარო. Aასეთ ხმებს ყური თუ მიაჩვიეთ, შესაძლოა სერიოზული, ავანგარდული მუსიკაც შეიყვაროთ

[ხმაური. “წითელი ოთახი”]

მუსიკა ყოფითი სამყაროს ბგერებიდან იბადება, მაგრამ მუსიკა შეიძლება დაინახო კიდეც. იახ, მუსიკა დაინახა იმ ხალხმა, ვინც ვენის მუსიკის სახლში, მოცარტის, ბეთჰოვენის, მალერის, შტრაუსის ოთახები მოაწყო.

ყველა კომპოზიტორს თავისი გარემო შეუქმნეს. ეს არ არის სახლ-მუზეუმი, ეს სწორედ მუსიკის ინტერპრეტაციაა დიზაინში. ვენის “მუსიკის სახლში” შეიძლება არ ყოფილხართ, მაგრამ ცოტაოდენ ფანტაზიას თუ ჩართავთ, აუცილებლად დაინახავთ სივრცეს, რომელიც თუნდაც მოცარტის უკვდავ მუსიკას უხდება

[მოცარტი]

“მუსიკის სახლის” ყველაზე სახალისო ექსპონატი – “ვირტუალური დირიჟორია”. დააჭერთ ღილაკს, ეკრანზე დაინახავთ ორკესტრს, რომელიც ელოდება თქვენს განკარგულებას. ხელში იჭერთ დირიჟორის ჯოხს და იწყებთ.. ორკესტრი ზუსტად ისე დაუკრავს, როგორც თქვენ უდირიჟორებთ. ერთია მხოლოდ – შეიძლება პუბლიკამ (ასევე ვირტუალურმა) სტვენა აგიტეხოთ და თქვენი ნიჭი არ დააფასოს.

[ვირტუალური დირიჟორი]

თუმცა ვენა მხოლოდ კლასიკურ მუსიკას არ უწევს პროპაგანდას. ვენაში ყველანაირი კარგი ხელოვნება ფასობს. მათ შორის ქართულიც. რას აკეთებენ ვენაში დღეს ჩვენი თანამემამულეები, ქართველი მხატვრები, ამის შესახებ კვირას, ჩვენს კულტურულ მიმოხილვაში გიამბიობთ.

გიორგი გვახარია, რადო თავისუფლება, ვენა



ინტერვიუ ინგა ჭოლოკავასთან

ბიძინა რამიშვილი:
ამ დღეებში რადიო თავისუფლების სტუდიაში გვეწვია ქართველი სტუდენტი ინგა ჭოლოკავა, რომელიც გერმანიაში, ჰამბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს და პრაღაში რამდენიმე დღით ჩამოვიდა. მას მეათე სტუდიაში მარიამ ჭიაურელმა უმასპინძლა და თავდაპირველად ჰკითხა, როგორ აღმოჩნდა ჰამბურგში.

იხ. აუდიოვერსია

ბიძინა რამიშვილი:
მსოფლიო ჰამბურგში გაიცნო ქართველმა გოგონამ, ინგა ჭოლოკავამ - ჰამბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელიც ამ დღეებში, პრაღაში ყოფნისას, მეათე სტუდიაშიც გვეწვია. მას მარიამ ჭიაურელი ესაუბრა.



ფიფამ ზინედინ ზიდანი და მარკო მატერაცი დასაჯა

ბიძინა რამიშვილი:
”მეათე სტუდიის” წინა გამოშვებაში ვისაუბრეთ ინციდენტზე, რომელიც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის ბოლო წუთებზე მოხდა და რომელმაც ფეხბურთის თაყვანისმცემლები ერთგვარ შოკში ჩააგდო. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, ზინედინ ზიდანმა, იტალიის გუნდის მცველს, მარკო მატერაცის, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მკერდში თავის დარტყმით უპასუხა, რის გამოც ფრანგ ფეხბურთელს მსაჯმა წითელი ბარათის ჩვენებით მოედანი დაატოვებინა. ერთი კვირის წინ, ”მეათე სტუდიის” გამოშვებაში ამ ინციდენტის ინტერპრეტაციებს შევეხეთ, და ვისაუბრეთ იმ კულტურულ, ეთნიკურ, თუ გენდერულ სტერეოტიპებზე, რომლებიც ზიდანის საქციელის ინტერნპეტაციებმა სხვადასხვა სფეროში მომუშავე ანალიტიკოსებს - კულტუროლოგებს, ფსიქოლოგებს, თუ სხვებს - გაახსენა. ამ სიუჟეტის, ისევე, როგორც რადიო თავისუფლების სხვა გადაცემების, მოსმენა ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ, რომლის მისამართია tavisupleba.org.

დღეს კი გეტყვით, რომ 20 ივლისს ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ჩადენილი ქმედების გამო, ზინედინ ზიდანი 6 ათასი ამერიკული დოლარით დააჯარიმა, და მას სამ მატჩში თამაში აუკრძალა. ეს სასჯელი ფეხბურთის სპეციალისტებს არ გაკვირვებიათ - პირიქით, მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ეს დიდწილად სიმბოლური სანქციაა ზიდანისთვის, რომელიც ფინალური მატჩის შემდეგ პროფესიული ფეხბურთიდან წავიდა. სპეციალისტების ყურადღებას უფრო ინდციდენტში მონაწილე მეორე ფეხბურთელის, მარკო მატერაცისთვის დაკისრებული სასჯელი იპყრობს. მატერაცის ფიფამ ორ მატჩში აუკრძალა თამაში, და 4 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ექსპერტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ მატერაცის დასჯა პრეცედენტს ქმნის - რომ სიტყვიერი პროვოკაცია, რომელიც აქამდე დიდწილად მამაკაცური სპორტის სახეობების განუყოფელ ნაწილად მიიჩნეოდა, დღეს უკვე მიუღებელი და სასჯელს იმსახურებს. ფეხბურთის ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ფიფას ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს.

თუმცა ეს მომავლის საქმეა. ამ ეტაპზე კი ის არის ცნობილი, რომ ფიფას დისციპლინარულ კომიტეტს ზინედინ ზიდანისთვის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო არ ჩამოურთმევია - როგორც ამას ბევრი ელოდა. მეტიც - ფიფას წარმომადგენლების თქმით, ეს საკითხი საერთოდ არ გამხდარა კომიტეტის განხილვის საგანი. ზინედინ ზიდანი - ან, როგორც მას თაყვანისმცემლები უწოდებენ, ზიზუ - ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დარჩა, რამაც ეჭვგარეშეა ძალიან გაახარა ზიდანის ქალაქის, მარსელის მაცხოვრებელი ბავშვები:

[ბავშვების ხმა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, სალომე ასათიანმა და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG