Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის პრესიდან ამჯერად თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ყველაზე ცნობილ მოვლენებს. სანკტ-პეტერბურგში გამართული “დიდი რვიანის” სამიტის ექო ქართულ გაზეთებში კვირის ბოლომდე ისმოდა.




გაზეთი ”24 საათი”, მაგალითად, წერდა, რომ ისრაელისა და ლიბანის კონფლიქტმა, რუსეთის მიერ ნავთობისა და გაზის სტაბილურმა მიწოდებამ, ჩრდილოეთ კორეის გამწვავებულმა საკითხმა შთანთქა საქართველოს თემა. საქართველო და კონფლიქტები პირადად პუტინისთვის უკვე პრესტიჟის საგნად იქცა და საეჭვოა, მას რაიმე დაეთმო თავისი ამერიკელი კოლეგისათვის, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელებს სულ უფრო სჭირდებათ პუტინი. ამის დადასტურება იყო ის, რომ ბუშმა ვერ გაბედა პუტინის გაკრიტიკება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ნაკლებ სავარაუდოა, ისეთი ფუნდამენტური ძვრა მოხდეს ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო გააქტიურება,” - ეწერა ”24 საათში”.

ბუნებრივია, პრესა ეხება პარლამენტის დადგენილებას საქართველოს კონფლიქტურ ზონებში მოქმედი სამშვიდობო ძალების შესახებ. “დადგენილება პოლიტიკური ნების გამოხატვის გაგრძელებაა და წინამორბედი დადგენილებებისაგან არაფრით განსხვავდება,” - წერდა გაზეთი ”ხვალინდელი დღე”. ”ვადის ამოწურვის შემდეგ ხელახლა ფასდება სიტუაცია, რომელიც კონფლიქტის ზონებში რუსი სამშვიდობოების ირგვლივ არსებობს. შეფასება მკვეთრად უარყოფითია, რაც საქართველოს ტერიტორიიდან მათი უსწრაფესად გაყვანის მოთხოვნას ამძაფრებს,” - აქვეყნებდა ”ხვალინდელი დღე” პარლამენტის წევრის, დავით ბაქრაძის, სიტყვებს. ”სამშვიდობოებს საკმაო ვადა ჰქონდათ, რათა ვითარება გამოესწორებინათ. მათი მონაწილეობით იგეგმება ტერორისტული აქტები, მათივე ხელშეწყობით ხდება ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია. ეს ყოველწუთიერი საფრთხეა ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისათვის. ასეთ უმძიმეს ვითარებაში გრძელვადიანი იურიდიული პროცედურების ლოდინი გამორიცხულია,” - ეს უკვე დეპუტატ გივი თარგამაძის სიტყვებია ”ხვალინდელ დღეში”. იგივე გაზეთი ბეჭდავს ოპოზიციის წარმომადგენელთა კომენტარებს. ”როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ არსებობს სამშვიდობო გეგმა და ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებს, სამშვიდობოების გაყვანაზე საუბარი არალოგიკურია. ხელისუფლება სამშვიდობოების გაყვანაზე არ ფიქრობს და ეს ყველაფერი წმინდა წყლის პროპაგანდაა,” - აცხადებს ”ხვალინდელ დღესთან” ინტერვიუში დეპუტატი დავით ზურაბიშვილი.

რაც შეეხება შაბათის, 22 ივლისის, პრესას, აქ მთავარია ორი საკითხი: რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის ჩაშლა და ცვლილებები საქართველოს მთავრობაში.
გაზეთი ”ალია” აქვეყნებს ვერსიებს ჩაშლილი შეხვედრის შესახებ: ”მოსკოვს ის წინადადებები არ მოეწონა, რომელიც სააკაშვილს პუტინისთვის ჩაჰქონდა. ეს იყო ცხინვალისა და სოხუმის სამშვიდობო გეგმა. თბილისი მზად იყო, ცხინვალისთვის ისეთივე უფლებები მიენიჭებინა, რაც რუსეთში აქვს ჩრდილოეთ ოსეთს: ანუ ცენტრსა და რეგიონს ეყოლება ერთიანი ჯარი, ექნება საერთო ფულის ნიშანი, ერთიანი მოქალაქეობა. სამაგიეროდ, დემოკრატია და არჩევნები იქნება ადგილობრივი. რუსეთი ამ წინადადებებზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდა.”

“ხაინდრავას მოხსნის 5 მიზეზი” - ასე ჰქვია 22 ივლისის “რეზონანსის” წერილს. აი, ეს 5 მიზეზიც: ”ხაინდრავა ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი გახლდათ, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან სალომე ზურაბიშვილის წასვლისას ამ უკანასკნელს გამოუცხადა თანადგომა. ხაინდრავა ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ღიად ითხოვდა შსს მაღალჩინოსანთა დასჯას. მან, ხელისუფლებიდან ერთადერთმა, მკაცრად გაილაშქრა ბათუმში გაყიდული სასტუმროებიდან დევნილთა ძალით გამოყრის წინააღმდეგ. ხაინდრავამ მკაცრად გააკრიტიკა სამხედრო პოლიცია და თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე დღის წინ ევნევიჩთან დაკავშირებული ინციდენტის გამო. და, ბოლოს, ალბათ, ის ფაქტიც, რომ გოგა ხაინდრავას ძმა, ივლიანე ხაინდრავა, საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია, სახელისუფლებო წრეებში სერიოზულ გაღიზიანებას იწვევდა.”
XS
SM
MD
LG