Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


დასავლეთის პრესაში - მთელი გასული კვირის მანძილზე - ერთი თემა დომინირებდა: კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში. თუმცა, ჟურნალისტთა ყურადღება, ბუნებრივია, არა მარტო ისრაელსა და მოძრაობა “ჰიზბოლაჰს” შორის დაპირისპირებისაკენ იყო მიმართული, და რამდენიმე პუბლიკაცია საქართველოსაც მიეძღვნა.

ჯერ “ნიუ-იორკ ტაიმსში” დაბეჭდილ სტატიას გაგაცნობთ, რომელიც ნატოში გაწევრიანების სურვილს ეხება. ამ კონტექსტში დასახელებულია 5 ქვეყანა: საქართველო, ხორვატია, მაკედონია, ალბანეთი, უკრაინა. ხორვატიას -სტატიის ავტორი ნიკოლას ვუდი “ფავორიტს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ბევრი უწინასწარმეტყველებს ნატოში 2008 წლისთვის გაწევრიანებას. სწორედ ხორვატიაში ივლისში გაიმართა საგანგებო შეხვედრა ხუთივე ზემოჩამოთვლილი ქვეყნის, აგრეთვე ნატოს, შეერთებული შტატებისა და ევროპის ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობით. ამ შეხვედრაზე აშკარად გამოიკვეთა სხვადასხვა დამოკიდებულება ნატოს გაფართოების მიმართ. შეერთებულ შტატებს, ვკითხულობთ სტატიაში, ნატოს გაფართოება სურს. მაგრამ კონფერენციის ამერიკელმა მონაწილე დანიელ ფრიდმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა, ნატოს ევროპელ წევრებში ენთუზიაზმის ნაკლებობაზე მიუთითა. დანიელ ფრიდი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ აპათია,რომელიც ევროკავშირში მისმა გაფართოებამ გამოიწვია, გარკვეულწლია ნატოზეც გავრცელდა.
საქართველოსთან დაკავშირებით ნიუ-იორკ ტაიმსში მოყავნილია შეფასება, რომ მისი (საქართველოს) ნატოში გაწევრიანებით შეერთებულ შტატებს წარმოესახება ალიანსი, რომელიც სტრატეგიულ როლს შეასრულებს კავკასიაში - ეს ხელს შეუწყობდა დასავლეთის ინტერესებს კონკურენციაში ნავთობის და გაზის რესურსების გარშემო, შექმნიდა დასაყრდენს ახლო აღმოსავლეთის მახლობლად. მაგრამ ხორვატიაში გამართულ კონრფენციაზე ითქვა ისიც, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა, უწინარეს ყოვლისა გერმანია, საფრანგეთი და კანადა სკეპტიკურად აფასებენ ალიანსის საზღვრების ასე შორს გადატანის პერსპექტივას. გარდა ამისა, საკუთრივ საქართველოს საზღვრებია საკამათო - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სეპარატისტების პოზიციის გამო. საქართველოს მეზობლად კი - აზერბაიჯანი და სომხეთი ვერ აგვარებენ დაპირისპირებას.
როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, ჰოლანდიელი ბერტ კოენდერსი აღნიშნავს, ნატოს ზოგი წევრი ფიქრობს, რომ შეერთებულ შტატებს მეტისმეტად სწრაფად სურს ალიანსის გაფართოება - თავისი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. საერთოდ კი, კოენდერსი სავსებით ემხრობა ნატოში საქართველოს მიღებას, ვკითხულობთ “ნიუ-იორკ ტაიმსში”.
თუ ეს სტატია, საქართველოს ნატოსთან ურთიერთობას ეხება, გერმანიაში გამომავალი “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი” სტატიას ბეჭდავს რუსეთთან საქართველოს ურთიერთობაზე. სტატიაში სათაურით “რუსეთმა სპერატისტული პროვინციები უნდა დატოვოს” მკითხველს აწვდიან ინფორმაციას თბილისში პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რუსი მშვიდობისდამცველების აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გაყვანის შესახებ. მოსკოვში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთი “მოსკოუ ტაიმსი” კი აქვეყნებს საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” ორი კორესპონდენტის სტატიებს ტურისტულ სეზონზე აფხაზეთში - კერძოდ, რუს დამსვენებლებზე, რომლებიც, მართალია, კონფლიქტის ზონაში ისვენებენ, მაგრამ მაინც კმაყოფილი არიან - პირველ რიგში, მათდამი კეთილგანწყობისა და იაფი ფასების გამო.
მიუნხენში გამომავალი გაზეთი “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” კი რუსეთის სეპარატისტულ პრობლემაზე წერს. სტატიაში სათაურით “ამნისტია, რიგით მეშვიდე” ვკითხულობთ, რომ ამნისტიები, სიტუაციისდა მიხედვით, შეიძლება სიძლიერის ნიშანც იყოს, და სისუსტისაც. “ახლახანს რუსეთის ხელისუფლებამ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი დანიელ ბრიოსლერი, “ჩეჩენი მებძროლებისთვის ამნისტიის შესახებ გამოაცხადა და ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ნაბიჯი სიძლიერის ნიშნად უნდა ჩავთვალოთ. შამილ ბასაევის - დიდხანს ძებნილი “ნომერი პირველი ტერორისტის” - სიკვდილის შემდეგ რუსეთი შიშის მომგვრელი მოწინააღმდეგისაგან გათავისუფლდა....” მაგრამ, როგორც ზიუდდოიჩე ცაიტუნგში ვკითხულობთ, დაკვირვებული მზერა უფრო რთულ სურათს ამოიცნობს: ამნისტიაში ახალი არაფერია - ჩეჩნეთის კონფლიქტის კონტექსტში. მთლიანობაში ამნისტიების რიცხვმა უკვე 7ს მიაღწია. მარტო სამი - 1999ტ წელს ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყების შემდეგ გამოცხადდა. ბოლო ამნესტია სამი წლის წინ - საკმაოდ ურცხვად გაყალბებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის “აღსანიშნავად”. მაშინ ჩეჩნების, ვითომდა, დიდი უმრავლესობა მიემხო რუსეთის ფედერაციაში დარჩენას. ამნისტიის წარმატება მოკრძალებული იყო: გაზეთ კომერსანტის შეფასებით, 200მდე მებრძოლმა თუ დაყარა იარაღი. უფრო დამაჯერებელი იქნება თუ არა უახლესი ამნისტია, მაებმოხეების ცალკეულ შენაერთებზეა დამოკიდებულიო”- წერს “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯერ არ არის ნათელი, რას სთავაზობს უახლესი ამნისტია ჩეჩენ მეამბოხეებს - იარაღის დაყრის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG