Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუძლია თუ არა საერთაშორისო სამშვიდობო ჯარს სამხრეთი ლიბანის სტაბილიზება?


როცა ლიბანის სამხრეთში შექმნილ ვითარებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ იქ საერთაშორისო სამშვიდობო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა.

ამ ინიციატივით გასულ კვირაში გამოვიდნენ გაეროს გენერალური მდივანი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. საინტერესოა, რომ ამ საკითხში პირველად განაცხადა თანხმობა ისრაელმაც.

მაგრამ ერთია შეთანხმება და მეორეა ქმედითუნარიანი სამშვიდობო ძალების ჩამოყალიბება და მის მიერ ამოცანის წარმატებით შესრულება.

ჯერ ერთი, გაეროს უკვე ჰყავს ლიბანში ორიათასკაციანი სამშვიდობო კონტინგენტი. ფაქტობრივად, ის იქ მეოთხედ საუკუნეზე მეტ ხანს იმყოფება. მაგრამ გაეროს ეს ჯარები ვერაფერს აკეთებს უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების შესაწყვეტად და მშვიდობის დასაცავად.

ეს გასაგებიცაა ამ სამშვიდობო კონტინგენტის ბუნებიდან გამომდინარე. მოუსმინეთ გაეროს წარმომადგენელს, მილოშ სტრუნგას:

[სტრუნგას ხმა] "ლიბანში გაეროს დროებითი ჯარები არ არიან აღჭურვილი პოლიციური უფლებებით და არც არასოდეს ყოფილან ამ უფლებებით აღჭურვილი 1978 წელს ლიბანში ისრაელის ინტერვენციიდან მოყოლებული. ჩვენ არ გვქონდა უფლება, რამე დაგვეძალებინა რომელიმე მხარისთვის. ეს უფლებები გაეროს უშიშროების საბჭოსგან არ მიგვიღია. მეორე მხრივ, ჩვენი მანდატი ძირითადად სამეთვალყურეო მისიას გულისხმობს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და ანგარიშს ვაბარებთ იმის შესახებ, რაც ხდება. ზუსტად ეს არის, რასაც ვაკეთებთ."

მაგრამ ეს საკმარისი არ არის დღევანდელ ვითარებაში. გასულ კვირაში დიდი რვიანის შეხვედრაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა წამოაყენეს წინადადება, სამხრეთ ლიბანში გაიგზავნოს უფრო დიდი, უფრო ძლიერი მრავალეროვანი საერთაშორისო სამშვიდობო ჯარი.

მისი ამოცანა იქნებოდა პატრულირება ბუფერულ ზონაში, რომლიდანაც გავიდოდა ჰიზბოლაჰის რაზმები და ამგვარად შეწყდებოდა ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშები.

კვირას ისრაელმა პირველად დაუჭირა მხარი ამგვარ ინიციატივას. თავდაცვის მინისტრ ამირ პერეცის თქმით, ახალ სამშვიდობო ჯარებს ნატომ ან ევროპის კავშირის ქვეყნებმა შეიძლება უხელმძღვანელონ.

ისრაელი ფიქრობს, რომ მომავალი ერთნახევარი კვირის მანძილზე იგი ჰიზბოლაჰის დასუსტებას შეძლებს და ამგვარად ნიადაგს შეუმზადებს საერთაშორისო კონტინგენტს.

მოუსმინეთ ლონდონელ ექსპერტს ნილ კილიანს: [კილიანის ხმა] "ალბათ ჰიზბოლაჰი საკმარისად დასუსტდება საიმისოდ, რომ ისრაელი დათანხმდეს სამშვიდობო ძალებს ძირითადად ევროპელთა მეთაურობით. მას ექნება შემდეგი მანდატი: პირველი - გააკონტროლოს საზღვარი, მეორე - განაგრძოს ჰიზბოლაჰის განიარაღება და მესამე - ითანამშრომლოს ლიბანის მთავრობასთან და დაეხმაროს მას მისი სუვერენიტეტის გაფართოებაში ქვეყნის სამხრეთ საზღვრებამდე."

მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ნატომ იოლად შეძლოს კონსენსუსის მიღწევა ლიბანში სამშვიდობო ძალების გაგზავნის თაობაზე, ვინაიდან ამ მომენტისთვის მას ისედაც დიდი ტვირთი აწევს.

ამჟამად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავისი ყველაზე დიდ და ყველაზე სახიფათო მისიისთვის ემზადება. ივლისის ბოლოდან ნატო ავღანეთში იწყებს თავისი კონტინგენტის 16 ათასამდე გაზრდას და ქვეყნის სამხრეთის გაკონტროლებას შეუდგება.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისიც, ევროპელთაგან ვინ შეიძლება უხელმძღვანელოს ლიბანის სამშვიდობო კონტინგენტს და ვინ გაგზავნის მასში ჯარებს.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ამჟამად რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ირანთან მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და ისინი შეეცდებიან არ გაიფუჭონ ურთიერთობები თეირანთან, რომელიც ჰიზბოლაჰის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია.
XS
SM
MD
LG